შპს ტოტალიტარიზმი – ჩვენ ვგეგმავთ, თქვენ ასრულებთ
თქვენს მონა-მორჩილს ფილმები დიდად არ უყვარს, მაგრამ ერთი-ორი აქვს ისეთი ნანახი, სულ თითებს ჩაიკვნეტთ და ცოტახნით თქვენს დროსა და ყურადღებასაც დამითმობთ. ამბავი ასე იწყება – ავტორს, რომელიც ახლა ცდილობს ტოტალიტარიზმის არსზე ფილმების საშუალებით გესაუბროთ, სასემინაროდ უნივერსიტეტში ,,სხვების ცხოვრების” ყურება დაავალეს. ჩამოდგა დრამა, ფილმს რა მაყურებინებსო, მაგრამ დღეს უკვე აგერ მესამედ უყურა და თქვენთანაც ამ შედევრზე აპირებს საუბარს. ორი წამით წარმოვიდგენ, თითქოს ოსკარის დაჯილდოებაზე ვარ და მადლობას გადავუხდი ჩემს ლექტორს, რომელმაც დამანახა, რომ ზოგჯერ, ფილმის კადრები უფრო რეალურია, ვიდრე თავად ცხოვრება, რომელშიც დროს და ენერგიას ხშირად უმიზნოდაც ვხარჯავთ.
ილიას აქვს ნათქვამი, ჭავჭავაძეს, რიტორიკაში სწერია ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ ეს ნორმა რომ დავარღვიო. Ჩვენი ცოდნა ტოტალიტარიზმის შესახებ ვიკიპედიით რომ გავამდიდროთ, ზუსტად ისეთი მდიდრები ვიქნებით, როგორც მე ხელფასამდე 5 დღით ადრე, ამიტომ მოდი უფრო დიდ სიღრმეებში შევიდეთ და ვისაუბროთ პოლიტიკურ რეჟიმზე, რომელმაც წარსულშიც გემრიელად ,,იგრიალა” და არც მომავალში აპირებს დანებებას, რადგან მსოფლიო პოლიტიკაში დღესდღეობით საკმაოდ იკვეთება იმის ნიშნები, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და ტოტალიტარიზმი ფესვებიანად არავის მოუგლეჯია.
ტოტალიტარიზმის შესახებ ყველაფერი რომ არის შექმნილი ამაზე არავინ დაობს, წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით თავს იწონებდნენ გენიალური ფილმები, წიგნები, სპექტაკლები, ლექსები, რომლებიც რეჟიმის დამანგრეველ მახასიათებლებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და მზის შუქზე გამოჰქონდათ მისი არაჰუმანური, ამორალური შედეგები. ვისაც ისტორიის შესახებ დაწყებითი საფეხურის განათლება მაინც აქვს, მარტივად გაიაზრებს იმ ფაქტს, რომ ტოტალიტარიზმი არც ჰიტლერის ან სტალინის მოსვლით დაიწყო და არც მათი წასვლით დასრულებულა, ხოლო ვინც რეალობას თვალს უშიშრად უსწორებს, მათთვის ზღაპარს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეჟიმი ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოცენდეს, რადგან ტოტალიტარიზმის მიმზიდველობა საკმაოდ ბევრი ადამიანის ცნობიერისთვისაა სანატრელი ხილი. Მოდი ცოტას გეფლექსავებით და ერთი კარგი კაცის აზრს გაგიზიარებთ ტოტალიტარიზმის მიმზიდველობაზე რომ წერდა. იყო ერთი გენიალური მოაზროვნე, ბრუნო ბეტელჰაიმი, რომელმაც რეჟიმის მთავარ მიმზიდველობად ის მთლიანობა დაასახელა, რომელსაც ადამიანი საზოგადოების და საკუთარი თავის მიმართ გრძნობს. ტოტალიტარიზმი ადგენს ერთიან მთლიანობას, რომელშიც ადამიანი დიდიხნის ნანატრ ერთიანობას გრძნობს და მოჩვვენებით გონია, რომ კონფლიქტი აღმოფხვრილია, რადგან ყველა ერთ აზრზეა შეჯერებული. Საარჩევნო დაპირებები როგორი ლამაზადაც ჟღერს, ზუსტად ასე ჟღერს ტოტალიტარიზმის მთავარი დაპირებაც: ,,ის ადამიანს სამყაროსთან ჰარმონიისა და უსაფრთხოების გრძნობის მინიჭებას გპირდება”.
