ჩემი მეგობარი ტრანსგენდერია. ჩემს მეგობარს არათანაბარ პირობებში უწევს ბრძოლა. უწევს ბრძოლა, გადარჩენისთვის. მის ისტორიას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, სამი მთავარი პერსონაჟი ყავს. მსხვერპლი, «მხსნელი» და აგრესორი. მაშ ასე, ექსპერიმენტი! თხრობა იქნება პირველ პირში. მოგითხრობთ ერთსა და იმავე ისტორიას ოთხნაირად. მსხვერპლის, «მხსნელის», აგრესორისა და მე-ს თვალთახედვიდან. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია. მიეკუთვნეთ რომელსაც გინდათ და განაგრძეთ ცხოვრება ისე, თითქოს ეს სტატია არც წაგიკითხავთ, რადგან რაც არ უნდა მოგიწოდოთ მაინც ასე მოიქცევით. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ. მე ამბავს ვყვები.
ეფემია
ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ქორწილი მაქვს. ჩემი და ჩემი საქმროს მეგობრები ერთმანეთს დიდად არ იცნობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ფაქტი ქორწილს ვერ გამიფუჭებს. ჩემი მეჯვარე ლილია. ბავშვობის მეგობარი, კლასელი, კურსელი, თანამშრომელი და ა.შ მოკლედ ამ გოგოს უფრო მეტი აქვს საერთო ჩემთან, ვიდრე თავად მე საკუთარ თავთან. წინა საქორწინო ნერვიულობას ერთი პატარა სანერვიულოც ემატება. ეს ჟიზელია. ისიც ბავშვობის მეგობარია. ტრანსგენდერი მეგობარი.
პაპუნა
ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ქორწილი მაქვს. ჩემი საცოლის დაქალები, ჩემ ძმაკაცებს მოეწონებათ. ნუ ძირითადი ნაწილი მაინც, ნაშობა რა… კაროჩე ყველაფერი კარგადაა, ჩემი მეჯვარეები სანდრიკა და რევაზა არიან. მაგარი კაი ტიპები, ჩემი ძმები. ჩემი ქორწილია. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ერთი პატარა დეტალი ყველაფერს აფუჭებს. ერთი პატარა ყვერებიანი დეტალი. ის ქალკაცა მოენძრევა. არა მე კი ვიტან და ავიტან, პროსტა არ მინდა ჩემმა ძმაკაცებმა ნახონ. დედაჩემს გული დაარტყავს, რო გაიგოს ვინაა.
ჰოდა, საცოლეს ვერ ვეტყვი ამ ყველაფერს. განა მიტყდება ან მეშინია, პროსტა არ მინდა ვაწყენინო. ჩაივლის ეს ამბები და მერე დაველაპარაკები. ცოტა სხვანაირი ტიპია რა, თავის ჭკუაზე უნდა ყველაფრის კეთება. მოკლედ მირიანს უნდა ვებაზრო ისევ, ოღონდ ცოტა სხვანაირად.
ჟიზელი
ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს დაქალს ქორწილი აქვს. მიხარია, მაგრამ მეშინია მისვლა. მისი საქმრო ვერ მიტანს, თუმცა იმას ვერ ეუბნება. თავს აჩვენებს, თითქოს მიმიღო, თითქოს ჩემს ქორწილში მისვლასთან არა აქვს პრობლემა. მოკლედ მეშინია, მაგრამ ამაში ახალი რა არი რო? აუ, კაბა მაქვს სამკერვალოდან გამოსატანი. შავი სადა კაბაა, წელში გამოყვანილი. დიდი ხანია ჩაცმა მინდა, გულის სიღრმეში ყოველთვის მეგონა რომ საღამოს კაბის დანიშნულებისამებრ ჩაცმა არასდროს მომიწევდა. მაგრამ ცხოვრებამ საჩუქარი გამიკეთა. უბედნიერესი ვარ. შემიძლია ჩემი ლამაზი კაბა და დაქალის ნაჩუქარი წითელი ქუსლიანები ჩავიცვა და ქორწილში წავიდე.
(ზარი ტელეფონზე)
— ალიო
— ზდაროვა მირიან?
