ELECTIONS ARE COMING – ანუ, ,,სამეფო კარის თამაშები” ქართული ოცნების წარმომადგენლების შესრულებით

ავტორი, ანუ მე, რომელიც ახლა სამზარეულოს მაგიდაზე მოთავსებულ ლეპტოპზე, თითებს აწკაპუნებს და წერეთლის გამზირიდან შემოსულ ხმაურს არც თუ ისე ლამაზი სიტყვებით ამკობს, ფიქრობს, დღევანდელი პოლიტიკის ,,სამეფო კარის თამაშებთან” დაკავშირებით, ხომ არ ეხება ისეთ სიწმინდეს, რომელსაც ,,გოთის” ფანები ვერასდროს აპატიებენ, ან იქნებ ვერც საკუთარ თავს აპატიოს ოდესმე… მაგრამ, ქართული პოლიტიკური ლანდშაპტი იმდენად მრავალფეროვანია და ,,ქართული ოცნებაც” იმდენ კომიკურ და სახასიათო პერსონაჟებს გვჩუქნის, ამისთვის გვერდის ავლა უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა. 

 

ჯორჯ მარტინი ხომ იცით, აი ის კაცი დღემდე წიგნებს რომ წერს ,,სამეფო კარის თამაშების” შესახებ და რო ვერ დააყენა საშველი დასრულებას, დაახლოებით ბიძინას დაპირებებს გავს ორასი ათასი ქარხანა იგუგუნებს საქართველოშიო 2012 წელს რომ განაცხადა. არ ვიცი, იქნებ სადმე, წარმოსახვით სამყაროში ჯორჯ მარტინიც ასრულებს წიგნებს და ის ქარხნებიც ულამაზესი კვამლით ღებავენ საქართველოს ულამაზეს ცას. ,,სამეფო კარის თამაშები” თავის ჟანრში საუკეთესო სერიალი რომ არის, ამაზე არავინ დაობს, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება სტატიის ქვემოთ ჩემს ფბ ლინკს ჩავაგდებ და შემიძლია ჭეშმარიტ ღმერთზე და გოთის უპირველესობაზე ერთდროულად, ყოველგვარი დაღლის გარეშე ვესაუბრო. ,,ქართულმა ოცნებამ” მმართველობის აგერ უკვე მე-12 წელს უამრავი ,,აიქონიქ” მომენტი და პერსონაჟი შემოგვთავაზა, ჰოდა მეც ჩემი სხარტი გონებითა და წარმოსახვის საკმაოდ კარგი უნარით, ამ ორი მოცემულობის დაკავშირება გადავწყვიტე. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, კუზიანს სამარე ვერ გაასწორებსო, ზუსტად ასეა ჩემი და ფლექსაობის ამბავი. ჰოდა, მოდი, ვიფლექსავებ 26 ოქტომბრამდე და გავაშარჟებ ოცნების წარმომადგენლებს, რა იცი, იქნებ თქვენი მონა-მორჩილი, ანუ მე, არჩევნების მერე სახელმწიფოსთვის საშიშ მელექსედ გამომაცხადონ და ჩემი კალმის მზე სამუდამოდ ჩაესვენოს უკუნ, ტოტალიტარულ სიბნელეში. 

 

შენიშვნა! თუ ვინმე ამ სტატიაში სერიოზულობას და სიდინჯეს ეძებს, სჯობს იმედების მსხვრევის ხმას შეაჩვიოს ყური. თან ,,ოცნება” მყავდეს ხელისუფლებაში და თან სერიოზული სტატიები ვწერო? Naah, too much for me

 

მოდი დავსვათ კითხვა: როგორი იქნებოდა ,,სამეფო კარის თამაშები” , მასში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რომ მიეღოთ მონაწილეობა? მავანმა და ბოროტმა შეიძლება თქვას, რაზე ფიქრობს ეს ახალგაზრდა გოგოო, მაგრამ ჩემი აზრით, ქვეყანას იმისთვის მოვევლინე, რომ წარმოუდგენელი რაღაცები დავაკავშირო და ფიქრის უნარი დღითიდღე, უფრო და უფრო, გავაუმჯობესო. ჰოდა დავიწყოთ.

