
საწოლზე მოხერხებულად ვარ წამოკოტრიალებული და წარმოვიდგენ, როგორ ვვარჯიშობ ყოველდღე, ფეხით დავდივარ ასე 1 საათი მაინც. უჰ, რა კარგად დავწვავ კალორიებს? ამბობენ, მენტალური ჯანმრთელობისთვისაც კარგიაო. იქნებ იმაზეც მიშველოს, შუაღამისას ნეკა თითის კიბოზე შფოთიანი ფიქრები რომ შემომაწვება ხოლმე? ორშაბათიდან დავიწყებ!
ორშაბათი გათენდა, შუადღეც მოვიდა, საღამოც და ცოტა შევფიქრიანდი.
“აუუ, რა დროს სეირნობაა ამ სიცხეში? ძლივს ვსუნთქავ და სიარულის თავი მაქვს? არა, დღეს არ ღირს, რა ჩემი ბრალია, თუ ასე ძალიან ცხელა?”
არა უშავს, აი, ხვალიდან აუცილებლად დავიწყებ! შევამოწმე ამინდის პროგნოზი და 2 გრადუსით ნაკლები იქნება. მოიცა, დავგუგლავ კიდეც! აი, სიცხეში სიარული საშიშიც ყოფილა, თავს საფრთხეში ხო არ ჩავიგდებდი? სამაგიეროდ, ხვალ არც ეცხელება და მთელი ენერგიით შევუდგები ჩემს გეგმას. დღეში ერთი საათი მაინც უნდა ვისეირნო. მზიურში ჩავალ, მინდორს სამ წრეს დავარტყამ, არა, ოთხს... არა, ხუთს…
მოვიდა „ხვალ“... სამშაბათია. საღამოს შედარებით გრილა, მშვენიერი სასეირნო ამინდია! ავდგები, ჩავიცვამ, გავალ გარეთ და... უცებ, მზიური ძალიან შორს მეჩვენება. იმხელა აღმართია უკან რომ დავბრუნდები, იმის ამოვლას ეხუმრები? რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო, გეგმა უნდა დავსახო. რა ჩემი ბრალია, თუ ეს ქალაქი სულ მთაგორიანია?
ასე გავიდა სამშაბათიც, ოთხშაბათიც და ისევ ორშაბათამდე მივედით. ხან მუღამზე არ ვიყავი, ხან მარტო მეზარებოდა და ხანაც მანქანების გამონაბოლქვზე გამოგონილი ალერგია აღმომაჩნდა.
ქართულ ენაში თავის გასამართლებლად უამრავი ფრაზა და გამონათქვამი არსებობს:
- რა ჩემი ბრალია?!
- რაც გიწერია, არ აგცდება...
- რას იზამ, ცხოვრებამ ასე მოიტანა...
- უფ, მოიცა ერთი... სხვა დროს ვიზამ
- ჭკუა არ მომეკითხება
- შემომეჭამა... შემომეყიდა...
ამ ფრაზებს ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ვიყენებ ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოტივაცია არ მყოფნის. ბოლოს ადრე თუ გვიან, შინაგანი ხმა გამომიჭერს ხოლმე და მეკითხება, როგორ ფიქრობ, მე ასე ადვილად მომატყუებო?
ხანდახან მშობლიური ენა გვიბიძგებს „გახალტურებისკენ“, მაგრამ რომ იცოდეთ, არც სხვა ენები აკლებენ, თუმცა ამაზე სხვა დროს.
ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, უბრალოდ ავწიე საჯდომი, გავაღე სახლის კარი და დავეშვი მე-13 სართულიდან ლიფტით. აღმოჩნდა, რომ სიცხეში სიარულის დისკომფორტს შხაპი შველის, აღმართის დაღლილობას პოდკასტის მოსმენა ან პეკინზე, სწორ გზაზე გასეირნება და მანქანების ბუღს... არც არაფერი, მაგრამ ბუღში სიარული სჯობს საწოლზე უმოძრაოდ კოტრიალს. ჯანმრთელობისთვის სჯობს, თორემ აბა, დილაობით მკითხეთ, რა მირჩევნია, კოტრიალი თუ პეკინზე სეირნობა? ნაყინი თუ „კაიბიჭობა“?
