ძალადობის ციკლი

სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც შეხებია ძალადობა. ხან სახლში, ხან სამსახურში, ხან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ფაქტიურად ყველგან. ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, მთელს ცხოვრებას ძალადობის ამ ჩაკეტილ წრეში ატარებენ. სახლში ქმარი ან მამა უყვირით და ურტყამთ, სამსახურში უფროსი ხელებს უადგილოდ უფათურებს, ავტობუსში ოდნავ ამოღებულ მაისურს ვიღაც creepy ტიპები აშტერდებიან. თუ რომელიმე სიტუაციასთან შენი თავი დააrelateე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა გახსოვდეს, რომ გამოსავალი არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს გვერდში დაგიდგებიან და შეგიძლია მათი იმედი გქონდეს. ამ ხალხთან დასაკავშირებელ ნომრებს სტატიის ბოლოს ნახავ. 

ყველაზე რთული ძალადობისგან თავის დაღწევაში ისაა, რომ როდესაც შენზე ერთხელ იძალადებენ, შენდა უნებურად ჩაკეტილ წრეში ექცევი. ციკლში, რომელსაც 4 ფაზა აქვს. ყველაფერი იწყება დაძაბულობით. შენ შეშინებული ხარ, გრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს და ყველა გზით ცდილობ, მოძალადე დაამშვიდო. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს დამშვიდება არ ჭრის ხოლმე (ან შეიძლება ერთხელ გაჭრას, მაგრამ მოძალადე ადამიანი eventually გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს). ამას მოჰყვება მოძალადის მიერ მოქმედებაზე გადმოსვლა. ის გაყენებს ფიზიკურ ან/და ვერბალურ შეურაცხყოფას. ძალადობს ფიზიკურად ან/და ემოციურად. ამ დროს შენ თავს გრძნობ შეშინებულად, დამცირებულად და გაბრაზებულად, თუმცა შეიძლება უშუალოდ მომენტში შოკურმა მდგომარეობამ ხელი შეგიშალოს მოქმედებაში და ვერ შეძლო სათანადო წინააღმდეგობის გაწევა მოძალადისთვის, მაგრამ ამის გამო don’t be so hard on yourself. საფრთხის მოახლოებისას ყევლა ადამიანი სხვადასხვანაირად მოქმედებს. არსებობს სამი შესაძლო ვარიანტი: გაქცევა, გაყინვა, შებრძოლება. ამიტომ თავისუფლად შეიძლება მსხვერპლის როლში ყოფნამ გაგყინოს და ვერ მოახერხო იმის გაკეთება, რაზეც სხვა შემთხვევაში იტყოდი, აი, ამას გავაკეთებდიო. უშუალოდ ძალადობას შემდეგ მოჰყვება მოთაფლვის ფაზა. ამ დროს მოძალადე ყველანაირად ცდილობს, მსხვერპლის კეთილგანწყობა დაიბრუნოს. ამ მომენტში ხშირად მოძალადეები ე.წ. gaslightingს მიმართავენ. გაჯერებენ, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა და უბრალოდ პანიკობ. მთელი ეს ციკლი კი მთავრდება იმით, რომ შენს თავზე დამტყდარი შტორმის შემდეგ ცოტა ხნით სიმშვიდე ისადგურებს. მოძალადე თავს კარგ ადამიანად გაჩვენებს. გაჯერებს, რომ შეიცვალა და ახლა სხვა ადამიანია, თუმცა ამ ყველაფერს ციკლი იმიტომ ქვია, რომ სინამდვილეში არაფერიც არ იცვლება. მეოთხე ფაზას ისევ პირველი მოსდევს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა ძალიან რთულია, თუმცა გახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელი არ არის!

 

ძალადობის სხვადასხვა სახეები

ისიც გახსოვდეს, რომ ძალადობა მარტო ფიზიკური არაა. არსებობს ძალადობის ოთხი მთვარი ტიპი: ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური. 

ფიზიკური — ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ზიანს უკანონო ფიზიკური ძალის შედეგად. 

სექსუალური — ნებისმიერი სექსუალური აქტი, რომელიც განხორციელდა ინდივიდზე მისი თანხმობის გარეშე. 

