შალვას საბჭოეთი კარგად აგონდება.
გადაფრინდებოდა მოსკოვში 35 მანეთად, რუსულ საშოში თავის მამაკაცურ ღირსებას დაამტკიცებდა და ცოლისთვის და ბავშვებისთვის დათუნია შოკოლადები ჩამოჰქონდა.
ნოსტალგია კარგი გრძნობაა, მაგრამ გააჩნია რისი ნოსტალგია გაქვს ადამიანს. ახალგაზრდობის, თონეში ბებოს გამომცხვარი ლობიანის თუ 35 მანეთად მოსკოვში გადაფრენის — სახელმწიფოებრიობის, გარუსების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარჯზე.
ახლაც, როცა რუსეთის სისასტიკეს ყოველდღიურად ვხედავთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მონობის სურვილი კვლავ აქვთ.
რა გაგვიკეთა კარგი რუსეთმა, გარდა იმისა, რომ შალვა 35 მანეთად დაფრინავდა მოსკოვში?
მუდმივი ღალატი
ისტორიულად ქართველებს ამოსუნთქვის საშუალება არასოდეს გვქონია. არაბები, თურქ-სელჩუკები, მონღოლები, თემურ-ლენგი, შაჰ-აბასი, ოსლამები და მოკლედ ვისაც არ ეზარებოდა ყველა ჩვენ გვაოხრებდა.
ერთმორწმუნე რუსების დამაიმედებელი სიტყვების მიუხედავად რუსეთისგან ვერაფერი მიიღეს შემოსევებით დაღლილმა კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ, სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა და ვახტანგ VI-მ.
შეგვატოვეს სპარსელებსა და ოსმალებს.
ალბათ იმიტომ, რომ მათი მიზანი დახმარება არც არასდროს ყოფილა.
«თანამშრომლობიდან» ანექსიამდე
რუსებმა არც გიორგიევსკის ტრაქტატის დროს უმტყუნეს თავიანთ მოღალატეობრივ ბუნებას და საქართველო კვლავ მარტო დატოვეს მტრების პირისპირ.
რუსეთთან «თანამშრომლობამ» კი სახე საბოლოოდ იცვალა, რასაც საქართველოს სამთავროების ანექსიები მოჰყვა.
ალბათ იმიტომ, რომ მათი მიზანი დახმარება არც არასდროს ყოფილა.
გასაბჭოება და რეპრესიები
1921 წელს გაგვაწითლეს, გაგვასაბჭოეს და მთავრობა ემიგრაციაში გაგვიქციეს.
გაგვიუქმეს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.
დაგვიხვრიტეს და გადაგვისახლეს ინტელიგენცია და არა მხოლოდ. რეპრესიებმა ყველა სოციალური ფენა მოიცვა.
ერთმორწმუნებოით აგვიფეთქეს ეკლესიები და გადაგვიღებეს ფრესკები. აგვიკრძალეს ქართულად საუბარი და ლოცვა. მღვდლები წვერებით გვითრიეს.
ადამიანებში განსვავებულის მიუღებლობა, მტრად აღქმა და სიძულვილი ჩანერგეს, რაც დღემდე ჩვენი საზოგადოების ნაწილის აზროვნების ხარვეზად რჩება.
ალბათ იმიტომ, რომ მათი მიზანი დახმარება არც არასდროს ყოფილა.
ოკუპირება
წაგვართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო.
მოგვიკლეს, გვიწამეს, გაგვიუპატიურეს უდანაშაულო ადამიანები და თოვლში გაგვიყინეს ახალშობილები.
ალბათ იმიტომ, რომ მათი მიზანი დახმარება არც არასდროს ყოფილა.
და მაინც რა გაგვიკეთა კარგი რუსეთმა, გარდა იმისა, რომ შალვა 35 მანეთად დაფრინავდა მოსკოვში?