ჩაგვრის საფუძვლები: წარსულის გადმონაშთი, რომელსაც აწმყოშიც ვაპრაქტიკებთ
ისტორიის განმავლობაში, ჩაგვრისა და უთანასწორობის იდეოლოგიები მიზანმიმართულად იქმნებოდა, რათა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს, ქვეყნებს, ა.შ, ძალაუფლება და კონტროლი შეენარჩუნებინათ. ეს ნარატივები ხშირად სამართლიანობის, მორალის ან პროგრესის საბურველში ეხვეოდა, მაგრამ სინამდვილეში ჯგუფებს შორის დაპირისპირებას, მარგინალიზაციასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფას ემსახურებოდა.
ამ ბლოგში უბრალოდ ჩვენს ცოდვებს ჩავსქროლავთ.
რელიგიური დოგმები
რელიგიურ დაწესებულებებს ხშირად ჰქონდათ ცენტრალური როლი საზოგადოებრივი ნორმების განსაზღვრასა და კონტროლში, განსაკუთრებით სექსუალობასთან დაკავშირებით.
რელიგიის სახელით წვავდნენ იმ ალქაჯებს, რომლის შთამომავლებიც ვართ, რელიგიის სახელით ეკრობოდა “უწმინდურის” სახელი ქალს, რომელსაც ქორწინებამდე “გარყვნიდნენ”;
რელიგიის სახელით ცხონდებოდა მდიდარი, რომელსაც ინდულგენციის საყიდელი ფული ჰქონდა.
მაგრამ ის მიმები ხომ გახსოვთ? პატარა ბიჭებსა და კათოლიკე მღვდლებზე? ეგეც რელიგიის სახელით იყო, თუ სწორად მახსოვს.
მრავალი რელიგიური სწავლება არატრადიციულ სექსუალურ იდენტობებს ცოდვად მიიჩნევს და მათ “საშიშ ან არაბუნებრივ” ქმედებად წარმოაჩენს.
პრინციპში, რამდენად მრავალი არ ვიცი, მაგრამ ჩვენი რომ ასე თვლის, ეგ წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც. თუმცა ასეთ ხედვებს რამდენიმე ჩამკეტი მექანიზმი უპირისპირდება: პირველი ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველია; გიყვარდეს “მტერი” შენი; არა კაც ჰკლა; და ა.შ.
ეს ჩამკეტი მექანიზმები რამდენად მუშაობს, ვხედავთ. ფაქტი ისაა, რომ სექსუალობის და ორიენტაციის დემონიზირებამ საუკუნეების განმავლობაში განაპირობა LGBTQ+ ადამიანების დისკრიმინაცია, რაც შემდეგ კანონებში და კულტურულ დამოკიდებულებებში გამოიხატა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის კოლონიებში „სოდომიის“ კრიმინალიზაცია საუკუნეების განმავლობაში იმპერიალისტურ კანონებში იყო ინტეგრირებული. კარგი მაგალითია, ალან ტიურინგი, რომლის წყალობითაც მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ადამიანი გადაურჩა ფაშისტურ გერმანიასთან ომის დროს სიკვდილს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით არ გაესამართლებინათ.
ეს იდეოლოგია დღემდე აისახება ისეთი ქვეყნების კანონებში, როგორიცაა იამაიკა ან ნიგერია, სადაც LGBTQ+ თემის მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია კვლავაც გრძელდება.
პატრიარქატი და გენდერული უთანასწორობა
პატრიარქატის იდეოლოგია კაცების ძალაუფლების პრივილეგირებას და ქალების დაქვემდებარებას ემსახურებოდა. პატრიარქალური სისტემები საუკუნეების განმავლობაში ამკვიდრებდნენ სტერეოტიპებს, რომლებიც ქალებს სუსტ, ემოციურად არამდგრად და ინტელექტუალურად ნაკლებადუნარიანად წარმოაჩენდნენ. ამის შედეგი იყო გენდერული უთანასწორობა კანონებში, განათლებაში და ოჯახურ ურთიერთობებში.
ახლა ცოტა ეშინიათ, თორე ერთი ორჯერ ისევ წამოსცდენიათ შემდეგი ფრაზები: თუ ქალები და კაცები თანაბარუნარიანები არიან, ქალი მეცნიერები დამისახელე დიდი მიღწევებითო.
ეს კითხვის ქვეტექსტი გასაგებია მგონი. თქვენ რომ საკმარისი ტვინი გქონოდათ, რამეს იზამდითო 😉
ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსი არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ქალები ბუნებრივად დაქვემდებარებული იყვნენ კაცებზე. ეს შეხედულებები შემდგომში დასავლურ სამართლებრივ სისტემებსა და კულტურაში აისახა. ამან განაპირობა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების, საკუთრების მფლობელობისა და განათლების მიღების აკრძალვა.
სიმართლე გითხრათ, არისტოტელე ქალებთან დაკავშირებით კიდევ ათას სისულელეს აბრეხვებდა, აშკარად ეტყობა რომ უფროსი და არ ჰყოლია.
ევგენიკა და „მეცნიერული“ რასიზმი
მე-19 და მე-20 საუკუნეებში ევგენიკა წარმოადგენდა იდეოლოგიას, რომელიც რასობრივი, კლასობრივი და ფიზიკური განსხვავებების გაცხრილვას ემსახურებოდა.
ანუ, რამდენიმე გიჟი დაჯდა და გადაწყვიტა, რომ გენეტიკური განმასხვავებლები, რომლებიც არ მოსწონდათ, უნდა ამოძირკვულიყო კაცობრიობის გენეტიკური აზიდან.
კანის ფერი, ფიზიკური ნიშნები, ფიზიკური ნაკლები, სექსუალური ორიენტაცია – ამ ნიშანთა საფუძველზე ხდებოდა კასტრაცია, სეგრეგაცია, დევნა. ყველაფერი კი იმით მართლდებოდა – რომ quality over quantity 😉
ამ იდეებმა „მეცნიერულ“ ბაზად დაიმკვიდრა თავი, რაც სასტიკი პოლიტიკის, იძულებითი სტერილიზაციისა; გენოციდის საფუძველი გახდა.
ნაცისტური გერმანია ევგენიკის ყველაზე რადიკალური გამოხატულება იყო, რომელიც “რასობრივ სიწმინდეს” ემსახურებოდა (cuz არიული რასა და ქერა თმები უპირატესია) . თუმცა, მსგავსი პოლიტიკა, იძულებითი სტერილიზაციის პროგრამების სახით, 1970-იან წლებამდე გავრცელებული იყო აშშ-სა და ევროპაში, ხშირად შავკანიანთა, დაბალშემოსავლიანთა და შშმ პირების წინააღმდეგ.
როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კაცობრიობამ მსგავსი მავნე ნარატივები?
ისტორიის შესწავლით?
განათლებით?
მეცნიერებით, რომელსაც ოდესღაც იდოლოგიის გასამდიდრებლად იყენებდნენ?
შეიძლება კი ის, რაც დროს დომინაციის იარაღი იყო, დღეს თანასწორობისა და ჰუმანურობის გზამკვლევად გარდაიქმნას?
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.