ფსიქოლოგიური — ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ინდივიდს ფსიქოლოგიურ ზიანს. 

ეკონიმიკური — ნებისმიერი ქმედება ან ქცევა, რომელიც ეკონიმიკურ ზიანს აყენებს ინდივიდს.

 

ოჯახური ძალადობა

ოჯახური ძალადობა ალბათ ძალადობის ყველაზე მძიმე შემთხვევაა, რადგან ძალადობას სიტყვა ოჯახის ნიღაბი იცავს. მისი ქმარია როგორ შეიძლება სცემდეს? ეს კითხვა ადამიანებს იმიტომ გვიჩნდება, რომ ადამიანს, რომელიც შენი პარტნიორია, იდეაში უნდა უყვარდე და ძალადობა და სიყვარული ერთად როგორ? თუ ამ ორის არსებობა ერთად წარმოგიდგენია, ძალიან ცდები. ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, არასოდეს იძალადებს შენზე და ამას ვერანაირად ვერ გაამართლებს. ძალადობას გამართლება არ აქვს! 

არის ასეთი შემთხვევებიც — «აბა ოჯახს ჰო არ დაანგრევს?!». თუ ამ ოჯახში ერთი ადამიანი ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლია, ესეიგი ეს ოჯახი ისედაც დასანგრევი ყოფილა. 

 

ძალადობა სამსახურში

სამწუხაროდ, მოძალადეები ხშირად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც მათი თანამდებობა იცავს. დიდი კომპანიის ბოსები მათზე დაბალ საფეხურზე მყოფ თანამშრომლებს ავიწროვებენ და ჰგონიათ, რომ რადგან მათი უფროსები არიან, აქვთ უფლება «რაღაცეები» მოსთხოვონ. 

გახსოვდეს, რომ სამსახურში შენ მხოლოდ სამუშაოდ ხარ მისული და არა შენი ბოსების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გარდა ამისა, შენც ისეთივე უფლებები გაქვს, როგორიც შენს ბოსს. ამიტომ ნებისმიერ დროს, როდესაც თავს შევიწროვებულად იგრძნობ, შეგიძლია სასამართლოს მიმართო. 

 

სექსუალური ძალადობა

რა ეცვა? ამ შუაღამეს რას აკეთებდა? ყვიროდა? არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ არის ადამიანზე მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი სექსუალური აქტის გამართლება.

მნიშვნელობა არ აქვს შენ რა გეცვა. შენი სხეულია და რითიც გინდა მას იმით შემოსავ. არ არსებობს არანაირი ტანსაცმელი, რომელიც ადამიანს მოძალადედ გადააქცევს. 

არც იმას აქვს მნიშვნელობა თუნდაც ძალიან გვიან გარეთ რა გინდოდა. არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ შუაღამეს გარეთ მარტო თუ გავა, ვიღაც ტიპი რამეს უზამს.

რაც შეეხება ყვირილს, ყველა ადამიანს განსხვავებული რეაქცია აქვს ძალადობაზე. ხშირად შოკური მდგომარეობის გამო მსხვერპლს არ შეუძლია ხმის ამოღება, მითუმეტეს ყვირილი. 

თუ მსგავსი გამოცდილება გქონია, გახსოვდეს, რომ არაფერი შენი ბრალი არ არის. 

 

რა ვქნა თუ ძალადობის მსხვერპლი ვარ?

ელაპარაკე შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ახლო ადამიანებს. დაუკავშირდი ორგანიზაციებს, რომლებიც მსგავს შემთხვევებში დაგეხმარებიან. არ მოუსმინო ადამიანებს, რომლებიც ძალადობისთვის გამართლებას ეძებენ, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, ძალადობას გამართლება არ აქვს! გახსოვდეს, რომ გამოსავალი არსებობს და ამ ციკლიდან თავის დაღწევაც შეგიძლია!

 

ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია «საფარი» — 0322 30 76 03, 599 40 76 03

რეგიონებში მომუშავე იურისტების საკონტაქტო ინფორმაცია:

აჭარა — 595 407 428

ქვემო ქართლი — 599 141 936

იმერეთი — 598 611 107

კახეთი — 568 618 741

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი — +995 32 116 006