როგორ მფარველობს ევროპა ხელოვნებასა და ხელოვანებს

მე მხატვარი ვარ, უმუშევარი  – თითქმის ჰაიკუ, უცნობი ავტორი.

ევროპა დიდი ხანია ხელოვანთა თავშესაფარია. იქ მათი შემოქმედება და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილი მნიშვნელოვნადაა დაფასებული – ანუ, შუაგულ ევროპაში “სახალხო არტისტი” ირონიულად ნათქვამი ფრაზა ნამდვილად არაა.

მთავრობები, ინსტიტუტები და საზოგადოებები მთელ ევროპაში აღიარებენ ხელოვნების მნიშვნელობას საზოგადოების ფორმირებაში და სოციალური ცვლილების პროცესში. შესაბამისად, ევროპელი ხელოვანები სარგებლობენ მრავალფეროვანი მხარდაჭერის სისტემებით, დაწყებული გრანტებითა და რეზიდენტურებით, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებით დასრულებული, რაც მათ საშუალებას და თავისუფლებას აძლევს, განვითარდნენ და კულტურის ფორმირებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

 

ხელოვნების ბედი ევროპაში

ევროპაში ხელოვნება განიხილება არა როგორც ფუფუნება, ან გართობა, არამედ როგორც საზოგადოებრივი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. ხელოვანები აღიარებული არიან, როგორც კულტურის შემქმნელები, რომლებიც არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ახალ იდეებსაც ქმნიან . ასეთმა მსოფლმხედველობამ განაპირობა ის, რომ დღეს ხელოვანებს და ხელოვნებას ძლიერი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. როგორც ევროკავშირი, ასევე ადგილობრივი მთავრობები, ხელოვანებისთვის სპეციალურ გრანტებსა და პროგრამებს ქმნიან, ეს თავისთავად ხელოვნებას გაკრვეულ თავისუფლებას აძლევს: ფინანსური არასტაბილურობის მუდმივი შიშის მოხსნა და რესურსების ხელმისაწვდომობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის შემოქმედებისთვის.

 

ფინანსური მხარდაჭერა და გრანტები 

ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს კომპლექსური გრანტების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვანებს, კონცენტრირება მოახდინონ თავიანთ საქმიანობაზე კომერციული წარმატების წნეხის გარეშე. მაგალითად, ევროპაში, როცა მამაშენს ეტყვი, მწერალი მინდა გამოვიდეო, მამაშენი არ გიპასუხებს, ხო, კაი მწერლების ქარხანა გახსნეს ცოტა ხნის წინ ჩვენს უბანშიო-ს. ჩვენთან კი, დიდი შანსია, ეს ოჯახს ვერც კი შეჰბედო – იციან, ერთადერთ ეკონომიკურ კონცეპტს, რომელსაც მწერლობა მოიაზრებს, შიმშილი ჰქვია და ისიც ეკონომიკური კონცეპტი არაა. 

მაგრამ საფრანგეთში მაგალითად, საქმე სხვაგვარადაა. იქ ხელოვანებს შეუძლიათ გრანტების მიღება ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა Centre National des Arts Plastiques (CNAP), რომელიც ხელს უწყობს ხელოვანების შემოქმედებით პროცესს, ეხმარება მათ  გამოფენების მოწყობაში და ზრდის მათ საერთაშორისო ხილვადობისთვის. 

მსგავსი მაგალითია გერმანიის Künstlersozialkasse (KSK), რომელიც ხელოვანებს სთავაზობს სოციალურ დაცვის სისტემას, რაც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ჯანდაცვის დაზღვევით, საპენსიო გეგმით და გრძელვადიანი მოვლის სისტემით.

ნიდერლანდებსა და დანიაში ხელოვანები სარგებლობენ სხვადასხვა საზოგადოებრივი და კერძო ფონდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტების, კვლევებისა თუ საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებას. 

ევროკავშირის ქვეყნებისთვის ასევე არსებობს პროგრამა „Creative Europe“, რომლის ფარგლებში 2021-2027 წლებში ხელოვანებისთვისა და კულტურული ინიციტივებისთვის  2 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსება გამოიყო.

