
რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ საკმარისად არ გაფასებენ? ბევრჯერ? კი, ვიცი, რომ ბევრჯერ… ჩვენი გარემოცვის ნებისმიერი წევრისგან ხომ შეიძლება ეს ვიგრძნოთ?! მაგალითად, მშობლების, შვილების, პარტნიორების, მეგობრების, თანამშრომლებისაგან და ა.შ. რას არ გვიფასებენ სათანადოდ? გემრიელ სადილს, მათთან ურთიერთობაში ჩადებულ რესურსებს, კარგად გაკეთებულ საქმეს და ძალიან ბევრ პატარ-პატარა რამეს, რომელიც შეიძლება ჩვენთვისაც არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ან ბევრს არაფერს მოითხოვდეს ჩვენგან, მაგრამ მათი არდაფასება, ხშირად მაინც გვტკენს გულს..
ახლა რაზეც მოგიყვებით, ამ დარდს ცოტა შეგიმსუბუქებთ, რადგან, ამ რეჟისორებისა და შემოქმედებითი ჯგუფების იმედგაცრუების შემდეგ, თქვენი ტკივილი აღარაფრად მოგეჩვენებათ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ:
,,10 დაუფასებელი ფილმი“
(რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ)
10. Like Crazy
დრეიკ დორემუსის ფილმი, რომელიც რომანტიკული ურთიერთობების სირთულეებზე მოგვითხრობს. ჯერ თუ არავინ შეგყვარებიათ, ან დიდი ხანია თქვენს ცხოვრებაში ნაპერწკლები არ გაჩენილა, ან თუნდაც, ბედნიერ ურთიერთობაში იმყოფებით, უყურეთ, ბანალურ, თინეიჯერულ მელოდრამას არ მიიღებთ…
9. Imaginary Heroes
ეს ის ფილმია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ რომ ვნახე, როდესაც ფილმებს მხოლოდ ტელევიზორში, ან ვიდეოს მეშვეობით ვუყურებდით. ძალიან პატარა ასაკში, იმ უიშვიათესი ღამის თენებებიდან, რომელზეც წელიწადში რამდენჯერმე მქონდა ნება დართული, ერთ-ერთის დროს ამ ფილმს წავაწყდი და დღემდე იგივე ემოცია მოაქვს, როგორც პირველად ნახვისას. ძალიან კარგი ქასთი, დღემდე პრობლემური თემები და ბევრნაირი ტიპის ურთიერთობა, ერთი ოჯახის ამბავი, რომელიც მერწმუნეთ, ბევრ რამეს გაგრძნობინებთ.
8. I Killed My Mother
ამ ფილმთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისმა რეჟისორმა, ქსავიე დოლანმა ის 19 წის ასაკში გადაიღო, სცენარის ავტორიც თავადაა და მთავარი როლის შემსრულებელიც. დედა-შვილის ძალიან მძიმე ურთიერთობა, ერთმანეთის აუტანლობა, საშინელი ურთიერთიობა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც, გულის სიღმეში ჩაძირული სიყვარული შეგიძლიათ იხილოთ, ძალიან ლამაზ, მაგრამ ცოტა სიმძიმეშეპარულ ფილმში.
7. The Hunt
თუ გაინტერესებთ, რატომაა მედს მიკელსენი სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, მაშინ გეპატიჟებით ,,ნადირობაზე“. ფილმი მოგვითხრობს, დანიის პატარა ქალაქში მცხოვრებ მასწავლებელზე, რომელიც სრულიად სულელური ფანტაზიის მსხვერპლი ხდება და რომლის ცხოვრებაც ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსება. ძალიან საინტერესო სიუჟეტი, საოცარი სამსახიობო შესრულება და ბევრი ემოციის მიღება თუ გინდათ, ჩაუჯექით.
6. MOTHER
დარენ არანოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რომლის კონტექსტიც თუ თავიდანვე არ იცით, იფიქრებთ, რომ უბრალოდ წყვილის თანაცხოვრებაზე მოგვითხრობს, მაგრამ რამდენიმე წუთში ხვდები, რომ აქ რაღაც ისე არაა. სიუჟეტის მოულოდნელი, ცოტა საშინელი განვითარება, გაიძულებს, რომ თვალის მოუშორებლად უყუროთ ეკრანს და კიდევ ერთხელ აღფრთოვანდეთ ჯენიფერ ლოურენსისა და ხავიერ ბარდემის ნიჭით.