— მე ჟიზელი ვარ, ვინ ბრძანდებით?
— მირიან კაცურად რაღაც უნდა გთხოვო რა, კაროჩე ხვალ ქორწილი და ამბებია და ხო გესმის ბევრი ხალხი მოვა. მე არ მინდა საცოლეს ვაწყენინო, პროსტა ხო ხვდები უეჭველი გმუტლავს ვინმე. მოკლედ მე ვერ ვეტყვი ეფემიას და შენ უნდა უთხრა რა რო არ მოდიხარ
-მე მოვდივარ
— არ მოდიხარ ან კაცივით ჩაცმული მოდიხარ! თუარადა მერე სხვანაირად გაგცემ პასუხს.
(საუბრის დასასრული)
ლილი
ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს დაქალს ქორწილი აქვს. მე მეჯვარე ვარ. წინა საქორწინო ნერვიულობას ერთი სადარდებელიც ემატება. ეს ჟიზელია. ჩემი და ეფემიას ბავშვობის მეგობარი. ჩემი დაქალის საქმროს ჟიზელი არ მოწონს. მე ჩემი დაქალის საქმრო არმომწონს, რომელსაც ჟიზელი არ მოწონს.
(ზარი ტელეფონზე)
— გისმენთ
— იმ არაკაცმა დამირეკა. ან კაცივით ჩაცმული მოხვალ, ან არ მოხვალო.
— დაიკიდე რა, ხო იცი ვერაფერს გეტყვის. გეტყვის და ეფემია გასცემს პასუხს.
— ვიცი, მაგრამ არ მინდა ქორწილის დღე გავუფუჭო.
— მე კიდევ არ მინდა ქორწილის მერე გაიგოს როგორი საქმროც ყავს და ინანოს ეს დღე.
— ქორწილის ჩაშლა გინდა?
— არა, მინდა რომ ვაჟბატონმა პაპუნამ რამე მაინც შეუშვას თავში. დაიძინე და ნუ დარდობ, ჩემს ქორწილშიც სასურველი სტუმარი იქნები და მეტი არმინდა ვინმემ რამე თქვას.
— ეეჰ… წავედი
(საუბრის დასასრული)
ეფემია
— ხო გოგო, ვნერვიულობ აბა რას ვშვები. ერთადერთი რაც მამშვიდებს ისაა, რომ კაბაში ჩავეტიე. მალე გამოხვალ?
(ხმა ტელეფონიდან)
— კი კი. ჩავიცმევ, ჟიზელს გავუვლი და ერთად მოვალთ. სალონში გასვლაც მოსასწრებია და ჩემი სფიჩი უნდა გადავიმეორო ბევრჯერ. რთული ყოფილა მეჯვარეობა.
(ხმა საწოლიდან)
— აბა რა გეგონა ქალბატონო. შენ მე მკითხე როგორი რთულია პატარძლობა. მოკლედ გელოდებით.
ჟიზელს უთხარი ჩემზე ლამაზი მაკიაჟით, რომ მობრძანდეს თმებს დავაწიწკნი.
(სატელეფონო ზარის დასასრული)
პაპუნა
რატომ არ ესმის ამ ხალხს არც ქართული არც კაცური. გასაგებად ველაპარაკე გუშინ და ამწამს ეფემიას საუბრიდან გავიგე რო მაინც მოდის. მე ჩემი ვცადე ძმაო. ქართული თუ არ ესმის საერთაშორისო ენაზე ავუხსნი.
