არის რაღაცები, რაც არ შეგვეფერება
მარტში ქალებისთვის მიძღვნილი ბევრი კამპანია ვნახეთ.
ზოგიერთი ისევ მობეზრებული სტერეოტიპული განწყობების – “გოგო ხარ, არ შეიძლება; გოგო ხარ, არ გამოგივა” – განეიტრალებასა და დანგრევაზეა ფოკუსირებული. რაც თავისთავად, უკვე მოსაბეზრებელი გახდა.
მოსაბეზრებელი იმიტომ არა, რომ რელევანტური აღარაა.
იმიტომ არის, რომ თითქოს ბნელ წარსულს გახსენებენ, და ავტომატურად სირცხვილის განცდა გიჩნდება.
ამ სირცხვილის განცდას ლოგიკა არ აქვს – რისი უნდა გრცხვენოდეს, რომ როცა 6 წლის იყავი და გითხრეს გოგო ხარ, რაღაც არ შეგიძლიაო, ვერ შეეწინააღმდეგე და შენ შ*გ ხო არ გაქვსო ვერ უთხარი? ან ვის უნდა შებრძოლებოდი – ოჯახს, სამეზობლოს, ბაღს, სკოლას?
ხომ სისულელეა?
მე სწორედ მსგავს შინაარსებში გაზრდილი თაობის წარმომადგენელი ვარ და ავტომატური ავერსიის განცდა მიჩნდება მსგავს მესიჯებზე – ამდენი ხნის მერეც კი რომ არსებობს საჭიროება, პოსტერზე დამიწერონ – გოგოს ყველაფერი შეუძლია – შეურაცხმყოფელია და ბრაზის მეტს, ვეღარაფერს მიტრიგერებს.
თუმცა ეს ალბათ ჩემი პრობლემაა და სულაც ჰიპერკომპენსაციის მექანიზმია – იმდენად არ მინდა საზოგადოების სტერეოტიპული განწყობებისა და ხედვების მსხვერპლად ვიდენტიფიცირდე, რომ ფსიქიკა პირდაპირ უარს აცხადებს მსგავს შინაარსებთან გაიგივებაზე.
თუმცა, რაციონალიზაციას მივმართავ და ვხვდები, რომ მსგავსი მესიჯის დანახვა ვიღაცისთვის მართლაც საჭიროა. მაგრამ ჩემს ფსიქიკაში, ჩემს გოგოურ სთრაგლებსაც აქვს უფლება, ცოტა ჩახლართული იყოს.
ბნელი წარსული
ოჯახი
ამ მონოლოგის მიღმა ჩემი ცხოვრების რამდენიმე მომენტი იმალება, რომელიც სწორედ ამ სტერეოტიპული, მრავალგზის გატკეპნილი ფრაზითაა გაჯერებული. ამ მომენტებს კი, როცა შარზე ვარ, უცებ წამოვაძახებ ხოლმე ხან მამაჩემს, ხან – დედაჩემს:
მაგალითად იმას, რომ ბავშვობაში კარატეზე არ შემიყვანეს. იმიტომ რომ საბრძოლო ხელოვნების დაუფლება და გოგოობა ერთმანეთს არ უხდებოდა.
სამაგიეროდ ახლა, როცა ვარჯიშიც კი მეზარება და მუხლის ჭრაჭუნის გარეშე ბუქნს ვერ ვაკეთებ – ჩემი ფსიქიკა ავტომატურად წარსულის ამ მომენტს იხსენებს და შინაგანი მსაჯულიც თითს ჩემი მშობლებისკენ იშვერს: მშობლებისკენ იმიტომ, რომ ბავშვის პირველი კავშირი სოციუმთან სწორედ მშობლების გავლით ხდება ხოლმე.
მაგალითად იმას, რომ გიტარის მაგივრად პიანინოზე შემიყვანეს, რადგან გოგოს უფრო კლასიკური მუსიკის დაკვრა და თითების კლავიშებზე წკაპუნი უხდება. არადა, პიანინოსთვის შესაფერისი თითები არასდროს მქონია. აი, გრძელი, თლილი და ლამაზი.
მაგალითად იმას, რომ სახლში ე.წ გრუშა ანუ ნაკლებად გვრცელებული სახელით ‘სავარჯიშო მსხალი’ არ ჩამომიკიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ‘ბიჭი ხომ არ ხარო’.