Ჩემი აკადემიური ფლექსაობა ცოტახნით გვერდზე გადავდოთ და დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას დავუბრუნდეთ. ფუკუიამამ რომ თქვა ისტორიის დასასრულში, დასავლურ დემოკრატიულ ლიბერალიზმს საფრთხე აღარ ემუქრება და ყველანაირი საშიშროება აღმოფხვრილიაო, აი, მაშინ შეცდა ალბათ ყველაზე მეტად. ფუკუიამა წერდა, ხოლო კიმ ჩენ ინი და პუტინი იცინოდაო, ეგრეა ჩვენი საქმე. Მაგრამ, Მხოლოდ ეს ორი რომ იცინოდეს რაღა გვიჭირს. 21-ე საუკუნეში გვაქვს ის რეალობა, როცა ტოტალიტარული სახელმწიფოები უფრო ძლიერდებიან და ამაში ხელს ჯერჯერობით ვერავინ და ვერაფერი უშლით. და თუ რომელიმე ჩემი მკითხველი მეტყვის, კარგი რა ანანო, რა დროს ტოტალიტარიზმია, ეგ რეჟიმი ვერასდროს დაბრუნდება პოლიტიკურ ასპარეზზეო, მაშინ ეშმაკურად ჩამეღიმება და მოგიყვებით ფილმის შესახებ, რომელსაც ,,ტალღა” ქვია.
ტალღა – ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავაბრუნოთ ტოტალიტარიზმი 21-ე საუკუნეში
ყველა ვთანხმდებით, რომ ტოტალიტარიზმი არც ჰიტლერით იწყება და არც სტალინით მთავრდება, ის ბევრად უფრო ღრმა და ფსიქოლოგიური მოცემულობაა, ვიდრე თავაშვებული, ეგოცენტრული ინდივიდების მიერ გადადგმული ნაბიჯები. Ჰოდა ერთ დღესაც თუ საკლასო ოთახში ისტორიის მასწავლებელი შემოვა და იდეოლოგიებზე ლექციებს წაიკითხავს, არ უთხრათ, რომ ტოტალიტარიზმი ვერასდროს დაბრუნდება თანამედროვე სახელმწიფოებს შორის, რადგან ერთ კვირაში ზუსტად თავად შეიძლება გახდეთ მისი ერთ-ერთი მიმდევარი, თეთრი პერანგიც ჩაიცვათ, მისალმებაც ,,დაამუღამოთ” და კედლებზე სვასტიკის მსგავსი ნიშნების გამოხატვაც დაიწყოთ. ეს ტალღაა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილმში, რომელშიც არც ჰიტლერის და არც სტალინის პერსონაჟები არ გვხვდებიან, არამედ უბრალო ადამიანები, რომელიც გასართობი ექსპერიმენტის სახით საერთო მოძრაობას აფუძნებენ საკლასო ოთახში და ბოლოს, როგორც ხშირ შემთვევაში ხდება ხოლმე, ძალაუფლებას გემოს უგებენ და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ემსგავსებიან. ფილმი გერმანული წარმოშობისაა და მოგვითხრობს პოლიტიკურ დრამას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთ კვირაში ჩამოყალიბებულმა მოძრაობა, რომელიც ტოტალიტარიზმის ყველანაირ ნიშანს ატარებს, დაწყებული მისალმებით, დასრულებული განსხვავებულის დევნით და ერთნაირი ჩაცმულობით, მოიცვას ადამიანთა გონება და წაართვას მათ რეალობის აღქმის უნარი. ტოტალიტარიზმი ჩაგრული ხალხისთვის სანატრელი რეჟიმია, რადგან ის მათ თვითრწმენას უბრუნებს, თავს საზოგადოების ნაწილად აგრძნობინებს და ერთიანობის განცდას უნერგავს. ფილმშიც ყველაზე მეტად დაჩაგრული ადამიანი იხიბლება მოძრაობის არსებობით და იმ ერთიანობით, რაც ,,ტალღაში“ სუფევს, რადგან მას მიზანი აქვს, ისევე როგორც დანარჩენ სხვა წევრებს. ტოტალიტარიზმი ითხოვს სულს, რაც ერთი კვირის განმავლობაში ფილმში მოსწავლეებს წართმეული ჰქონდათ, ახშობს ყველანაირ განსხვავებულ აზრს (ფილმში ერთ-ერთი მოსწავლე უარს ამბობს ფორმის ჩაცმაზე, რის შედეგადაც მას შენობაში აღარ უშვებენ) და აყალიბებს