მედიის კონტროლი – გათიშე და იბატონე

მედიის კონტროლი
შესავალი

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სადაც სოციალური მედია და ინტერნეტი ინფორმაციის დომინანტურ წყარებად იქცა, კლასიკურმა მედიამ მაინც შეინარჩუნა მყარი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მეტიც საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ახალ ამბებს სწორედ ტელევიზიით ეცნობა. ჩვენ, მოქალაქეები, სიახლეების გასაგებად და დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად სოცმედიასთან ერთად მეტწილად სწორედ კლასიკურ მედიაზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, მედიას შესწევს უნარი შექმნას ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი, გამოიწვიოს ცვლილებები და ამბები ისტორიებად აქციოს. სწორედ ამიტომ, ისინი, ავტორიტარული მთავრობების მხრიდან ხშირად ექვემდებარებიან მანიპულირებისა და კონტროლის მცდელობებს, პირდაპირ ცენზურას და რიგ შემთხვევებში შანტაჟსა და სამართლებლივ დევნასაც კი.

ცხადია, ავტორიტარულ რეჟიმებს ბევრი საერთო აქვთ და ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი ცდილობს დაახშოს თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცე და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ხედვით კონსტრუირებული რეალობა შექმნას, მათი ერთერთი მთავარი საზიარო მახასიათებელია. ხშირ შემთხვევაში ავტორიტატული რეჟიმები მედიის თავისუფლების შეზღუდვის ორ გზას ირჩევენ: მედიის მიტაცება ბიზნეს გარჩევებით და ხმამაღალი ჟურნალისტების დაშინება ან თუნდაც მკვლელობა. როგორ ახერხებენ ავტორიტარული რეჟიმები ამ მეთოდების წარმატებით გამოყენებას? როგორაა შესაძლებელი კლასიკური მედია იყოს გამოყენებული დეზინფორმაციის მძლავრ ინსტრუმენტად? მედიასაშუალებებზე კონტროლის დამყარების რა მეთოდები არსებობს? სტატიაში სწორედ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს და რეალურ მაგალითების მეშვეობით ვეცდებით დავინახოთ, თუ რამდენად თავისუფალია მედიასივრცე საქართველოში.         

ნიჭიერი “ტელე-გმირი”- ს წარმატებაზე

რუსეთში, პუტინის რეჟიმი, როგორც ავტორიტარული რეჟიმების ფლაგმანი უკვე ათწლეულებია არამხოლოდ წარმატებით ზღუდავს მედიათავისუფლებას, არამედ მარჯვედ იყენებს მედიას მძლავრი დეზინფორმორმაციის ინსტრუმენტად. „მუდამ მთვრალი ელცინის მერე, ის ახალგაზრდა ლიდერი იყო, რომელსაც სწორ ხაზზე გავლა შეეძლო“,  ასე აღწერა პიტერ პომერანცევმა ახალგაზრდა, ამბიციური და საეჭვო მორალური ღირებულებების ლიდერის ხელისუფლების სათავეში გამოჩენა, რომლისთვისაც მედიის მნიშვნელობა თავიდანვე ცალსახა იყო – „პუტინი ტელე-გმირია. როცა ის პრემიერი გახდა ის არაფერს წარმოადგენდა. პირველი, რაც მან გააკეთა, ტელევიზიებზე კონტროლის მოპოვება იყო. ის ტელეპროექტია“, – ეუბნება მოპერანცევი “ამერიკის ხმა” -ს. 

თუ როგორ ჩააბნელა ვოვამ მორდორი, გრძელი, ადამიანის უფლებების შეზღუდვით, უკანონო ქმედებებითა და გვამებით სავსე ისტორიაა, სადაც ბოროტება იმარჯვებს და ამას ტელევიზიით გატყობინებს. თუმცა, ამავდროულად, ეს ისტორია უმნიშნველოვანესია ჩვენი ქვეყნის რეალობაში არსებული ანალოგიების აღსაქმელად და იმის გასააზრებლად, თუ რა საფრთხე ემუქრება ქართული მედიის თავისუფლებასა და  ქართული სახელმწიფოს დემოკრატიას.