ბაღი
საჯარო ინსტიტუციებსაც არ დავტოვებ ლაფის გარეშე: მაგალითად ბაღში, შემთხვევით ისეთ ადგილას დავჯექი, სადაც თეფზე ძალიან ბეევრი სუპი ესხა. საერთოდ არ მინდოდა იმ არაფრისმთქმელი სუპის ჭამა, შიშით ვუყურებდი იმ ყვითელ მასას, თუმცა მასწავლებელმა არ მადროვა ჩემთვის ჩუმად ტანჯვა, ეს სუპი გოგოსთვის ბევრია, გიორგი დასვი მანდო 👍
მერე იყო სკოლა
ახლა, არ ვიცი, ცენტრში რა ხდებოდა, თუმცა გარეუბნის სკოლებში ასეთი სიტუაცია იყო: კლასში ძირითადად საშუალო ან საშუალოზე დაბალი IQ იანი ხალხი ვისხედით. ბიჭები ტოტალურად არ სწავლობდნენ. თუუმცა, თუმცა ყოველ ნაკიან წელიწადს ხდებოდა უცნაური მოვლენა: რომელიღაც ბიჭი, მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას სწორ პასუხს გასცემდა და ჰოი საოცრებავ! “ბიჭებს მაინც სხვანაირი ტვინი აქვთ” ფრაზა მთელ სამასწავლებლოს მოედებოდა ხოლმე ელექტრული იმპულსივით.
ამას კი ძირითადად ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი იძახდა. სიმართლე გითხრათ, რაც გავიზარდე დიდი ხანია მაგ ქალბატონის მენტალურ სიჯანსაღეს ეჭვქვეშ ვაყენებ და კარგად მახსოვს ერთი მომენტი: რახან განსაკუთრებული ჩელენჯი იყო ამ საგნის სწავლა, რადგან უცნაურად რთული მოთხოვნები ჰქონდა ხოლმე უცნაურად რთულ კითხვებთან ერთად ( და მაშინ გუგლი, ინტერნეტი და ხორცის მიღება კვირაში ერთხელ, საკმაოდ მიუღწეველი ფუფუნება იყო), ვცდილობდი განსაკუთრებულად კარგად მოვმზადებულიყავი. ერთხელაც კითხვაზე პასუხს ვცემ, თუმცა შუა საუბრისას ერთმა ბიჭმა ხელი აიწია. მასწავლებელს თვალები გაუნათდა, საშუალო სტატისტიკური პასუხი მოისმინა და ‘აი, აი ასე უნდა აზროვნებაო’ თქვა.
სპოილერი: ეს მასწავლებელი თვითონ ქალი იყო.
ხოლო ის ბიჭი – აინშტაინი.
საინტერესო ფაქტი კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე უარს გვეუბნებოდნენ და რაღაცებში ჩვენი იმედი არ ჰქონდათ (idk, მაგალითად, wifi-ს გამოგონებაში), პასუხისმგებლობის დიდი წილი ისევ ჩვენზე მოდიოდა:
- სკოლაში უეჭველი კარგად უნდა გესწავლა. აი, შენს ძმას ან კლასელ ბიჭს აპატიებდნენ სიზარმაცეს, შენ – ნაკლებად.
- ეზოში ჩასვლამდე – საოჯახო საქმეებიც გოგოზე ნაწილდებოდა. აი, ჩემი მეზობელი გიო კი ჩამოირბენდა, მაგრამ მე ჯერ ჭურჭლის დარეცხვაში უნდა მივხმარებოდი დედას. რაც, ზოგადად, ძალიან საღი მიდგომაა – ოჯახის საქმეებში მონაწილოების მიღება უბრალოდ მომავლისთვის გამზადებს და ბეისიქ უნარებს გიყალიბებს. უბრალოდ, აი, ეს უნარები მეც და ვინმე გიოსაც რომ უნდა ჰქონდეს, ისეთია.
- კლასი თუ რამეს დააშავებდა – ისევ გოგოებს გვისვამდნენ კითხვას, თქვენ მაინც რატომ არ გამოიჩინეთ გონიერებაო?
რავი, მასწ, წეღან გიორგიზე ამბობდით, ბიჭის ტვინი მაინც სხვააო, და ახლა მე რატომ მეტენება გასხივოსნებულობის პასუხისმგებლობა-მეთქი კი, ისეთი პასუხი იყო, გოგოს რომ არ შეეფერებოდა.
ყველაზე სევდიანი მაინც ის მომენტი იყო, ერთხელ დედაჩემმა რომ მითხრა – შენ რომ ძმა გყავდეს, როგორ მოუვლიდიო. ჭურჭლის გარეცხვაც დაგეზარებოდა და დალაგებაცო. ეს იყო და ფეირით მოთხვრილი თეფში ხელიდან გამივარდა.
100%-ით სიმართლე კი თქვა. უბრალოდ დედაჩემის ცნობიერებაში, რომელიც თავისივე დროისა და სტერეოტიპების მსხვერპლია, ლოგიკური იყო ის ფაქტი, რომ ოჯახის ტვირთის უდიდესი ნაწილი ჩვენზე უნდა გადმოსულიყო და ჩემი ჰიპოთეტურად არსებული ძმის ნასკებიც ალბათ მე უნდა შემეყარა გასარეცხად.
ყველაზე სევდიანი კი იცით რატოა?
თვითონ ის ქალია, რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახის პროვაიდერი იყო:
- მთელი ცხოვრება მუშაობდა.
- თავისი ბიზნესიც ჰქონდა.
- მე გამაჩინა და გამზარდა
- რამდენიმე სულიან ოჯახს მარტო გვარჩენდა იმ პერიოდში, როცა ეკონომიკურად მთელ საქართველოს უჭირდა.
- ცეკვაზეც მატარებდა.
- მუსიკაზეც და დაბადებისდღეებსაც მიხდიდა.
- დედასაც უვლიდა, მამასაც და ცოტახნით რომ გვყავდა – იმ ძაღლსაც.
- ა, ხო, და ზევიდან ისიც არ ავიწყდებოდა, სახის კანის მოვლის რუტინა ჰქონოდა!
კიდე, რავი, 2 დიპლომი და მართვის მოწმობა აქვს და პლოტ ტვისტი ისაა, რომ ჯერ კიდევ 1954 წელსაა დაბადებული. თან მაგ დროს ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რამე არ შეიძლებოდა ქალისთვის?
მოკლედ, დამოუკიდებელი ძლიერი ქალის ტიტული ისე ზიდა, თავადაც ვერ ხვდებოდა.
წარმოგიდგენიათ, ახლა ამ ქალს ვინმემ აკადროს, რამე არ შეგიძლიაო?
თუ რამე არ შეუძლია, ეს უბრალოდ ფეისბუქზე წარწერიანი სთორის ატვირთვაა და მაგაში რამენაირად ვუშველი.
რთულია ქალის ცხო
მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქალების ოჯახში გავიზარდე, ჩემს თავზე ‘ქალს მაინც სხვანაირად მოეთხოვება’ განწყობები მაინც ჟონავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა, სადაც გავიზარდე ბებიაჩემის იყო და ის სოფლის სახლიც მისი აშენებული, სადაც ზაფხულობით ვისვენებდი ხოლმე.
საზოგადოებაში გამჯდარი განწყობებს ვუყურებდი და ფიცი მწამდა, ბოლო მაკვირვებდა: სადაც 1928 წელს დაბადებულმა ბებიაჩემმა ამდენი მოახერხა, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი როგორ ფიქრობდა რომ “ქალის ჭკუა მაინც…. “, არ მესმოდა.
გავიდა დრო: ჯერ კიდევ 8 წლიდან სათამაშო ფულის ნაცვლად ნამდვილ ფულთანაც ვიმუშავე, ჩემს კლასელ ბექას, მეოთხე კლასში ხელიც გადავუწიე, სკოლაც დავამთავრე, მედლებიც ავიღე, გრანტებიც ავიღე, დიპლომებიც ავიღე, მუშაობაც დავიწყე, მუაი-ტაიზეც შევედი, იმასაც მივხვდი – ქალს თავის მოვლაში უფრო მეტი მხოლოდ იმიტომ მაინც ეხარჯება – რომ ტამპონი 15 ლარი ღირს და იმასაც, რომ საერთოდ არაფერში მჭირდება ვიღაცას დავუმტკიცო, რომ მეც შემიძლია.
რა თქმა უნდა, შემიძლია.
(200კგ-ს ვერ ავწევ, არ მივარჯიშია, მაგრამ, აგერ, ჩემი მეგობარი გვანცა წევს, ასე რომ, რორამე, ეგეც შემიძლია).