
დავიწყოთ ჩვენით – სტუდენტობა გაბრწყინებულ იბერიაში
ჩვენი მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ სტუდენტური წლები საუკეთესო წლები იყო.
შემდეგ იმიტომში ამაზე ბლოგიც დავწერეთ და ვეცადეთ ქართველი სტუდენტის ცხოვრების მოკლე ანალიზი დაგვედო.
საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ სტუდენტობა შედარებით უკეთესი პერიოდია რიგითი ქართველის ცხოვრებაში, თუმცა არა საუკეთესო.
უნივერსალურად დამახასიათებელი გამოცდილებების გარდა, რომლებსაც ოკეანეთა გადაღმა ყველანი თანაბრად გავდივართ ხოლმე, ძალიან ქართული მომენტებიც გამოიკვეთა, რომელიც მეტწილად მაინც სიტყვა და კონცეპტ ‘სიღარიბეს’ უკავშირდებოდა.
ამის გარდა სხვა ბრძოლებიც ბევრი იყო:
ამას რომ დავამთავრებ, მერე რა იქნება? აღარ მომწონს რასაც ვსწავლობ, მაგრამ ფული უკვე გადახდილია… იქნებ სამსახური ვერ ვიშოვო (დიდი შანსია შენი პროფესიით ვერ იშოვო) … ქალაქში ბინის ქირა არ გამიძვირონ (დიდი შანსია გაგიძვირონ)
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვისწავლეთ სტუდენტობაც, გადარჩენაც და ის დამატებითი პროფესია, რომლითაც ახლა ვმუშაობთ და რომელსაც ჩვენი ბაკალავრის ხარისხთან კავშირი ან საერთოდ არ აქვს, ან უბრალოდ ფსიქოლოგია დაამთავრეთ და ეგ, ხომ იცით, ყვეელგან გადგება 😉
ყველა ქვეყანას თავისი ბრძოლა აქვს… ყველას…
მაგრამ ჩემს მეგობარ EU-ელებს (ევროკავშირისპასპორტიანებს) რომ ვაკვირდები, მგონი მაგათ ეს ბრძოლა… არ აქვთ
სტუდენტობა ევროპაში
ევროპელ სტუდენტებს სხვა თუ არაფერი, იმის იმედი მაინც აქვთ, რომ გერმანიაში მიღებული განათლება, ნორვეგიაშიც ისევე გაუხსნის სხვადასხვა კარს, როგორც თავად გერმანიაში.
ანუ, იქ მიღებული დიპლომი საერთაშორისოდ ითვლება და აღარ გიწევს იმაზე დარდი, რომ კიდევ ერთხელ მოგიწევს საბაკალავროსა თუ სამაგისტროს დაწერა იმის დასამტკიცებლად, რომ კი, მართლა რაღაც გისწავლია.
მთლად იმას ვერ ვიტყვით, საქართველოში მიღებულ განათლებას არსად აღიარებენ მეთქი – აღიარებენ გარკვეული ეტაპების გავლისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების კომისიების მიერ დადგენილი წესებისა და შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
იმისათვის, რომ უმაღლესი განათლება ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს, მუშაობა 2005 წლიდან – EHEA- ში საქართველოს გაწევრიანების დროიდან მიმდინარეობს.
სწავლის გადასახადი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება არ არის ძვირი – სახელმწიფო უნივერსიტეტი წელიწადში 2250 ლარი ღირს, ეს თანხა მაინც პრობლემას წარმოადგენს ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის.
მახსოვს, როცა ვაბარებდი, ვფიქრობდი, რომ თუ რაღაც მიზეზის გამო 100%-იან გრანტს ვერ ავიღებდი, უბრალოდ არ ვისწავლიდი და ეგ იქნებოდა.
ამ დროს რა ხდება ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში:
დანიაში სწავლა უფასოა, სტუდენტებს, კი რომლებიც მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობენ ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს უხდიან.
გერმანიაში სწავლა უფასოა, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის.
საფრანგეთში ევროკავშირის ან EEA წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სწავლა წელიწადში საშუალოდ 170 ევრო ჯდება.
ანუ, გაცილებით იაფი, ვიდრე ეს საქართველოში 1.5 თვეში დაგიჯდებოდა.