ცვლილებები ჯერ კიდევ 2000 წლიდან, ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებით დაიწყო. დამოუკიდებელი მედია კომპანია “ენტივის” სახელმწიფო ინსტიტუტის, „გაზპრომ მედიას” საკუთრებაში გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო, ამ ქმედებით პუტინმა დაიქვემდებარა კრიტიკულად განწყობილი მედია – თან ისე, რომ ეს ამბავი ბიზნეს საკითხად წარმოაჩინა. ამ დროს უკვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ ახალი მთავრობა არ ხუმრობდა და კრიტიკული მედიის განეიტრალება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. 

„ენ-ტე-ვეს“ რეიდს მედიის სახელმწიფოს ხელში მონოპოლიზება და 90-იანი წლების ოლიგარქების წინააღმდეგ დევნის კამპანია მოჰყვა. 2003 წელს, პრეზიდენტთან შეხვედრისას, ოლიგარქმა მიხაილ ხადარკოვსკიმ პუტინი გააკრიტიკა, ის მალევე დააკავეს და ნავთობ-წარმოებაში მისი აქტივები ჩამოართვეს. ხოდორკოვსკიმ ციხეში 10 წელი დაჰყო. 

რეჟიმმა მტრებად არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ოლიგარქები, არამედ ნებისმიერი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი შერაცხა. მრავალი მედია წარმომადგენლის სიცოცხლე შეეწირა მედია შეზღუდვებთან და კრემლის მიერ კონტროლის დამყარების მცდელობებთან ბრძოლას. მათ შორის ალბათ ყველაზე ცნობილი ანა პოლიტკოვსკაიას ამბავია – რუსი ჟურნალისტის, რომელსაც საერთაშორისო აღიარება „ნოვაია გაზეტაში“ ჩეჩნეთის ომის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიებმა მოუტანა.

„ჩვენ უკან, საბჭოთა უფსკრულში მივექანებით. საინფორმაციო ვაკუუმში, რომელიც, ჩვენივე უგუნურობის გამო, სიკვდილს გვიქადის“ – ანა პოლიტკოვსკაიამ ეს სიტყვები 2004 წელს დაწერა წიგნში „პუტინის რუსეთი“. „მხოლოდ ინტერნეტი დაგვრჩა, სადაც ინფორმაცია ჯერაც თავისუფლად ვრცელდება. ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ჟურნალისტად გინდა რომ იმუშავო, ტოტალურად უნდა დაემორჩილო პუტინს. თუ არა და გელის სიკვდილი, ტყვია, საწამლავი ან სასამართლო – რასაც ჩვენი სპეცსამსახურები, პუტინის ქოფაკები ჩათვლიან საჭიროდ“.

“ურჩი” მსხვილი მედია

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, 2015 წელს დაიწყო, როდესაც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა – ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული სარჩელით მიმართა. ხანგრძლივი პროცედურების შედეგად, 2019 წლის 18 ივლისს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მესაკუთრე გახდა, რასაც მის მიერ არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას, გათავისუფლება მოჰყვა. ნიკას ადგილას ხალვაშმა საკუთრი ადვოკატი, პაატა სალია, დანიშნა. 

არხის მფლობელის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, მიუხედავად დანაპირებისა და სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებისა, უზრუნველეყო ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა, ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტების ნაწილი გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა და შედეგად 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა არხი დატოვა. 

ტელეკომპანიიდან წამოსული ჟურნალისტების ნაწილმა “რუსთავი2”-ის ყოფილი გენდირექტორის მიერ ახლად დაფუძნებულ ტელევიზია „მთავარ არხზე“ და  მეორე, ასევე ახალ მაუწყებელზე ტვ “ფორმულაზე” დაიწყო მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში კი ხელისუფლების სამიზნე სწორედ ეს არხები გახდა, “ტვ პირველთან” ერთად. 

პროკურატურამ ამის შემდგომაც არაერთი საქმე აღძრა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიამენეჯერებისა, თუ მფლობელების წინააღმდეგ. მათ შორის, ბრალი წარუდგინა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელსა და გენდირექტორს, ნიკა გვარამიას და 2022 წელს აბსურდული ბრალდებით დაიჭირა კიდეც. 