ჟიზელი
-ეფემია, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, ვეღარ მოვდივარ
ტელეფონი გავთიშე. პაპუნა და მისი ძმაკაცი კმაყოფილი სახით მედგნენ წინ. წავიდნენ. დამტოვეს მარტო ჩემს ფიქრებთან. ეხლა მათთან ერთად ყოფნაც კი მირჩევნია რეალობასთან მარტო დარჩენას. ბოლო იმედიღა დამრჩა, ბოლო ადამიანი ვისაც შევჩივლებ. ლილი, მაგრამ მე ლილის ვერ დავურეკავ. ვიცი მისი ხასიათი. არც ის მივა ქორწილში და ყველაფერი ჩაიშლება. ვერ დავუშვებ ეფემიას ეს დღე გავუფუჭო. კუთხეში დაწყობილ წითელ ფეხსაცმელებს ვუყურებ და ვხვდები, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, მისი ჩაცმა არასდროს მომიწევდა დანიშნულებისამებრ. ჩემი ფიქრები და მე ცუდ ქართულ ოჯახს ვგავართ. ის სულ მირტყავს, მტკენს, მაიძულებს ის ვაკეთო რაც არმინდა, სახლში ვიჯდე მთელი დღე და დავივიწყო ცხოვრება. ვიცი რომ ეს ცუდია, მაგრამ ვერ დავშორდები ის ჩემი ფიქრებია. ფიქრები, რომელიც სიჩუმეში ხმაურობს და მოსვენებას არ მაძლევს. მე ჩემ შავ კაბას ჩავიცმევ, წითელ ქუსლიანებსაც და მარტოობას ვისწავლი. დრო ბევრი მაქვს, ხელსაც დიდად არავინ შემიშლის.
ეფემია
თუ ოდესმე რამე მაწუხებს, დასაძინებლად მივდივარ. ეს ჩვევა ბავშვობაში ჩამომიყალიბდა. როცა მეჩხუბებოდნენ ვიძინებდი და თავს ვარიდებდი კონფლიქტს. დღეს ეს აღარ გამომდის, მაგრამ ცუდად ყოფნისას ძილი მაინც შემომრჩა. ეხლაც მინდა დავიძინო. დიდხანს ვიძინო და რომ გავიღვიძებ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა. ცოტა ეგოისტური ნათქვამია, მაგრამ ყველაზე ჰუმანური რამეა რაც კი ბოლო დღეების განმავლობაში გამიგონია, გამიფიქრია ან გაუფიქრიათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ არჩევანი მარტივია. ის ადამიანი ვინც ულტიმატუმის წინაშე მაყენებს გასაშვებია ჩემი ცხოვრებიდან. ასე სამართლიანად გადავწყვეტ ორ ადამიანს შორის ვინ დარჩეს ჩემთან, მაგრამ განგებამ ისე ინდომა, ულტიმატუმის წინაშე სიტუაცია მაყენებს და არა კონკრეტული მხარე. ოთხ საათში ხელს ვაწერ. ჟიზელმა დამირეკა. ვეღარ მოვდივარო. შეუძლოდ ვარო. მინდა დავიჯერო. მართლა მინდა, მაგრამ მე ვიცი რაც მოხდა. ეხლა კიარა გუშინაც ვიცოდი დღეს რა მოხდა. ერთი თვის წინაც ვიცოდი დღეს რა მოხდა. ჩემს თავში ქაოსია, სხეულში შფოთი, გონებაში კი ძილის საშინელი მოთოვნილება. ყველაზე მეტად კი ჩემში ჩემი ფიქრებია. იქნებ შეცდომას ვუშვებ. იქნებ ეს ნიშანია. არა. ნიშანი კიარა დილემაა. მე დღეს არჩევანს ვაკეთებ. თითქოს ყველაფერი მარტივია, რა თქმაუნდა სწორი გზ ანათელია, მაგრამ ცხოვრება თეორიულად და პრაქტიკულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვიტყვი და ვამბობ, რომ სხვისი აზრი მაგრად მკიდია, მაგრამ პრაქტიკაში, ღრმად ჩემს ფიქრებში სულაც არაა ასე. მე მესმის პაპუნასი. მთელი დღეები იმაზე ვფიქრობდი ქორწილში ჩემ ნათესავებს ჟიზელი ვერ შეემჩნიათ და თუ შეამჩნევდნენ და მკითხავდნენ ეს ქალი ვინააო, ვუპასუხებდი პაპუნას ძმაკაცის შეყვარებული-თქო. ეს პასუხი დიდი ხანი ვამზადე. ჩემ თავს ვადანაშაულებ, ვერ ვიტან ამის გამო, მაგრამ ეს პრაქტიკა და თეორია… რა თქმა უნდა მე პაპუნასი მესმის, ის კი არა ჩემს ორგანიზმშიც ცხოვრობს «პაპუნა», რომელიც პასიურად მახსენებს თავს. ბავშვობაში ეკლესიაში მე და ჟიზელი, იმ დროისთვის მე და მირიანი ერთად დავდიოდით. ჩვენი მშობლების პრიორიტეტებით ვცხოვრობდით. ისევ პრაქტიკის და თეორიის ამბავია. მოკლედ ჩემი ბრალია ყველაფერი. უნდა ამეხსნა ჟიზელისთვის თავიდანვე ყველაფერი. ეწყინებოდა, მაგრამ გამიგებდა, ჩვენ ხო ბავშვობაში ერთად დავდიოდით ეკლესიაში.