ერთი მეზობელი მყავდა პოლიტიკაში საკმაოდ ჩახედილი, აი ზვიადის დროიდან მოყოლებული ყველა ადამიანის საქმიანობა და ჩეპეები რომ იცოდა. ჰოდა სანამ ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში ერთხელ, ერთ ქუთაისურ საღამოს, როცა მეზობლები ეზოში ვისხედით და ყველაფერზე ვსაუბრობდით, გაგვეგებოდა თუ არა(მე მაშინ პატარა ვიყავი და მხოლოდ ბარსელონა მაინტერესებდა, პრინციპში ახლაც მხოლოდ ბარსელონა მაინტერესებს) ამ ღვთისნიერმა კაცმა თქვა, ოცნება რო მოვა სათავეში ნაცებზე უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანასო. ატყდა, მაგრამ რა ატყდა, კაცი ლამის ქუჩიდან მოკვეთეს და სუნთქვა აუკრძალეს, ჰოდა ახლა, ამას რო ვწერ, რა მახსენდება იცით? პირველივე სერიაში ნედ სტარკმა ერთ საწყალ კაცს თავი მოკვეთა, რადგან ამ უკანასკნელმა თქვა კედლის იქით მკვდრების მოსიარულე არმიააო, ნედმა რას ბოდიალობო ჩემი მეზობლებივით შეიცხადა და გააგდებინა თავი, მაგრამ ახლა ყველამ ვიცით, რომ ჩემი მეზობელიც და ის საწყალი კაციც ტყუილად დასაჯეს და აქედან გამომდინარე ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ხშირ შემთხვევაში რეალობასთან ყველაზე ახლოს სწორედ თავდაპირველად დაუჯერებელი ამბებია. 

ემილია კლარკმა მაპატიოს, მაგრამ ბოლო სეზონში სუფთა ტირანად იქცა და ამიტომ მის როლს ჩემებურ სერიალში, აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი შეასრულებდა. და ზუსტად ამ დროს ვადგებით ჩემთვის საყვარელ მომენტს. დეინერისის დრაკონები, მისი ე.წ. ხელის ბიჭები იყვნენ, ერთი დრაკარის საკმარისი იყო და გადაწვავდნენ ყველაფერს, თუმცა ერთ-ერთი დრაკონი გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე მკვდრების მოსიარულე არმიის მხარეს გადავიდა(მისგან დამოუკიდებლად). დეინერისის, ანუ ჩემებურად ივანიშვილის სამი დრაკონი ასე შეიძლება დავასახელოთ : დროგონი – რომელიც დენის ყველაზე მეტად უყვარდა, შეიძლება ღარიბაშვილი იყოს, რადგან ბიძინას და ირაკლის ურთიერთობა განსაკუთრებულია, რასაც ისიც მოწმობს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში სწორედ ბიძინას თხოვნით დაბრუნდა. მეორე დრაკონი, რეიგალი – სავარაუდოდ ან კახა კალაძე იქნება, ან კობახიძე, რომელიც ბიძინას ასევე განსაკუთრებულად უყვარს. ხოლო მესამე დრაკონი, ვისერიონი, რომელიც თავიდან დეინერისის დრაკონი იყო, ხოლო შემდეგ მკვდარი არმიის მხარეს იბრძოდა შეიძლება გახარიასთან დავაკავშიროთ. გახარიას და ბიძინას ერთი დიდი საერთო ჰქონდათ, ორივეს მოსკოვში ჰქონდა აწყობილი ცხოვრება და სწორედ ამიტომ იბრძოდნენ ერთმანეთის მხარდამხარ, მანამ, სანამ გახარიამ ოპოზიციურ მხარეს არ გადაინაცვლა და ვისერიონივით არ დაიწყო მისი ძველი მბრძანებლის წინააღმდეგ ბრძოლა. ჰოდა დარჩა ემილია კლარკი, როგორც ბიძინა ორი დრაკონით, მაგრამ ხალხის გაღატაკება და ქვეყნის უკან დახევა არც მათი დახმარებით არ გასჭირვებია და ახლა ის არის საინტერესო 26 ოქტომბერს ხალხს თუ გვეყოფა იმის ძალა, რომ ჩრდილოეთის კედელი ხელახლა ავაშენოთ და რუსები თავიანთ გაყინულ და სპირტის სუნით აყროლებულ მხარეში დავაბრუნოთ.