სასამართლოს პირველ ინსტანციას ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა და საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა, ხოლო 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე – ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია საბოლოოდ ცნეს პოლიტ პატიმრად და ის პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა, “მთავარი არხისა” და მთავრობის რთული ურთიერთობა კიდევ მრავალ ეპიზოდს მოიცავს. მათ შორისაა არხის თანადამფუძნებლისა და დამფინანსებლის, გიორგი რურუას დაკავება საეჭვო ბრალდებით, რომელიც მოგვიანებით დაუმძიმეს, რაც პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად შეფასდა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არამართლზომიერად შეეზღუდა კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები. თუმცა,  სასამართლომ  აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა და 4 წლით თავისუფლება აღუკვეთა.

სარედაქციო პოლიტიკაში მწვავე ჩარევის მცდელობად არის მიჩნეული ხელისუფლებასა და “ტვ პირველს“ შორის მიმდინარე პროცესები. ჯერ კიდევ 2018 წელს ტელევიზიის წარმომადგენელი საუბრობდა ხელისუფლებიდან მომდინარე “შემაშფოთებელ სიგნალებზე”, რომელიც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ეხებოდა. 2019 წლის ზაფხულში კი ტელევიზიის დამფუძნებლის მამას – ავთანდილ წერეთელს, ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იზიარებენ ტელევიზიის მფლობელის, ვახტანგ წერეთლისა და ჟურნალისტების შეშფოთებას, რომ მიმდინარე გამოძიება კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. 

2020 წლის 21 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,  ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე, ორი კაცი დაემუქრა, რომ თუ ტვ “პირველი” კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა, მასზე შურს იძიებდნენ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიხურა ტელეკომპანია „იბერია“, რასაც წინ ხელისუფლების მიერ არხის დაფინანსების მთავარი წყაროს – „ომეგა ჯგუფის“, დაყადაღება უძღოდა.

„ბესპრიძელი“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები. 

მათი განცხადებით, აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკის ქონისა, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე განცხადებების და მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაუსჯია, საქმე დღემდე გამოუძიებელია, დაშავებულებიდან ნაწილს კი დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მინიჭებიათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მუქარისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელსაც ჯერ “ქართული ოცნების” ბოლნისის საკრებულოს წევრი დაემუქრა. ხოლო რამდენიმე კვირაში მარნეულში ჯეიჰუნს და გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა დაუზიანეს. იმავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სახიფათო ტენდენციის სახეს იღებს ქართული პუტინისტური (ულტრამემარჯვენე) ჯგუფების, მათ შორის პარტიად გარდაქმნილი “ქართული მარშის” წევრების მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ქმდებებზე არასათანადო რეაგირება კი, დამატებით ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას ქვეყანაში. 

5 ივლისი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, რომლის დროსაც მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. ხელისუფლება არ ახდენდა ძალადობის ფაქტების პრევენციას, არც პროცესში აღკვეთას და ამ ძალადობრივი მოწოდებებისა და უშუალოდ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არც შემდგომ დაუკავებიათ ვინმე. 

შედარებისთვის, სპეცრაზმი და პოლიცია არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს 20 ივნისს, სადაც აქციის 350 მონაწილე დააკავა. 

5 ივლისის შემდეგ, ჟურნალისტები – განსაკუთრებით კრიტიკული ტელევიზიებიდან, როგორებიცაა „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ – ხშირად ეჯახებიან აგრესიას.

„ფაქტია, რომ ძალიან წახალისდა ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. როცა ხედავენ, რომ არავინ ისჯება 5 ივლისის გამო, ისინიც უფრო თამამები ხდებიან“, – ამბობს დეა მამისეიშვილი.

ის იხსენებს შემთხვევებს, როცა მანქანამ ჩაუარა მძღოლის უხეში შეძახილით; როცა ყალბი ანგარიშებიდან ფეისბუკზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო; როცა გადაღებაზე უცნობმა ადამიანმა აგრესია გამოხატა. ეს ფაქტები 5 ივლისის შემდეგ მოხდა.

