ენას ბევრი რამის გამოთქმა, გამოხატვა, აღწერა შეუძლია, მაგრამ რა ხდება, როცა ტკივილი ენით აღუწერელია?
ტელეფონზე მიჯაჭვულობა ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ ამ დღეებში ყველანი გაშეშებულები, კიდევ უფრო უარესი კატასტროფების შიშით შევყურებთ ეკრანს და გაფაციცებული ვეძებთ რაღაც ისეთ სიახლეს, რომელიც იმედის ნაპერწკალს გაგვიჩენს: «რუსეთის ჯარმა უკან დაიხია», «უკრაინამ გაიმარჯვა…»
2008 წელს მახსოვს, რომ ცა უეცრად ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი გახდა, მე-13 სართულზე «გამოკიდებულს» თვალწინ მედგა, როგორ გვეჯახება რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და ყველაფერი მთავრდება.
«როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება ამის შემდეგ?» ვფიქრობდი მაშინ და ახლაც ეს შეგრძნება მაქვს, მაგრამ რას ფიქრობენ და განიცდიან ის ჯარისკაცები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ სიკვდილი ელით?
მერე მოდის ბრაზი, რომ მე აქ, სახლში თბილად ვზივარ, როცა უკრაინელი მესაზღვრე სიკვდილს მორჩილად ელის და რუსულ სამხედრო გემს «ნა ხუი» უშვებს.
ამ დროს აქვს ადამიანს შეგრძნება, რომ ბილწსიტყვაობა უკანასკნელია, რაზეც შეიძლება იდარდო. მახსოვს, მახათას მთა რომ დაბომბეს, საწოლიდან წამოვხტი და გაუკონტროლებლად დავიწყე ბილწსიტყვაობა, დედაჩემმა საყვედურის თვალებით კი შემომხედა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა რამის თქმას. ამ დროს შიშის, ბრაზის და ტვინში არაამქვეყნიური ქაოსის გარდა ყველაფერი ქრება.
რა თქმა უნდა, ამ უსუსურობის შეგრძნებიდან თავის დასაღწევად შეიძლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხები გადავრიცხოთ, უკრაინელები შევიფაროთ და იმედი არ დავკარგოთ, რომ ადრე თუ გვიან, როგორც უკლებლივ ყველა იმპერია, რუსეთის ჩამპალი და ავადმყოფური იმპერიაც აუცილებლად დაინგრევა.
მერე ჩვენს ენას გადავხედოთ. ნატანჯი ხალხის ენას… ქართული ყოველ მეორე სიტყვაში ინახავს ომის საზარელ ისტორიას:
— დილა მშვიდობისა
— ღამე მშვიდობისა
— მშვიდობით
— ღმერთმა მშვიდობა მოგცეს…
— ხომ მშვიდობაა?
— მშვიდობაში
ამ ფრაზებს ყოველდღე ვიმეორებთ და ვხვდები, რომ ყოველთვის ქართველს უმთავრესი რამ — მშვიდობა ჰქონდა სანატრელი.
და თუ მშვიდობას ვერ ვეღირსებოდით, მაშინ გამარჯვებას ვეტრფოდით და მარცხს გავურბოდით:
— გამარჯობა
— გაგიმარჯოს
— მარჯვენა, მარჯვე ხელი
— მარცხი, მარცხენა…
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ომი ზედმეტად ნაცნობი საკითხია და ვეცადოთ, ისე დავუჭიროთ უკრაინას მხარი, როგორც შეგვიძლია. თანაც, საკუთარ ისტორიასაც გადავხედოთ, თუნდაც ენის დახმარებით. გავაქროთ საუბრიდან ყველა რუსული ჟარგონი და გავიაზროთ: რუსეთი ჩვენი ენის და სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი მტერია.
ავტორი: სალომე ჯაფიაშვილი