 

საკმარისია ალტ-ინფოს და კონსერვატორთა პარტიის გამოსვლებს გადახედოთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ისინი სერიალში არსებული ველურების არმიის წარმომადგენლები არიან. ზუსტად ისე ჩხუბობენ, როგორც ველურთა არმია, ისე საუბრობენ როგორც კჰალ დროგოს ხალხი და სავარაუდოდ, ისე აზროვნებენ, როგორც ველურები!

 

ჯორჯ მარტინს დღევანდელი ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სიისთვის რომ გადაეხედა, მისი გამჭრიახი გონებით ძალიან მარტივად დაინახავდა იმ მსგავსებას, რაც ჰოდორსა და ლაშა ტალახაძეს შორის არსებობს. პირველ რიგში მოცულობითი, ხოლო შემდგომი თვალსაზრისით ფუნქციური მსგავსება ჩემთვისაც მარტივი შესამჩნევია. ხომ გვახსოვს ჰოდორი როგორ იკავებს კარს, როცა ბრანი სამშვიდობოსაა და მოსიარულე მკვდრებისგან საფრთე აღარ ემუქრება, აი ზუსტად ეგრე უნდა დაიცვას ლაშამ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვინმე არასწორად რომ არ შეეხოს ან კობახიძეს, ან კალაძეს, ან ღარიბაშვილს. მე შენ გეტყვი სადაც ლაშა დგას, იქ ვინმე მუშტის მოღერებას გადაწყვიტავს. უნაააგიიიი, როგორ გათვალა ბიძინამ, სლეი ბატონო დიქტატორო.

 

თეა წულუკიანი, როგორც არია სტარკი. არია, მაპატიე. მაგრამ როგორც არია იტყოდა not today-ო, ზუსტად ისე ამბობს უარს თეა წულუკიანი კულტურის მინისტრობის პოზიციის დატოვებაზე. თან ფიზიკური აღნაგობაც ორივეს მსგავსი აქვს. თეამ 2012 წლის არჩევნებზე, ნაც მოძრაობის წევრები დებატებში ისე ათრია , ბოდიში, მაგრამ არია სტარკთან რო არ გამეიგივებინა, საკუთარი თავი ამას ვერ მაპატიებდა. ეს ერთი ციდა ქალი, ფაქტია ბევრს თავის ჭკუაზე ატარებს და ჯერჯერობით მის შეცვლას ვერც ბატონი ბიძინა ბედავს. 

 

გოთზე ისე როგორ ვისაუბრო, ბატონი ნეკა(პიტერ ბეილიში) რო არ ვახსენო, რომელიც ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და იმ ძალას ირჩევდა, რომელიც საკუთარი თავისთვის უსაფრთხოებას მოიტანდა. დაახლოებით ესეთი პიროვნებაა დავით უსუფაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი აღარაა, მისი მოღვაწეობა ძალიან წააგავს ნეკას როლს სერიალში. ნეკაც ხან ბარათეონის კაცი იყო, ხან სერსეის, ხან სანსასი. სადაც პირად სარგებელს დაინახავდა თავისი გამჭრიახი გონებით მაშინვე ერგებოდა მოცემულობას. უსუფაშვილიც თავიდან რესპუბლიკელებში იყო, შემდეგ ოცნებას შეუერთდა, მერე მიხვდა ოცნება აღარ ვარგოდა და თავისი პარტია დააფუძნა, ამასობაში ასპარეზზე დოლარებიანი ბიძიები გამოჩდნენ და უსუფაც ,,ლელოს” წარმომადგენელი გახდა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნეკას მსგავსად, ბატონი დავითიც საკმაოდ განათლებული და გამჭრიახი გონების პატრონია. იმ ცოდვას ვერ დავიდებ ჩემს სუსტ მხრებზე, რომ ამ კაცის განსწავლულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო. 

