
ზაირა არსენიშვილი...
2 კვირის წინ წარმოდგენაც კი არ მქონდა ამ ავტორზე. ფოტოებიც კი არ დევს ინტერნეტში ნორმალური, რომ ვნახო მაინც, ვინ იყო ეს ქალი, ამდენი სათქმელი რომ ჰქონია დაგროვებული...
წიგნს ყდაზე აწერია, ეპოქალური ნაწარმოებიო და გაგონილიც არ მქონდა აქამდე, არადა პირველად 2002 წელს არის დაბეჭდილი.
ამასწინ რუკა ვნახე, რომელზეც ნაჩვენები იყო, რამდენი ებრაელი დახოცეს ფაშისტებმა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში. მარტო პოლონეთში 3 მლნ. ყოფილა მსხვერპლი. ფაშისტები იქეთ იყოს და, ნეტა ვინმეს თუ დაუთვლია, კომუნისტებმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლეს 20-30-იან წლებში? სულაც არ მგონია, რომ ნაკლებ რიცხვებთან გვექნება საქმე! უკრაინაში რა ცოდვის კალოც დაატრიალეს, ისიც კმარა მაგათ გასაშავებლათ.
ეს წიგნიც სწორედ ამ წლებზეა. იმ მსხვერპლზე, რაც საქართველომ, უფრო კონკრეტულად კი, თელავმა გაიღო. იმ ტრაგედიებზეა თითოეულ ოჯახში რომ დატრიალდა ამ უკუღმართ წლებში, ზოგში როგორ და ზოგში როგორ.
ვინაა კაი მწერალი ჩემი დაკვირვებით, იცით? ვისაც თავისი ბავშვობა სრულფასოვნად ახსოვს! ვისაც არ ავიწყდება იმდროინდელი შეგრძნებები და ფიქრები და ამის ნიჭიერად გადმოცემაც შეუძლია. ვფიქრობ, სწორედ ესაა დიდი მწერლის უპირველესი ნიშანი, რა თემასაც არ უნდა ეჭიდებოდეს ის.
ამ წიგნშიც ყველაზე ძლიერი ნაწილიც სწორედ ბავშვის პირით ნათქვამია მონაკვეთია. მისი შეულამაზებელი თხრობა, გულისგულიდან ამოსული ფიქრები, ნანახი და განცდილი. როგორ ასმენინეს ბაღის მოსწავლეს თეატრის გადაჭედილ დარბაზში საკუთარი ოჯახის ლანძღვა, როგორც ხალხის მტრების. როგორ ხვდება საკუთარი მამის ჯალათის შვილს, რომელთან ერთადაც სიამოვნებით თამაშობს. ისეთი მომნუსხველი ნაწილია და იმდენი თემაა ჩაყრილი და გაშლილი, თან ისე ნათლად ასახული მთელი იმ ეპოქის უბედურება, მე ვფიქრობ, სასკოლო პროგრამაში შასატანიც კია ეს ქვეთავი.
ნაწარმოები სამი ქალის გარშემო ტრიალებს, მათ პირად ვნებათაღელვაზე, ურთიერთობებზე და განცდებზე და პლუს იმ ქარიშხალზეც, რაც იმ დროებას ახლდა და შესაბამისად, მათ ცხოვრებაზეც აისახებოდა. ამიტო უბრალო მშრალი აღწერა მოვლენებისა არ გეგონოთ, მშვენიერი, წელში გამართული მხატვრული ნაწარმოებია, რეალური თუ გამოგონილი სიუჟეტებით.
ვკითხულობდი ამ წიგნს და წინ მეშლებოდა XX საუკუნის პირველი ნახევრის თელავი, ადამიანები, მათი იმედები, მოლოდინები, მათი ბრძოლები, მარცხები და ტრაგედიები. არ ვიცი, ეს დღეებია ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის ეს ქალაქი, სადაც არც კი ვყოფილვარ ჯერ, თითქოს სულ იქ ვცხოვრობდი და მეც იქ ვარ გაზრდილი-მეთქი. უბნებიც კი დავიხსომე: ნადიკვარი, ალვები, ტურების უბანი, ერეკლეს ხიდის ბურჯები...
ნეტა როგორებია, თუა ისეთი, მე რომ წარმომიდგენია...
მე ვფიქრობ, ამ წიგნს თელავის ყველა ოჯახში უნდა კითხულობდნენ. გარდა იმისა, რომ იმ ავბედით წლებში თავიანთი ქალაქის ამბავს დაწვრილებით გაიგებენ , შეიძლება სულაც თავიანთი წინაპარიც აღმოაჩინონ აქ, იმდენი სახელი და გვარია მოხსენებული, რომ ნამდვილად დიდი შანსია ამის.
როგორც მარკესმა, თავისი წიგნებით მსოფლიოს რომ გააცნო და წააკითხა მშობლიური არაკატაკას ამბები და მისი მაცხოვრებლები, კონკრეტული სახელ-გვარებით, აი, ზუსტად ისე.
და კაცმა რომ თქვას, განა სხვა რა ფუნქცია აქვს წიგნს?! იგი მახსოვრობაა, ხალხის მახსოვრობა. გავა ათწლეულები, საუკუნეები, ადამიანებს აღარ ეცოდინებათ ასე ცხადად ეს ამბები, მაგრამ გადაშლიან ამ წიგნს , წაიკითხავენ და ცოცხლად წარმოუდგებად ის სისასტიკე და დანაშაულებები, რაც იმ წლებში ჩაიდინეს და როგორ გაწირეს ასობით ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი! და რომ წაიკითხავენ, ზუსტად ვიცი. ეს წიგნი სწორედ ახლა იწყებს თავის დიდ მოგზაურობას.
რაღა ვთქვა, მართლაც ეპოქალური რომანია, არ ყოფილა გადაჭარბებული.
სხვათაშორის, გამზადებული სცენარიცაა სერიალისთვის, ორი 10-სერიანი სეზონი თავისუფლად გამოვიდოდა მისგან. სხვა ქვეყანა რომ ვიყოთ, ალბათ HBO და NETFLIX-ი ბრძოლას დაიწყებდნენ მის ხელში ჩასაგდებად!
ვინ იცის, იქნებ ოდესმე მართლაც მოხდეს ასე.
სავსებით, სავსებით დასაშვებია.
