მონობა თავისუფლებაა

ზუსტად არ მახსოვს, პირველმა ვინ თქვა, ადამიანი გონიერი არსებააო.

მაგრამ აშკარად ქართველზე არ უთქვამს.

ეტყობა, ვერ გაჭვრიტა, 2022 წელს, ამ შუა ზაფხულს, შიგ, რუსეთის დუმაში — და ცოტა იქითაც, საჯდომის წიაღში მყოფ თითოეულ ქართველს ოფლი წურწურით როგორ ჩამოუვიდოდა.

მაგრამ, ალბათ, ეს ოფლი არაა, უბრალოდ, ძველ დიდებას, გმირებს, ერთმორწმუნე მოძმეებს — ყველაფერს ერთდროულად ვგლოვობთ და ცრემლი მთელი კანიდან გამოდის.

ერთი რაც ვიცი ისაა, რომ ევოლუციას სადღაც ფეხი აუცდა და ქართველებს ის გენები გაგვძვრა, იბერია რომ უნდა გაებრწყინებინა.

კრიტიკული აზროვნების ქონა რჩეულთა ხვედრია, ხოლო რჩეულნი ცოტა არიან.

ან, ჩვენს შემთხვევაში, ვაააფშე არ არიან.

ადამიანი ცხოველია.

ზოგი — უფრო.

ჩვენი ბაზისური მოთხოვნილებები და ინსტინქტები არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვრის მოთხოვნილებებისგან.
თუმცა, რავი, ევროპელი ძუძუმწოვრებისგან შეიძლება ცოტა განსხვავდებოდეს, დღეის მონაცემებით.

მაგრამ ადამის მოდგმის ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, დავინახავთ, რომ ინსტინქტები, რომლებმაც ერთი შეხედვით უნდა გადაგვარჩინოს, ჩვენივე დამონების ბერკეტები ხდება.

დამონების ბევრი რეცეპტი არსებობს.

დაგუგლეთ — შიში, აზროვნების სიდუხჭირე, შიმშილი, სიცივე, ტკივილი, ალკაგოლი, 50 მანეთად გადაფრენა და სხვ.

ამათ საპირწონედ იქვე — მათრახი და პური.

დიდი არაფერი შეცვლილა.

უფრო მეტიც, უფრო დავოსტატდით ერთმანეთის სწრაფმოხმარებაში.

ერთი ისაა, იმიჯი შევიცვალეთ — მაგალითად, ჩვენთან, გაბრწყინებულ იბერიაში კოსტიუმები გვაცვია და მოძმე ერისგან ნათხოვარ ჩექმას — მცოცავ საზღვარზე ტალახში რომ ამოვთხვარეთ, გაპიწკინებული ბრენდული შარვლით ვფარავთ და ხან პარლამენტში წავფლატუნდებით და ხანაც იმ მოედანზე, თავისუფლების რომ ჰქვია და ბოლო 33 წელია სხვადასხვა სისხლით რომ ირწყვება — უფრო სწორად, ისე გამოდის რომ, ჩვენვე ვრწყავთ.

 
მონობის სიტკბოება

ქრონოლოგიურ ხაზზე გაგვიჭირდება იმ მომენტის მოხაზვა, როცა ადამიანის ცნობიერებაში პირველად დაიბადა თავისუფლების ცნება.

Რევოლუციური მომენტი ნამდვილად იქნებოდა.

Რადგან, ცნობიერებაში თავისუფლების დაბადებასთან ერთად ადამიანი წინააღმდეგობაში მოვიდა თავის ბაზისურ ინსტინქტებთან — რომლებიც ეუბნებოდა, მთვარია თბილად იყო, ჭამო და გამრავლდე, თავისუფლებას აფრიკელი ლომები მიხედავენ და მერე ქართველები დავიბრალებთო.
პრინციპში, თავისუფლების ცნების დაბადება ქართველის ადამიანის ცნობიერებაში შეიძლება ევოლუციური მომენტიც ყოფილიყო.

მაგრამ ისევ, ქართველებს სადღაც ფეხი აგვიცდა ევოლუციის გზაზე და ახლა ბუნდოვნად, მაგრამ, მაინც, – კონკრეტულად დებილების ხმები გვესმის ტელევიზიებიდან, ორივე პარლამენტიდან და თბილისში აქა-იქ ჩადგმული ალტინფოშნიკების ჯიხურებიდან — სადაც, 20 თეთრს და კილონახევარ კარტოფილს თუ დადებ — 41 ფაქტს მოგიყვება საქართველო-რუსეთის უსისხლო ისტორიიდან — რომელიც მათრახის გარეშე, მხოლოდ ნამცხვრებით იყო სავსე.

თავისუფლებამ შემოიტანა ადამიანში მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობა,

Რადგან

თავისუფლებისთვის გიწევს იაზროვნო.

ერთი იმაში არ გაგვიმართლა, რომ აზროვნება მტკივნეული პროცესია, ქვეყანაში კიდე — გამაყუჩებლები აღარ იშოვება, უკვე დიდი ხანია.

თუმცა, ისიც არ დაგვავიწყდეს — რომ უმეცრება ძალაა!

 

кнут и пряник

ზოგჯერ, გლუკოზით მოგვრილ სიტკბოებაში, რთულია იქვე დაინახო ხელი, რომელიც მათრახს იქნევს და მისი ერთი ბოლო შენ, ხოლო მეორე შენს შვილს, შვილიშვილს, მომავალ 7 თაობას ხვდება და კარმულ ვალად მიჰყვება.

ნამცხვრისა და მათრახის პოლიტიკას წარმატებით იყენებდნენ ქართველებში რუსული სულისკვეთების გასაძლიერებლად. აქვე დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ეს სულისკვეთება ნამცხვარმოწყურებულ ქართველებში ჯერ ისევ ბობოქრობს სწორედ იმ მუტირებული გენების წყალობით, თავის დროზე ერთ ქართველს რომ ათქმევინეს — ერეკლე მეორეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო.

აბა, ჩვენ ვიცით.

გული მიგრძნობს, დაგვრჩებოდა კიდევ რაღაცები ლარად გასაყიდი.

და აქვე, ჩემი მეგობრის მიერ დაწერილ ერთ ჩანახატს გადმოგცემთ, გაბრწყინებულ იბერიაში რომ ახდება.

არაქართულ ოცნებას გორგოლაჭებიანი სკამებიდან რომ ჩამოვხსნით, მეგრულ რესტორანს გავხსნი, იქ მიმტანებად ქოცებს დავაწყებინებ მუშაობას. მაგიდებს ჩამოუვლიან ქვაბით ხელში და იკითხავენ:

‘ღომი გინდათ? ’

თავისუფლების სიმწარე

ეს ადგილი, ჯერ-ჯერობით ცარიელი რჩება.

მერე ვნახოთ,

უკვე რომ ვიგემებთ.

ქრისტესშობიდან 2022 წელი, მომავალ თაობებს რომ არ უნდა დავუტოვოთ — ისეთი საქართველო.