
ვრთავ ძველ playlist-ს, თვალებს ვხუჭავ და ფრთხილად ვაკვირდები მორბენალ კადრებს, რომლებიც ძველმა მელოდიებმა ჩემს გონებაში გააშუქეს.
მელოდიები იმახსოვრებენ შენს ნაბიჯებს, გავლილ ქუჩებს, აგურებიან სახლებს, ფიქრებს, სევდებს და ტკივილებს. იმახსოვრებენ ადამიანებს, რომლებიც მოგიახლოვდნენ და გაგცდნენ, უკან მოგიტოვეს და სამუდამოდ ჩაიძირნენ წარსულის წყვდიადში.
გიფიქრია, რომ ცხოვრებაში აღარაფერია ისე, როგორც უწინ იყო? ოდესმე გიგრძვნია შიში ძველი playlist-ის მოსმენისას? თითქოს პირველივე წამიდან აწმყოს რეალობას ეჯახები, რომელმაც მოურიდებლად ჩაანაცვლა განუმეორებელი და ჰორიზონტს გაცდენილი წარსული. წარსული, რომელიც მხოლოდ ჰიპოკამპუსის უჯრედებში ფაზლის ნაწილებად შემორჩა, მრავალჯერ გადასმენილმა მუსიკამ თვალის დახამხამებაში ააწყო და ყურში ჩაგყვირა, აღარაფერია ისე, როგორც უწინ იყოო. წამით ისევ გაალღო გაყინული განცდები, ფეხის თითებიდან შემოგაპარა და გაგრინდა. შენ კი ეფემერული სიამოვნებით გარინდულს, ყვავილივით გადაშლილ ხელებში სიცარიელე შეგრჩა. სიცარიელე - ერთადერთი რამ, რაც წარსულმა აწმყოში დაგიტოვა.
Playlist-ს ვთიშავ, ვგრძნობ საკუთარ ბიბილოებს, რომლებიც წარსულიდან გადმოსროლილი მოგონებების საპასუხოდ ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილან. თითქოს გონებაში ფარდა ჩამოუშვეს და გამალებით ცდილობენ დამიცვან წარსულის თვალისმომჭრელი სხივისგან. ცდილობენ ამარიდონ ცვლილების განცდა, რომელსაც მკაფიო ზღვარი გაუვლია დღევანდელსა და გუშინდელს შორის. დიდი კედელი აღუმართავს, მე კი ამ კედელში მდგარი ვცდილობ გადავწყვიტო საით სჯობს წასვლა.
იქნებ playlist-ს ბრალი მხოლოდ იმაში მიუძღვის, რომ გარკვეულ არასასიამოვნო განცდებამდე მივყავართ? მაგრამ თუ მისი ეს ბრალიც ჩვენი ბრალია? ვინ იცის, იქნებ შემოდგომებთან და ზამთრებთან ერთად ჩვენი სულის ნაწილიც მოვიტოვეთ უკან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეველიეთ… იქნებ იმიტომ გვიჭირს წარსულის გაშვება, რომ ილუზია გვიპყრობს. გვგონია მთელი სისავსით ვეღარ ვიცხოვრებთ, ვეღარ შევიგრძნობთ, ვეღარ განვიცდით და ვეღარ გვეყვარება. გვგონია, რომ განსაცდელი უკვე განვიცადეთ, მთლიანად დავეწაფეთ და დავცალეთ, ახლა კი გასასინჯი აღარაფერი დაგვრჩენია. თითქოს ყველაფერი ამოიწურა და წყარო, რომელიც ჩვენს სასმისს შეავსებს წარსულში მიედინება.
იქნებ საკუთარ თავს უკან დასაბრუნებელი გზა უნდა მოვუჭრათ და ის ილუზიებიც დავუმსხვრიოთ, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაჯერებდით ? შენ როგორ გგონია, შეგვიძლია ძველი playlist-ი უბრალო ძველ playlist-ად ვაქციოთ, რომელიც დაკარგავს თავის სუპერძალას ?
“Saturdays are not the same as they used to be” (ფრაზა სიმღერიდან, რომელსაც ორი წლის წინ ვუსმენდი)
კი, მე მგონია რომ შეგვიძლია.