მდგომარეობას, რომელშიც ლიდერისადმი მორჩილება უბრალო ადამიანური მოვალეობაა და სხვა არაფერი. Მოდი კიდევ ერთელ ვიფლექსავებ და უმბერტო ეკოს ,,მარადიულ ფაშიზმს” გავიხსენებ. Სწორედ ამ ტექსტში ამბობს ეკო, რომ არც ერთი ტოტალიტარული რეჟიმი არ იყო ერთჯერადი მოვლენა და ის ნებისმიერ დროს გაცოცხლდება რაწამს ადამიანები ყურადღებას მოვადუნებთ და უსიტყვოდ დავემორჩილებით ,,დიდ ძმას:, რომლის მორჩილების სურვილიც საკმაოდ მიმზიდველი და რომანტიულია. დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას თუ გადავხედავთ, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ,,ტალღის” სცენარის განმეორება საკმაოდ რეალურია და შესაძლებელია. Პუტინის რუსეთი იმპერიალიზმის წარმოუდგენელ ლეველს აღწევს, კიმ ჩენ ინი თავის სტიქიაშია, ჩინეთი თავისი კომუნისტური პარტიით საკმაოდ საშიშ ძალას წარმოადგენს და ამის პარალელურად, საკმაოდ დიდმა ძალამ უნდა დაგვიცვას, რომ ,,ტალღის” მსახიობები ჩვენ არ გავხდეთ და საკუთარ თავზე არ გამოვცადოთ,თუ რას ნიშნავს გასართობად დაწყებული ექსპერიმენტი, რომელიც ადამიანთა თავისუფალი ნების დათმობით სრულდება.
,,სხვების ცხოვრება” და ,,გუგულის ბუდე” – როცა რეჟიმის შიში სიყვარულზე აღმატებულ ემოციას იწვევს
ვაგრძელებ აკადემიურ ფლექსაობას. Რეჟიმმა რომ სიყვარული დაათმობინა ეს ორუელსაც კარგად აქვს ნაჩვენები გენიალურ რომანში ,,1984”. ამ თემატიკაზე არც ფილმების ნაკლებობას განვიცდით. 1984 წელს გადაღებული ფილმი – ,,სხვისი ცხოვრება“ რეჟიმის არაჰუმანურ ხასიათს გვიჩვენებს, რომელსაც არ აინტერესებს შეკითხვებზე პასუხი გაქვს თუ არა, მთავარია ჩუმად არ იყო და ვინმე დაასმინო, რათა შენ სუფთა და უდანაშაულო გამოხვიდე. ,,სხვისი ცხოვრება“ გენიალურად აღწერს ტოტალიტარიზმის იმ მანკიერ მხარეს, რომელიც ადამიანს უბიძგებს დათმოს ყველაზე საყვარელი, რათა საკუთარი თავი გადაირჩინოს, მაგრამ ეს გადარჩენილი ცხოვრებაც არაფრად უღირს, რადგან მისი ღირსება შელახული და სანაგვეზე მოსროლილია. ტოტალიტარიზმის დასასრული თავისუფლებაა, რომელიც შუშის ჩამსხვევის ხმასავით აღვიძებს ყველა მძინარე და გონებრივად დაჩლუნგებულ ადამიანს. მილოშ ფორმანის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მიკრო დონეზე წარმოგვიდგენს ტოტალიტარულ ქვეყანას, რომლის სტალინიც, ან ჰიტლერიც ექიმი რეტჩედია, ხოლო მოსახლეობა ფსიქიკურად შერყეული ფსიქიატრიულის პაციენტები. ვუყურებ მედდა რეტჩედს და გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება სტალინის შესახებ: ,, სუსხიანი, პატარა, გაუმჭვირვალე თვალები გაქვავებულად, დადარაჯებულად იმზირებიან. მთელს მის არსებაში უბედურების მომტანი ცივი სისხლი იგრძნობოდა, რომელიც მზაკვრობით ყველას აჯობებს. მისი მზერის წინაშე ყოველი ნება უკან დაიხევს“. ეს ფიზიკური მსგავსება ტირანიის წარმომადგენლებს შორის, მათი გაქვავებული მზერა და ცივსისხლიანი გამოხედვა, უგრძნობი თვალები და გაშეშებული, ერთ ადგილას გაყინული ემოციები, ტოტალიტარიზმის კიდევ უფრო ტრაგიკულ ბედზე მეტყველებს. ბროდსკი ტყუილად არ ამბობდა ტირანია ორგანიზებას უწევს ჩვენს ცხოვრებასო. ექიმმა რეტჩედმა ყველაზე კარგად იცის რა ესიამოვნება მის პაციენტებს და ყველაფერი რასაც ის აკეთებს პაციენტების სასარგებლოდაა მიმართული, თუმცა ამ დროს, მათ არავინ ეკითხება რა უნდათ, ან რა ინტერესები აქვთ. ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში პიროვნების განადგურება და მისი ცნობიერების დაჩლუნგება თუ სხვადასხვა პროპაგანდისტული გზებით ხორციელდებოდა, ფსიქიატრიულში პირდაპირ ხერხს იყენებენ ზოგჯერ აბების, ზოგჯერ კი თავის ქალის ახდის გზით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალიტარულ სამყაროში, ფსიქიატრიულში. შემომსვლელებმა საკუთარი აზრი კართან დატოვეთ, რადგან აქ თქვენზე კარგად იციან რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ და რა არის თქვენთვის უკეთესი. ერთ-ერთი ნიშანი რაც მმართველობის ამ ფორმას ახასიათებს, არის მმართველისადმი შეურყეველი ნდობა. მოქალაქე ბოლომდეა დარწმუნებული, რომ თუ რამისთვის ისჯება ის ამას იმსახურებს და ,,დიდი ძმა“ არასდროსაა უსამართლო მის წინაშე. ფილმშიც ზუსტად ამას ვხედავთ, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც საწოლზეა მიბმული, იმის ნაცვლად რომ პროტესტი გამოხატოს მიბმის გამო ამბობს დავისვენეო და დარწმუნებულია რომ ექიმებმა მისივე სასიკეთოთ დააბეს საწოლზე. ადამიანის პასიურობა, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვალსაზრისით ამოსავალია ტოტალიტარული სისტემისთვის. ფილმში ნათლად ვხედავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში მუსიკაა ჩართული, რომელიც მაქსიმალურადაა მიმართული პაციენტების მოდუნებისკენ, მათი დაძინებისკენ ან სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, რადგან სწორედ მოდუნებული და მშვიდი ხალხი ასაზრდოებს ტოტალიტარიზმს და წყალს უსხამს მის ფესვებს, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად ერთხმება მიწაში. მსგავსება საბჭოთა კავშირსა და ფსიქიატრიულს შორის ძალიან თვალშისაცემია. საბჭოთა კავშირშიც არსებობდა ოპოზიციური პარტიები, უბრალოდ ყველა ოპოზიციონერი ან ციხეში იყო ან დახვრეტილი. ამის მსგავსად ფსიქიატრიულშიც სცემდნენ პატივს უმრავლესობის აზრს, თუმცა მათი ტვინი უკვე წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო და იმ გადაწყვეტილებას იღებდნენ, რასაც მთავარი მედდა უკარნახებდათ. ორივეს ჰქონდა თავის გასამართლებელი საშუალება, აქაოდა ჩვენ დემოკრატიას პატივს ვცემთო, თუმცა ორივე მიზანმიმართულად ცდილობდა ადამიანებისთვის ცნობიერების დახშობას და მათი ტვინის თავიანთი კომპიუტერით დაპროგრამებას. ამ დაპროგრამების შედეგად ადამიანები თავიანთი ნებით აცხადებენ თანხმობას სისტემის შიგნით არსებობაზე, რადგან მათთვის არსებული რეჟიმი უკვე მშობელი დედასავით ძვირფასი და მზრუნველი იყო. ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი კვაზიმზრუნველობითი ხასიათი მოდუნებული ადამიანისთვის საკმაოდ მიმზიდველი და დამაკმაყოფილებელია, რადგან პიროვნების ნაცვლად თავად სისტემა იღებს გადაწყვეტილებას და ეს უკანასკნელი აორგანიზებს ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს.
მანიპულაცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია მსგავსი რეჟიმის პირობებში. ,,სხვების ცხოვრებაში“ კარგად ჩანს სისტემა როგორ იყენებს აღნიშნულ ხერხს და როგორ მანიპულირებს ერთ-ერთი პერსონაჟის კარიერით, მას უხატავს წარმატებულ და აღიარებულ მომავალს, რომელსაც რეჟიმი უზრუნველყოფს, თუმცა სანაცვლოდ მისგან ყველაზე ძვირფასს ითხოვს. მიზნის მიღწევის ეს საკმაოდ დახვეწილი ფორმა არც მილოშ ფორმანს დარჩენია უყურადღებოდ. ექიმი რეტჩედი ამ ხერხს იდეალურად იყენებს თავისი პაციენტის მიმართ, რომელსაც დედის ხატით ემუქრება. სწორედ მსგავსი ქმედებების საშუალებით მბრძანებლობს მედდა პაციენტებზე და იცავს წესრიგს ფსიქიატრიულში სანამ მაკმერფი არ გამოჩნდება. მაკმერფის თავისუფლების სუნი ასდის, რომელიც ქარიშხალივით იჭრება გაუბედურებულ ადგილზე და მისი ბრძოლისუნარი, შეუპოვარი სულით ერთი ადამიანის გადარჩენას მაინც ახერხებს. სააბაზანოში მის დაწყებულ საქმეს ინდიელი ბელადი ასრულებს, რომელიც ფანჯრის მინას ამტვრევს და თავისუფლების თანაზიარი ხდება. საპირფარეშოში მაკმერფის წარმოთქმული სიტყვები : მე შევეცადე მაინცო, ბარათაშვილის მერანს მახსენებს: ,, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება“. ცუდად ნამდვილად არ ჩაუვლია მაკმერფის მცდელობას გამოეფხიზლებინა ადამიანები და ერთად დაპირისპირებოდნენ იმ აუტანელ რეჟიმს, რომელსაც ფსიქიატრიული სთავაზობდა მათ. ამის პარალელურად გენიალური კადრი მახსენდება ,,შინდლერის სიიდან“ და ასევე გენიალური სიტყვები: ,, ვინც თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან გადაარჩინა სამყარო“. მაკმერფიმ მართლაც გადაარჩინა ერთი ადამიანი, მთასავით დიდი და ძლიერი, რომელიც, ვინ იცის, იქნებ მთავარი წინამძღოლი გამხდარიყო უსამართლობასთან მებრძოლი ხალხისა.
Მოდი ნამეტანი ემოციებში არ გადავვარდები. Ჩემო ძვირფასო მკითხველო ,ტალღის” ყურებას თუ გადაწყვეტთ ძალიან გამახარებთ, რადგან ეს ფილმი იმის მაჩვენებელია, რომ არასდროს უნდა თქვა არასოდეს და ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი შეიძლება ადამიანების სულის გავლით ტოტალიტარიზმის ხელახლა დამყარება. და ადამიანს თუ იმედი სჭირდება, ალბათ ,,სხვების ცხოვრებაში” ჩანს ეს იმედი, როდესაც სისტემის ერთ-ერთი წარჩინებული მუშაკიც კი ხვდება იმ უსამართლობის და არაადამიანობის საზღვრებს, რასაც ტოტალიტარიზმი აწესებს და საბოლოო ჯამში ადამიანის მხარეს იჭერს. გუგულის ბუდეზე კი რაღა გითხრათ, ეცადეთ მაკმერფი აღმოაჩინოთ თქვენში და ბოლომდე დაიცვათ ის.
ამით ჩემი ფლექსაობა დასრულებულია, ვერ შეგპირდებით ფილმებზე კიდევ ვისაუბრებთქო, მაგრამ თუ რამე კარგს და საინტერესოს ვნახავ, დამიჯერეთ, ისევ ამხელა სტატიით შემოგივლით, რადგან სათქმელს მოკლედ ვერ ვამბობ. რა ვქნა, ბევრი ლაპარაკი გვიყვარს იმერლებს.
ავტორი: ანანო შალამბერიძე