 

ნება მიბოძეთ დღევანდელი ნინო წილოსანი სერიალის ადრეულ სტადიაზე მოასპარეზე სანსა სტარკს შევადარო, რომელსაც არაფერი აინტერესებდა ლამაზი კაბების და ვარცხნილობების გარდა. დროთა განმავლობაში თუ სანსა მმართველობის საფუძვლებს კარგად დაეუფლა, ქალბატონმა ნინომ ინფლუენსერობა გადაწყვიტა და პატარ-პატარა ვიდეოებით საზოგადოებას ყოვლად უსარგებლო კონტენტს აწვდის. ასეა ქალბატონო ნინო, ყველა ისე ვერ განვითარდება, როგორც ეს სანსა სტარკის პერსონაჟმა შეძლო.

 

ათი ადამიანიდან ცხრას რომ ჰკითხო, გოთის ყველაზე საძულველი პერსონაჟი რომელიაო, ალბათ ან ჯოფრი ბარათეონს გეტყვიან, ან რემზი ბოლტონს. მე ამ უკანასკნელზე შევჩერდები.  ზოგადად, ბობოლა ტიპების გარდა, ქართულ ოცნებას სატელიტი პერსონაჟებიც ჰყავს, რომელიც პოსტების სახით ავრცელებენ სიცრუეს და სიძულვილს, ჰოდა ამათ შორის ყველაზე ცუდი პერსონაჟი ჩემთვის დიტო სამხარაძეა. დიტოს ჰყავს თავისი ტიტუშკები, როგორც რემზის ჰყავდა ძაღლები, გარკვეული ხანი რომ აშიმშილებდა და შემდეგ ადამიანების ხორცით კვებავდა. ჰოდა დიტო, გადაახვიე იმ მომენტზე როგორ ისჯება რემზი ამდენი ცუდის გამო და იქნებ დაფიქრდე, ღირს კი ყველაფერი ამად? თორე საქართველოში რაც არ გვიჭირს ძაღლებია ჩემი ძმაო, უფრო სწორად ადამიანები, რომელსაც შავი საქმეების გასაკეთებლად იყენებ და არც მათი სანდოობაა გაუტეხელი.



შენიშვნა #2: მეორეხარისხოვან როლებში შეიძლება ითამაშონ:

  • ქოფაკი, როგორც ხარება
  • რობ სტარკი, როგორც მამუკა ბახტაძე, ხალხს რომ ეგონა ა, ეს გვიშველისო
  • თეონ გრეიჯოი(აუტანლობის პერიოდში), როგორც მიხეილ ყაველაშვილი

 

ჰოდა ამ სერიალში, ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჩრდილოეთის კედლის აღდგენაა და იმ ადამიანების გადათრევა კედლის მეორე მხარეს, რომელიც პირის გემოთი ბორშს ვერ ცდება, ხოლო აზროვნებით კჰალ დროგოს ველურების არმიას. In October 26 we must protect each other. როცა საარჩევნო ბიულეტინები აფრიალდება და ყუთებს თავი მოეხდება ,,the lone wolf dies but the pack survives”. 

როინარებო, ანდალებო და პირველი ადამიანების შვილებო, იქნებ ერთად ვუთხრათ ,,დრაკარის” ქართულ ოცნებას და მათ მიერ დასმულ კითხვას, რუსეთს როდის ვუერთდებით, შემდეგი პასუხი გავცეთ : Not today!

შენიშვნა ავტორისგან: ,,ქართული ოცნების” რიგებში ვერ ვიპოვე ვერც ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამეიგივებინა ან ტირიონ ლანისტერთან, ან სერსეი ლანისტერთან. აქვე, ბოდიში დანარჩენ მსახიობებს, თუ სტატიის რომელიმე წინადადებაში თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.




ავტორი: ანანო შალამბერიძე