
«შესავალში ვის მირჩევთ?», «საკონსტიტუციოში კობახიძე როგორია?», «მარტივად რომელ საგანს გავივლი?», «ირმა როგორ წერს ქულებს?» — სტუდენტები ბჭობდნენ, LMS-ი იცინოდაო. LMS-ი ის საიტია, რომლის დახმარებითაც თსუ-ს სტუდენტები საგნებს ვირჩევთ და ცხრილს ვალაგებთ, სინამდვილეში კი ის უბრალოდ ცუდი მეგობარია, რომელიც გადამწყვეტ მომენტში გღალატობს. მხოლოდ კი არ გღალატობს, მნიშვნელოვან დროს სადღაც უჩინარდება, ივიწყებს, რომ საიტია, რომელსაც სხვები აკონტროლებენ, აღარავის ემორჩილება და მაშინ ბრუნდება, როცა თავად მოუნდება.
თსუ-ში ძალიან ბევრი სტუდენტი ვართ. სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები განსხვავებულ დროს ვირჩევთ საგნებს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, 600 სტუდენტს 30 ადგილიან ჯგუფში მოხვედრა დაასწრო. აქ კი LMS-ი გახსენდება და ბედნიერი ხარ იმის ცოდნით, რომ იმ 600-დან ვერც ერთი ვერ აირჩევს სასურველ საგანს. ორი კვირით ადრე უნდა დაიწყო მოსაწონი ცხრილის შედგენა, საგნები კი ას გვერდიან ჩამონათვალში იპოვო. ხუთ საგანს რომ დაალაგებ, მეექვსეს ადგილს ვერ მოუძებნი, მეექვსეს ჩასვამ და აღმოაჩენ, თურმე სხვა საგნის სემინარზე გემთხვევა, იმ საგანს ვერ შეცვლი — სავალდებულოა, არადა ესეც გინდა… საგნების არჩევის დრო რომ მოვა, ამ ძლივს დალაგებულ ცხრილს გვერდით დაიდებ, საიტზე ორი წუთით ადრე შესვლას გადაწყვეტ და აღმოაჩენ, LMS-ი საერთოდ აღარ იძებნება. ცხრილიც გვერდზე დაგრჩება და ის იმედებიც, ამ გაპიწკინებულ ცხრილზე რომ ამყარებდი.
თსუ-ს სტუდენტებს თავიდანვე სპარტანული წესით გვზრდიან და ცხოვრების მძიმე კანონებს გვაჩვევენ: მკაცრი პროფესიული ეთიკა, ქულებზე არანაირი ტილაობა, გამოცდების მაღლივში ჩაბარება (დაწერა მაინც) და საგნების LMS-ით არჩევა. ამ უნივერსიტეტში სასწაულების არ გვჯერა, მაგრამ თუ LMS-ზე თავის დროზე გაიხსნა ასარჩევი საგნების ჩამონათვალი, სანამ რომელიმეს მოძებნი, მანამდე ყველა დაგასწრებს. რაღაც ერთი-ორი, სრულიად გაუგებარი საგანიღა დაგრჩება. როგორ? რანაირად? საიდან? ჩემი ცხრილი ნამდვილად არ ჰგავს იმ სტუდენტისას, რომელიც ამ კითხვებზე გიპასუხებს. ერთი შემიძლია გითხრა, საგნების არჩევისას ასეთი პრინციპი მუშაობს: «დროში პირველი — უფლებებში უპირატესი.» არავინ გადაგარჩენს და არც არავის შეეცოდები ამ დაუნდობელ ბრძოლაში, საგანსაც ვერავინ დაგითმობს, ვერ მოასწარი და სხვა საგანი უნდა მოძებნო. LMS-ს ცრემლების არ სჯერა. რთულია ცხოვრება.
არასდროს გექნება ისეთი ცხრილი, როგორიც ორი კვირით ადრე შეადგინე, მწარე რეალობაა, მაგრამ რაც უფრო მალე შეეჩვევი — მით უკეთესი. საგნების არჩევის ბრძოლაში ყოველთვის LMS-ი იმარჯვებს, მაგრამ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ, ბრძოლის ველი ღირსეულად როგორ უნდა დატოვო:
გქონდეს ცხრილის რამდენიმე ვარიანტი
სასურველი საგნების, ლექტორებისა და სემინარისტების არჩევა ისეთივე ამბავია, როგორც ჯეკპოტის მოგება — ყველას უნდა, მაგრამ იშვიათად ხდება. ცხრილის რამდენიმე ვარიანტი გქონდეს, უეცრად რომ არ დაიბნე და ამასობაში ყველა საგანი ცხვირწინ რომ არ აგაცალონ.
Refresh, Refresh, Refresh
თუ შეძლებ, LMS-ზე რამდენიმე წუთით ადერე შედი. ბოლო წუთებში კი საიტი არეფრეშე. ზუსტ დროზე შესვლას, პირადი მონაცემების შეყვანას იმდენი დრო მიაქვს, გამოცდილი სტუდენტი 2 საგანს აირჩევს უკვე.
წინასწარ გაიგე ადმინისტრაციის თანამშრომლის ნომერი
თუ მაინც და მაინც პირველკურსელი პინგვინი არ ხარ, ის უკვე გეცოდინება ადმინისტრაციაში მეილებს რომ არ კითხულობენ და ზარებსაც იშვიათად პასუხობენ. თუმცა, ადმინისტრაციის თანამშრომლის ნომერი აუცილებლად უნდა გქონდეს, რათა გაცეცხლებულმა დარეკო, მაგრამ მოკრძალებულად ითხოვო ჯგუფში შენთვის ადგილის დამატება. რასაც ან იზამენ, ან — არა!
ცხოვრება გრძელდება
ნებისმიერი შედეგისთვის მზად იყავი. ნერვიულობა რომ რამეს შველოდეს, წითელი ცხრილი აღარავის გვექნებოდა. არაუშავს, ხან ერთს გააცდენ, ხან მეორეს, სემინარისტსაც შეეჩვევი, რაღაცას იზამ და გაიყვან სემესტრს ბოლომდე. ყველა მაგ დღეში ვართ.
LMS-ზე ერთი რამ ვიცით, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს მის შესახებ გასარკვევი, რაღაც სხვა ფენომენია, ჯერაც ამოუცნობი, ცოტა თავნებაცაა, ცოტა დაბნეულიც, მაგრამ მაინც ყველას გვიყვარს. ისე, ბატონო გიორგი, ფინანსები არ მესმის, მაგრამ 80 მილიონზე მეტი ბიუჯეტით ერთი ნორმალური საიტი როგორ ვერ ვიშოვეთ?
ავტორი: თეკლა ხარაზიშვილი