 

განათლება 

ევროპული ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელოვნების განათლებას, რაც აისახება როგორც საბაზისო, ასევე სპეციალიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ინსტიტუტები, როგორიცაა ლონდონის სამხატვრო აკადემია (Royal Academy of Arts), პარიზის École des Beaux-Arts და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი (Berlin University of the Arts), საერთაშორისოდ ცნობილია თავიანთი მაღალი დონის პროგრამებით, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი თაობის ხელოვანების განვითარებას.

ეს სკოლები სახელმწიფოსგანაა მხარდაჭერილი, ეს კი სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფენის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისეთივე მაღალი ხარისხის განათლებაზე ჰქონდეთ წვდომა, როგორც მაღალი სოციალურ ეკონომიკური სტატუსის სტუდენტებს ექნებოდათ. 

სტიპენდიები, გრანტები და სუბსიდირებული სწავლის საფასური მძიმე ეკონომიკურ ტვირთს უხსნით სტუდენტებს და საშუალებას აძლევს მომავალი ხელოვანებს, ფოკუსირდნენ თავიანთი ხელობის განვითარებაზე ზედმეტი ფინანსური წნეხის გარეშე. 

 

რეზიდენტურა და შემოქმედებითი სივრცეები 

რეზიდენტურა ხელოვანებს სთავაზობს დროს, სივრცესა და რესურსებს ახალი იდეების გამოსაკვლევად და შესაქმნელად. აი, წარმოიდგინე, მივლინებაში რომ გიშვებენ, ოღონდ იქიდან რომ უკეთესი თანამშრომელი ჩამოხვიდე, იმისთვის.

ევროპაში არსებობს ასობით რეზიდენციის პროგრამა, რომელიც ფარავს სტუდიის სივრცეს, საცხოვრებელ ხარჯებსა და სტიპენდიებს. პარიზში Cité Internationale des Arts ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეზიდენციაა, სადაც ნებისმიერ დროს 300-ზე მეტი ხელოვანი მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კულტურათა შორის მიმოცვლისა და ხელოვანებს შორის კოლაბორაციების შესაძლებლობებს.

ასეთი პროგრამები არა მხოლოდ მშვიდ სამუშაო გარემოს უქმნის ხელოვანებს,  არამედ შესაძლებლობას აძლევს მათ შეხვდნენ სხვა ხელოვანებს, კურატორებს და გალერისტებს, ინეთვორქინგონ და შესაბამისად გაზარდონთ თავიანთი შემოქმედების ხილვადობა.

 

საზოგადოებრივი ჩართულობა და აღიარება 

ევროპული საზოგადოება კარგად აცნობიერებს ხელოვნების მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეიძლება, მამაპაპითგან მოსდევთ, შეიძლება დაცემული რომის იმპერიის კონცეპტი ერთვებათ კოლექტიურ არაცნობიერებაში. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად აღიქმება, სულ ცოტა, ნახევარი მსოფლიოსთვის მაინც.

ამას მაშინაც ხვდები, როცა ევროპის რენდომ ქუჩაზე ჩაივლი და იქ უჩვეულო, მარტივ, გენიალურ სთრით არტს გადააწყდები, ან უბრალოდ ქუჩის მუსიკოსს, რომელიც იუთუბზე ყველა ნახვას იმსახურებს. 

ქუჩის ხელოვნება ევროპაში უკვე ტრადიციაა, თუმცა არც საჯარო გამოფენები და კულტურული ფესტივალები ჩამორჩება სიხშირით. 

ბერლინი, ლონდონი და ბარსელონა ცნობილია თავისი დინამიკური სამხატვრო სცენით. მუზეუმები და გალერეები, ხშირად სახელმწიფოს დაფინანსებით, სცენას უთმობენ ხელოვანებს თავიანთი ნამუშევრების ჩვენებისთვის. ევროპული საზოგადოება აქტიურად არის ჩართული ხელოვნებაში, რაც აძლევს ხელოვანებს და უბრალოდ ხელოვნების შემფასებლებს ერთმანეთთან აახლოებს. შეიძლება სწორედ ამიტომაა, რომ ევროპის რენდომი ქუჩებიც კი მელოდიით, ნახატებით, სიტყვებით, ხელოვნებითაა გაჟღენთილი. ევროპა არის ადგილი, რომელიც ხელოვნებით სუნთქავს.