5. Nocturnal Animals
ტომ ფორდი რომ ბევრ რამეში ნიჭიერია, მაგაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ის, რასაც ამ ფილმის ნახვისას განვიცდიდი ,,ბანალურმა ნიჭმა“ შეუძლებელია განგაცდევინოს. რა თქმა უნდა, მის რეჟისურასთან ერთად, სცენარისა და ,,შეშლილი“ მსახიობების უდიდესი დამსახურებაა, ის რაც ეკრანზე ხდება (მერწმუნეთ, კარგი არაფერია) ფილმი. რომელიც ადამიანის ბევრ მანკიერ მხარეს გაჩვენებთ და დასასრულამდე,უბრალოდ მოდუნებას შეუძლებელს გახდის.
4. Fountain
კვლავ დარენ არანოვსკის ფილმი ,,შადრევანი“ თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ვერ შეგხვდათ, ვერ მოგწერათ, ან რაიმე ნებისმიერი უმარტივესი რამ ვერ შეასრულა, იმიტომ, რომ არ შეეძლო, ჯერ ეს ფილმი აჩვენეთ, რომ ნახოს, ადამიანებს ერთმანეთის გამო რისი გაკეთება შეულიათ, როცა უნდათ, ან ჭირდებათ და მერე დაემშვიდობეთ.. თუ მსგავსი არავინ გყავთ და უბრალოდ დროსა და სივრცეში მოგზაურობა მოგინდათ, თავადაც შეგიძლიათ ძალიან დიდი სიამოვნება მიიღოთ ამ ულამაზესი ფილმით.. მერწმუნეთ, ჰიუ ჯეკმანი და რეიჩელ უაისი ძალიან მოეწონება თქვენს თვალსაც და გონებასაც.
3. Good Time
ძმები საფდების ძალიან კარგი ფილმი, რომელიც ორი ძმის ცხოვრების მონაკვეთზე მოგვითხრობს, როდესაც მათ უამრავი სირთულის გადატანა უწევთ. თუ რობერტ პატინსონი ჯერ კიდევ ედვარდ კალენთან, ან ბეტმენთან ასოცირდება და არცისე კარგ მსახიობად მიგაჩნიათ, ნახეთ ეს ფილმი და მერწმუნეთ, თქვენი შეხედულებები მთლიანად შეიცვლება.
2. The Killing Of A Sacred Deer
იორგოს ლანთიმოსის სულის, გულის გონებისა და საერთოდ ყველაფრისშემძვრელი ფილმი, ძალიან დრამატული და მოულოდნელი განვითარებით. ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ყველაზე საშინელ დონეზე გვაჩვენებს ადამიანის სისასტიკეს შურისძიების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ფილმი, გულისრევის შეგრძნება მქონდა და დასრულების შემდეგ, ერთკვირიანი რეაბილიტაცია დამჭირდა, მაინც ჩემი საყვარელი ფილმების სიაშია და ვერ ვიტყოდი რომ სიამოვნებით, მაგრამ კიდევ ვნახავდი.
P.S საოცარი ქასთია.
1. Swiss Army Man
და აი, მოვიდა ჩემი უსაყვარლესი ფილმის დროც. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ ფილმზე დაუსრულებლად, მაგრამ სამწუხაროდ სულ რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ. ეს არის ფილმი, სრულიად აბსურდული იუმორით, ძალიან მარტივი ფილოსოფიით, არც ისე მარტივი სიუჟეტით და ორი საოცარი მსახიობით. პოლ დანო, რომელის ფილმებზეც ცალკე შეიძლება მსგავსი სიის გაკეთება, არადა თაობის საუკეთესო მსახიობად მიმაჩნია და დენიელ რედკლიფი, რომელსაც სახელით ცოტა იცნობს და ყველასთვის ჰარი პოტერია, გასაოცარ დუეტს ქმნიან. ფილმის მიმდინარეობისას ძალიან ბევრ რამეზე იცინებთ, იტირებთ, დაიბნევით, დაფიქრდებით, მიხვდებით და დასასრულს ,,ეს რა ვნახე“ შეგრძნება გექნებათ. ესაა ფილმი, რომელიც არ დაგვიმსახურებია, მაგრამ გვჭირდებოდა…
ავტორი: მარიამ მირველაშვილი