გამარჯობა.
მე ვარ გოგო, რომელსაც შარვალი აცვია, პანკისიდან.
ბექგრაუნდი
პანკისზე შეიძლება ბევრი რამ არ იცით.
მოკლე ექსკურსი ასე გამოიყურება:
პანკისის ხეობა დასახლებულია ქისტებით, რომლებიც აქ დიდი ხნის წინ ქართველმა მთავრებმა ლეკების შემოსევებისგან თავის დასაცავად ჩამოასახლეს.
აქაურებს რელიგია, ენა, ტრადიციები და კულტურა შენარჩუნებული აქვთ.
მე მარიამი ვარ, დედით ქართველი და მამით ქისტი. მამაჩემს ბავშვობის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს გატარებული მშობლიურ სოფელში.
ცვლილება
მამაჩემის მშობლიურ მხარეში ხუთი წლის წინ დავბრუნდით.
ახალ ადგილთან შეგუება ყველას უჭირს და არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი. დედაჩემს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია. მამაჩემი თბილისში მუშაობდა და სახლში ხშირად არ იყო ხოლმე. მე – ახალ სკოლაში დავიწყე სიარული.
პირველად რომ შევედი კლასში, ბავშვებმა ისე შემომხედეს, თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი.
გაინტერესებთ რატო?
მეც მაინტერესებდა.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ ჩაცმულობის გამო მაკვირდებოდნენ.
ისეთი თითქოს არაფერი, ყვითელი მაისური და შარვალი მეცვა.
პირველივე დასვენებაზე სხვა კლასის ბავშვები ესტუმრნენ ჩემს კლასს.
სკოლაში ხმა გავრცელდა, შარვლიანი გოგო გადმოსულაო.
სხვებმა მალევე მიივიწყეს ეს სიახლე, მაგრამ ჩემს კლასელებზე რა გითხრათ.
გოგოებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მალე დავმეგობრდით, აი ბიჭებზე, იმავეს ვერ ვიტყვი.
კლასში ერთი “თავიკაცი” გვყავდა. რაღაცას რომ იტყოდა ყველა ცხვარივით აჰყვებოდა ხოლმე.
ამ თავიკაცს ახალი გასართობი გამოუჩნდა – გოგო რომელსაც შარვალი ეცვა.
ჯერ იმაზე დამცინოდნენ ქართველი ხარო, შენი მშობლიური ენა არ იციო, და ზედმეტსახელებს მეძახდნენ.
ჩემს თვავლწინ დამცინოდნენ ქისტურად და რომ ვერ ვიგებდი, ამაზე უფრო მეტად ხალისობდნენ.
მშობლიური ენა რომ არ ვიცოდი, ეს მეც მაწუხებდა. თუმცა არ მესმოდა, ქართველობაში რა იყო ცუდი, მაშინ, როცა ყველანი, მეც და ისინიც საქართველოში ვცხოვრობდით.
ისიც მესმოდა, რომ ქაურები დიდ პატივს სცემდნენ ტრადიციებს და გოგონებსაც ამის გამო ეცვათ კაბები, მაგრამ აძლევდა კი ეს სხვებს უფლებას, 12 წლის ბავშვი, შარვლის გამო დავებულინგებინე?
ერთხელ მახსოვს სკოლის კიბეზე ავდიოდი და ჩემი კლასელი შემხვდა. შავი შარვალი მეცვა “დახეული” სტილის. მითხრა, მე მაგის ჩაცმის უფლებას არ მოგცემდიო. გამიკვირდა.
სახლიდან რომ გამოვედი, დედაჩემს და მამაჩემსაც კი არ უთქვამთ რამე და ეს რამ შეაწუხა- მეთქი, ვიფიქრე. თუმცა, ხმა არ ამომიღია.
წნეხი
ზაფხული იყო.
ცხელოდა.
ბავშები ეზოში წუწაობდნენ.
უკვე სახლში წასვლის დრო იყო.
მე და ჩემი მეგობარი გამოვედით სკოლიდან გზაზე.
სირბილის ხმა გავიგე, მაგრამ უკან არ გამიხედავს.
შუა გზაზე წამომეწია ჩემი კლასელი და წყლით სავსე ბოთლი გადამასხა და ბოლოს ბოთლიც ჩამარტყა თავში.
სიცილი დაიწყო. შეიძლება იფიქროთ, გეხუმრაო, მაგრამ ხუმრობას სხვანაირი განწყობა აქვს და ხვდები ადამიანი.
მასწავლებლებიც ცდილობდნენ დახმარებას. ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ, მაგრამ თქვენს კლასელებსაც თუ გაიხსენებთ, მიხვდებით, რამდენად რთულია თინეიჯერებს რაიმე გააგებინო.
ამ ყველაფერში ერთი ურყევი წერტილი ჩემი მეგობარი იყო, რომელიც სულ გვერდში მედგა. მე რომ ხმას ვერ ვიღებდი, ჩემს მაგივრად ის ჩხუბობდა.
იმ დღეს სახლში ტირილით დავბრუნდი. ვცდილობდი სახლში არ მეთქვა, სკოლაში რაც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი და ყველაფერი ერთად მოვუყევი.
ცვლილება
დამრიგებელმა მშობელთა კრება ჩანიშნა.
დედაჩემიც მოვიდა სკოლაში, დაელაპარაკა ბავშვებს, მათ მშობლებს.
მასწავლებელმა ცოტა ხანში ბავშვები გარეთ გამოგვიშვა და მშობლებთან ერთად დარჩა.
საინტერესო რამ მოხდა: აი ის “თავიკაცი”, ჩემს დაცინვას რომ ხელმძღვანელობდა ხოლმე, მოვიდა და ბოდიში მომიხადა.
მეც არ მჯეროდა.
დედაჩემი რომ არა, ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი.
ზრდასრულები
დიდად არც ზრდასრულებს ეპიტნავებოდათ ჩემი ჩაცმულობა.
ქუჩაში ჩავლისას, გაკვირვებული მათვალიერებდნენ, აქ ცხოვრობს და შარვლით დადისო.
დედაჩემისთვისაც ბევრჯერ უთქვამთ ამ გოგოს კაბა ჩააცვი შარვლით ნუ ატარებო. მაგრამ დედაჩემი სულ მეუბნებოდა, ზომიერების ფარგლებში, შენ რაც გინდა ის ჩაიცვიო.
ამ დროის განმავლობაში, დედაჩემის და მამაჩემის მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვგრძნობდი.
მომავალი
ახლა ყველაფერი უკეთაა.
თითქმის მიეჩვია ხალხი რომ შარვალი მაცვია.
არც მე ვარ ადრინდელივით ჩუმი და კომპლექსიანი.
ჩემხელებს, ჩემზე დიდებს, ან პატარებს ვეტყვი, რომ ვიცი, ხმის ამოღება არ არის მარტივი, მაგრამ ვინმეს უნდა გაუზიარონ – მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებლებს, ხმა ამოიღონ. თუ შეუძლიათ, იბრძოლონ მანამ სანამ თავიანთ გარემოში თავს მშვიდად არ იგრძნობენ.
გულის სიღრმეში, დღემდე ვნანობ, ამდენი ხანი ჩუმად რომ ვიყავი.