“რატომ მეტი არ ურტყეს! თუკი ამდენი ურტყეს, მეორე დღეს როგორ ილაპარაკა?! საცემია!” – ასეთ კომენტარებს იღებდა რატი წვერავა ფეისბუკზე, ულტრამემარჯვენე კომენტატორებისგან.

„რუსულ სიტყვას ვიხმარ, იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან კარგად აღსაქმელია ეს ენა – „ბესპრიძელი“ ხდება“, – ამბობს ნოდარ მელაძე და მაგალითად მოჰყავს ინციდენტი, როცა ლევან ვასაძის პარტიის წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საშუალებას არ აძლევდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომ ინტერვიუ ჩაეწერა.

„ეს ხდებოდა სუს-ის შენობის წინ და რეაგირება იყო ნოლი“, – ამბობს მელაძე.

„მარგინალიზება მოხდა ჩვენი პროფესიის“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიკა გოცირიძე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და განაგრძობს: „იმდენად მძიმედ აღვიქვამ, რომ რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ აღარ ღირს, ამხელა ენერგია და დრო დავუთმო პროფესიას, რომელიც არის ასეთი დაუფასებელი და ხშირ შემთხვევაში ადამიანები შეურაცხყოფას გაყენებენ იმის გამო, რომ ასრულებ შენს პროფესიულ მოვალეობას“.

20 ივნისის შემდეგ საკუთარ პროფესიაზე უარი თქვა ეკა აბაშიძემ. ჟურნალისტმა, რომელსაც გავრილოვის ღამეს თითო მკლავში თითო ტყვია მოხვდა. საიას დახმარებით ოთხ წლიანი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ შსს-ს ეკასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა 3000 ლარის ოდენობით. მაშინ, როდესაც მიღებული დაზიანებებისა და გამოვლილი სტრესისთვის მომჩივანი 25 000 ლარს ითხოვდა. ეკას თქმით, დაზარალებულადაც შემთხვევიდან დაახლოებით 2 წელიწადში აღიარეს. პროცესი ყველა თითიდან გამოწოვილი მიზეზით გადადეს და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაც შესაძლოა გაიწელოს, რადგან შსს მის გასაჩივრებას აპირებს. 

კუდიანებზე ნადირობა

კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის თანახმად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც მოწოდებულია მედიაპლურალიზმის დაცვის, მედიაში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს, ხოლო მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლებს შესაბამისი სანქციები დააკისროს. 

ეუთოს 2018 წლის წინასაარჩევნო ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისია საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას ყოველთვის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მიდგომის დემონსტრირებას არ ახდენდა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მარეგულირებლის  კრიტიკის ობიექტივში არ ხვდებიან ისეთი მედიები, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, ასევე დეზინფორმაციის გავრცელების გამო ფიგურირებენ; მედიაკრიტიკა არც ხელისუფლებასთან აფელირებული Post TV-ის შესახებ მასალებს აფასებს, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მარეგულირებლის მედია პლატფორმის ავტორიც არის.

ხელისუფლების მსგავსად, კომუნიკაციების კომისიას გამოკვეთილად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაორგანიზაციების მიმართ. მარეგულირებლის მიერ დაფუძნებული მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულება მედიაკრიტიკაა, რომლის ფარგლებშიც მედიაპროდუქტების გაანალიზება და შეფასება ხდება. “მითების დეტექტორის” მიერ 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2020 წლის 7 ივლისის პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მედიაკრიტიკის მიერ “გამოქვეყნებული მასალებიდან კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილ მედიებს ეხება”

საბოლოო ჯამში ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი თუ ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღეს კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად იყენებს, გვაჩვენებს იმას, თუ რა გზას გადის ქართული თავისუფალი მედია და რამდენად საჭიროა სიმართლისთვის ბრძოლა. ტყუილში 70 წელზე მეტი ვიცხოვრეთ, სრულიად ფიქციურ, დიქტატორების მიერ კონსტრუირებულ ქვეყანაში. ახლა არჩევანი ჩვენზეა, მოვიტყუებთ კვლავაც თავს? თუ ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის.