
ეს ისეთი ამბავია, ყველას მოვუყვებოდი, ვისაც კი დააინტერესებდა და აგერ, ინებეთ…
რაღაც გაუგებარი ომის ნაწილი ვარ ჩემი დაბადების ცივი დილიდან მოყოლებული. განა ვინმეს, ან რამეს, ან საკუთარ თავს, ან ოჯახს, ან გარემოს ვებრძვი, არამედ ყველას ერთად აღებულს. სხვანაირად შეუძლებელიც კი იქნებოდა, როცა უკიდურესად უღმერთო ადგილას იბადები – ხუთსართულიანი ბეტონის ავაზა გზის პირას, მატარებლის დაჟანგული, ხმაურიანი ლიანდაგი ამავე გზასთან, საერთო საცხოვრებლის უჰაერობა და სისხლგაყინული, მაგრამ მაინც შინაური ადამიანების გარემოცვა. ეს ყველაფერია, რასაც შევეთამაშე და ყველა ჯერზე დავმარცხდი. კორპუსის კიბეზე რომ ასულიყავი, ვიღაცის აყროლებული, შეფუთული ნაგვის ცელოფნებისთვის უნდა გადაგევლო, ბოროტსახიანებს ღიმილით გასცლოდი, ლოთებს ერთი ღერი სიგარეტით გამასპინძლებოდი, სანამ საკუთარი მშობლების მსგავსად, შენც არ აგიკლებდნენ გინებით. აქ იყვნენ კატეგორიები, რომლებსაც ყოველ საღამოს რაღაცაზე ფული აკლდებოდათ. სესხის (სესხის?!) რაოდენობა რამდენიმე უარის შემდეგ 20-დან 2-3 ლარამდე ჩამოდიოდა. მაგ ნაგროვები ფულით ეზოს ყავისფრად გადაღებილ ჯიხურში იაფფასიან სიგარეტს და ასანთს შეიძენდნენ. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ სიგარეტის, ასანთის და თოკების მეტი არც არაფერი ეყიდება. მაგრამ, ამას გარდა, მაინც ყველაზე დამახასიათებელი ისაა, რომ ყველა სართულს ჰყავდა ერთი ნარკომანი და ნარკომნის დედა, რომლებიც კორპუსის პრო და ანტაგონისტებად ითვლებოდნენ, თავად გადაწყვიტეთ, ვინ რომელია. ერთი შეხედვით ყველაფერი ასე იყო: სართულები აუტანლად ვიწრო, ოთახები შემზარავად ჩახუთული და ხალხი ჩინებულად ორპირი. „გადარეული ვარ! პირველ სართულზე სულ ძუკნა ქალები ქირაობენ ბინებს, მარტო ურჯულოები შეჰყავთ მაგ ოთახებში, ღმერთმა არ მაცოდინოს, რას აკეთებენ შიგნით!“ – ამბობს სამოცდაერთი წლის მესამე სართულელი ქალი, რომლის ვაჟიც პირველი სართულის ოთახების ხშირი სტუმარია. ამ ტრაგედიებში სულ მთლად დაჩირდა თუ არა ადამიანობა არ ვიცი, მაგრამ მაცხოვრებლებს ერთი რამ აერთიანებთ – უნდათ გაქცევა იქ, სადაც მატარებლის ჩახჩახი არ აფრთხობს ძილს და სიბუნძურის სუნი არ გიწვავს ცხვირს. რამდენიმესთვის ხელჩართული ბრძოლა უკვე დამთავრებულია, უმეტესობა ისევ თამაშშია, რომელიც ან გკლავს, ან არც კი ვიცი…
ძველ ქუჩაზე 3 დღის წინ ჩავიარე, ყავისფრად გადაღებილ ეზოს ჯიხურს კიდევ იგივე წარწერა ჰქონია – „გამძლე თოკები იაფად, ყველა გამოუსწორებელი ცოდვის საბოდიშოდ“.
ავტორი: ლიფლიცა