ისევ ეფემია
ჟიზელი სტუმრებს შორის დგას, ტირილით ჩასიებული თვალებით, გახეთქილი ტუჩით და ამაყი გამოხედვით. მან ეს შეძლო, მან არ მიღალატა. მე კი ალბათ საკუთარ თავს ვღალატობ, რადგან უკვე კალამი მიჭირავს და ხელს ვაწერ ადამიანთან, რომელმაც ჩემი სულის ნაწილი ვერ მიიღო ნაბიჭვარი ძმაკაცებისა და არაჰუმანური პრინციპების გამო. თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ რომ სხვა რამეს ვგრძნობ და არა იმას რასაც უნდა ვგრძნობდე. მახსენდება ჩემი ფიქრები და ჩემი თავის მიმართაც იგივეს ვგრძნობ რასაც პაპუნას მიმართ.ნუთუ ეს დასასრულია. ამდენი ხანი დავდიოდი და ბოლოს ისევ იქ მივედი, საიდანაც სიარული დავიწყე. მახსოვს პირველად ჩემმა კლასელმა როგორ მითხრა, რომ ჩემი თეთრი შურით შურდა, რადგან მე პიროვნება ვარ. სადაა დღეს ის პიროვნება? რატომ არ მაგდებინებს ხელიდან კალამს, რატომ არ მაიძულებს ჟიზელს ხელი მოვკიდო, მასთან ერთად გავიქცე ამ სტერეოტიპული ხალხის გროვიდან? ალბათ იმიტომ, რომ სიარულისას, როცა ჩემ გზაზე პაპუნა გამოჩნდა, პიროვნების ტარებისგან დაღლილმა, მას ვთხოვე წამოღებაში დამხმარებოდა. ერთხელაც შევხედე პაპუნას თვალებში და მე ზუსტად ვიცი, რომ თეორია პრაქტიკისგან განსხვავდება. დღეიდან მე და პაპუნა ჩვენ შვილებთან ერთად ვივლით ეკლესიაში. დღეიდან ჩემი პიროვნება ოფიციალურად გაცვლილია ჩემ ბედნიერებაში.
ავტორის ფიქრებიდან
თუ მიხვდებით ამ ამბავში მე რომელი ვარ? მე ის ვარ, ის ბოლო იმედი. იქამდე მაინც სანამ მეც შემიყვარდება ის ვინც ამას არ იმსახურებს, ამის ალბათობა ჩვენთან ხომ უფრო დიდია, ვიდრე იმის შეყვარების ვინც ამას იმსახურებს? ერთი კითხვაღა დარჩა მთელ ამ ისტორიაში. რომელი ხარ შენ? მსხვერპლი, «მხსნელი», აგრესორი თუ მე? იქნებ პერსონაჟობას ჯობია უბრალოდ ადამიანი იყო?
ჩემი მეგობარი ტრანსგენდერია. ჩემი მეგობარი, შეიძლება ქუჩაში დარჩეს, მაგრამ ჩემ მეგობარს ის უფრო ტკივა მეგობრებს რომ კარგავს. ჩემს მეგობარს ის უფრო ტკივა უმიზეზოდ რომ ეზიზღება ბევრს. ჩემი მეგობარი ტრანსგენდერია. ჩემი მეგობარი კარგია. ჩემი მეგობარი ბედნიერებაზე ოცნებობს. ჩემი მეგობარი ადამიანია.
ავტორი-კევლიშა