ხომ იცი ვინ არის მაჟორიტარი?

7 სექტემბერი 2021

ალბათ  ერთხელ მაინც მოკრავდი თვალს რომელიმე მთავარ ქუჩაზე ჰაერში გაკიდებულ გამოწკეპილ პოლიტიკოსს.

სადმე ულვაშებმიხატულ რომელიმე კანდიდატის პოსტერსაც გადააწყდებოდი და არც ფეისბუქ ფიდის ვნებათაღელვა გამოგეპარებოდა.



რა ხდება? რა სულ არჩევნებია? კიდე პრეზიდენტს ვირჩევთ?

არა, პრეზიდენტს არ ვირჩევთ, მაგრამ მაგარი გაწამაწია კია.

ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებია. მერებს და საკრებულოს წევრებს ვირჩევთ, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სიით.

კაი ჰოო, ვეცდები განვმარტო ეგ ამბები ;)



ხომ იცი, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები?

თვითმმართველობა ყველა მოქალაქის უფლებაა, რომელიმე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება და მათი დახმარებით გადაჭრას არსებული პრობლემები.

აი, შენს უბანში თუ ერთი ჩამოსაჯდომ-საჭორაო ადგილი არაა, წვიმაში თეთრი კეტის ჩაცმაზეც კი ზედმეტია ფიქრი და თუ ვერც წესიერი ტიკ-ტოკის გადასაღები ადგილი მოგეპოვება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა წახვიდე და ის მაჟორიტარი დეპუტატი შემოხაზო, ვინც გევასება და თვლი, რომ ხმალს ალესავს შენი პრობლემების მოსაგერიებლად ;)



ხომ იცი ვინ არის მაჟორიტარი დეპუტატი?

მაჟორიტარი დეპუტატი თეორიულად კაი ტიპი და საკრებულოში ამომრჩეველთა წარმომადგენელია.

გისმენს, შენი პრობლემებით ინტერესდება, ეს პრობლემები საკრებულოს სხდომაზე გააქვს და თავისი ინიციატივებით ცდილობს მოქალაქეებს  ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კი მერია აღასრულებს. მაჟორიტარი დეპუტატი კი  მერიის მუშაობას აკვირდება, ემანდ სადმე გზის დაგება არ გადაავიწყდეთ ;)



და მერი და მერია ?

გალაკტიონის არა და მეორე ;)

მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია. მერია კი მერისადმი დაქვემდებარებული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებას. მერი ანგარიშვალდებულია როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ისე მოსახლეობის წინაშე.

მოკლედ, ეს არჩევნები არაა ხელწამოსაკრავი ამბავი. დაილოცოს დემოკრატია და ძველი საბერძნეთი ამდენი უფლება რომ გვიანდერძა მოქალაქეებს. ისე, უპროპორციოდ გადაკეცილ ბიულეტინებში შენი “სრულყოფილად” შემოხაზული წრეც რომ მოიძებნება და თავის სათქმელს ამბობს საკუთარი ქალაქის და უბნის განვითარებაში, მაგაზე მეტი კაი ტიპობა რაღა გინდა? :)


ხომ იცი, არჩევნები 2 ოქტომბერსაა.
შენი თავი შეგიძლია
აქ გადაამოწმო.

ხომ მოდიხარ?

 





მასალა მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების პოზიციას.