რა ჯდება ცხოვრება
Cost of living – საფრანგეთში ერთი სტუდენტისთვის 700-1200 ევრომდე მერყეობს. გერმანიაში დაახლოებით 850 ევროა განსაზღვრული და ეს ფასი მოიცავს ბინის/ოთახის ქირასაც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში cost of living ძააალიან მაღლადაც არ ითვლება ევროპის ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და საშუალო ხელფასების გათვალისწინებით ჩვენთან ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი გამოდის.
თვეში საქართველოში ცხოვრების ხარჯი 616$ გამოდის, ოღონდ ეს არ მოიცავს ბინის ქირას, რომლის ფასი განსაკუთრებით გაძვირებულია რიგი მიზეზების გამო – ახლა ბინის 1 თვით ქირაობას 350$-760$- მდე მერყეობს, დამოკიდებულია ლოკაციაზე.
ამასთან ევროპის უნვიერსიტეტების უმრავლესობას სტუდენტებისთვის განსაზღვრული საცხოვრებელი აქვთ, რომლებიც შედარებით იაფი ღირს და ტერიტორიულადაც ახლოსაა უნივერსიტეტთან.
სტიპენდია
სტიპენდია საქართველოში სემესტრულად, ‘კარგი სწავლით’ მიღებულ თანხას გულისხმობს, რაც 750 ლარს უდრის სემესტრში თვეში 150 ლარი).
ევროპის ქვეყნებში ‘სტიპენდიები’ განსხვავდება რეგიონების მიხედვით:
მაგ: გერმანიაში DAAD- ის სტიპენდია, სწავლის საფასურის დაფინანსებასთან ერთად გულისხმობს 861 ევროს ოდენობის სტიპენდიას ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ხოლო 1200 ევროს დოქტორატურის სტუდენტებისთვის.
საფრანგეთში Eiffel Excellence Scholarship Program მაგისტრანტებს სწავლის საფასურის დაფინანსების გარდა 1,181 ევროს ოდენობით სტიპენდიას, ხოლო დოქტორანტურის სტუდენტებს 1400 ევროს აძლევს – და ამ თანხაში არ შედის მოგზაურობისა და ჯანრმთელობის დაზღვევის ხარჯები.
Erasmus +
ანუ ის რითიც ქართველმა ბავშვებმა ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა გამოსცადეს. Erasmus + არის გაცვლითი პროგრამა, როგორც ბაკალავრიატის, ისევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც, რომელიც საშუალებას გაძლევს ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში 3-12 თვემდე ისწავლო, ამისთვის კი თვეში საშუალოდ 600-800 ევრომდე დაფინანსებას იღებ. სტიპენდიის რაოდენობა დამოკიდებულია რეგიონზე.
დეტალების სანახავად, შეგიძლიათ Erasmus + ის ვებსაიტს მიაკითხოთ.
და უეჭველი შეავსოთ განაცხადიც.
ჯანმრთელობის დაზღვევა
ევროპის მოქალაქე სტუდენტები European Health Insurance Card – ის მფლობელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შეგიძლია სტუდენტური დაზღვევის გამოყენება, დისქაუნთების მიღება და ამისთვის არ გჭირდება კერძო დაზღვევის ყიდვა.
საქართველოში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა – სტუდენტური დაზღვევა თითქმის იგივეა როგორიც საყოველთაო დაზღვევა.
ანუ, not that great.
ყველა სიკეთესთან ერთად, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შიში იმისა, რომ სამსახურს საკუთარი განათლებითა და პროფესიით ვერ იშოვი, დაბალია. ხშირად უნივერსიტეტები თავად გეხმარებიან სამსახურის დაწყებაში. ბონუსად – თუ შემთხვევით სამსახური ვერ დაიწყე, ან სამსახურიდან გამოგიშვეს და ახალიც ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს 1. პოვნაში გეხმარებიან, 2. საარსებოდ მომავალი 1 წელი ხელფასს გიხდიან (მაგ: დანიაში კომპანიებში ეს წესი არის დანერგილი)
მოკლედ, შეგიძლია გაიხსენო ყველა ეკონომიკური დეპრესია, რომელიც ახალგაზრდობაში გამოიარე, გადარჩენისთვის ბრძოლის მომენტები და იცოდე, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი არ გაგევლო …
იმედია, მომავალ თაობებს იგივეს გავლა არ მოუწევთ.
პ.ს Erasmus + ძაან კაი იყო tho.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დემოკრატიის ლაბორატორია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