თუ არ გჯერათ, უბრალოდ არქიტექტურას დააკვირდით. 

 

საქართველო, ანუ აღიარებისა და მხარდაჭერისთვის ბრძოლის გზა 

მაშინ, როდესაც ევროპაში ხელოვანთა მხარდაჭერა ძლიერია, საქართველოში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. საქართველოს ხელოვნების სცენა სავსეა ნიჭით და პოტენციალით – ევროპასა თუ ამერიკაში წასული და სახელგანთქმული ქართველი არტისტების ამბები ბლომადაც გვსმენია და ბლომადაც გვიამაყია. 

საქმე ისაა, რომ  არა ევროპა, დასავლეთი და ახალი შესაძლებლობები, რომლებიც იქ უხვადაა – ეს აწ უკვე ცნობილი და ნიჭიერი ხელოვანები შეიძლება დღეს არავის სცოდნოდა. 

თუმცა, დღესაც, რაღაცნაირად ახერხებენ ქართველი არტისტები თავიანთი ნიჭიერების დემონსტრაციას – თუმცა იმ სისტემური მხარდაჭერის გარეშე, რაც ევროპაში ხელოვანებისთვის ხელმისაწვდომია. 

საქართველოში საბიუჯეტო დაფინანსება ხელოვნებისთვის მინიმალურია, ხოლო ძალიან ცოტა პროგრამა არსებობს, რომელიც ხელოვანებს ფინანსურ სტაბილურობას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინიციატივები, როგორიცაა „შემოქმედებითი საქართველო“, არსებული რესურსები შეზღუდულია, ხოლო დაფინანსების მიღება და საქმნიაობის გაგრძელება კი დიდ ბრძოლას მოითხოვს. 

არც განათლებას უდგას კარგად საქმე: ევროპისგან განსხვავებით ჩვენთან მაღალი დონის ინსტიტუტები და რესურსები ნაკლებად ხელმისაწვდომია ( ანუ, არ არსებობს). თუმცა არსებობს გაცვლითი პროგრამები, გრანტები, რომლებიც ისევ ზემოთხსენებული ევროპიდან მოდის და struggling artist- ებს ეხმარება. 

საქართველოს ხელოვნების სკოლებს ხშირად არ აქვთ ის ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა, რაც სტუდენტებს სრულად განვითარდებაში დაეხმარებოდა: მახსოვს, ჩემი მეგობარი მიყვებოდა, გრაფიკული დიზაინის სწავლა რომ დაიწყო სამხატვროში, პროგრამის მაგივრად, ფურცელზე გვამეცადინებდა ხოლმე ლექტორი. ფოტოშოპი, ფოტოსა და შოპის გარეშე. ასე ეძახდა.

 

რისთვის უნდა გვინდოდეს ხელოვნების ხელშეწყობა?

ევროპაში ხელოვნება მხოლოდ გრანტებით არ ჯილდოვდება. ჯილდო არის ხელოვნების ღირებულების აღიარება კულტურის, პოლიტიკისა და იდენტობის ფორმირებაში. ხელოვანი ადამიანი იმედია, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას აძლევს შანსს ისუნთქონ ახალი იდეებით, განვითარდნენ, ილაპარაკონ, გაიზარდონ და ახალი ღირებულებები შექმნან. 

საქართველოში ხელოვანების მხარდაჭერისათვის მხოლოდ ფინანსური რესურსი არ კმარა. ხელოვნება უნდა აღიქმებოდეს არა როგორც კარიერულ გზაზე გაკეთებული არასწორი არჩევანი, არამედ როგორც ეროვნული განვითარების გეგმის ნაწილი, მნიშვნელოვანი ასპექტი კულტურული სიმდიდრის შექმნასა და იდენტობის ჩამოყალიბებაში, რომელიც მნიშვნელოვანია, დაფასებული და დაცული. საზოგადოება, რომელიც თავის შემოქმედებით ნაწილს აფასებს, ავითარებს და უვლის, არის საზოგადოება, რომელიც ყვავის. 



ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დემოკრატიის ლაბორატორია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.