ურთიერთობის დაწყების სირთულეები Vol.2

18 ნოემბერი 2021

ალბათ ძალიან რთულია ბარში ვინმეს გაცნობა, როცა არ გაქვს ნანახი მისი სოციალური გვერდები და მასზე არაფერი იცი - იქნებ დორამებს უყურებს, ან რუსეთის აგენტია? შეიძლება სუსმა საქმე ვერ გახსნას, მაგრამ ქალი სტალკერისთვის შეუძლებელი არაფერია! ერთი პერიოდი კერძო დეტექტივადაც ვმუშაობდი. იმდენი ოჯახური ღალატი მაქვს ნანახი, რამდენი სამუშაო დღეც მქონდა. ერთხელ ჩემს უფროსს ვკითხე, სამსახურში რატომ ამიყვანე მეთქი. მან გამიღიმა და მორიდებული ხმით მიპასუხა: “აი, ისეთი ხარ.. როგორ აგიხსნა.. ტიპური. ხალხი რომ გიყურებს და ვერ გამჩნევს”. მეწყინა. 

 

უცებ გავიხსენე, რომ არავინ მოსულა ჩემს გასაცნობად ბარში, დახლთან შავი ქვედა კაბითა და რამე ნერდული მაისურით რომ შემოვსკუპდებოდი ხოლმე, თითქოს ჭკვიანი ნაშა ვარ, კომიქსებს ვკითხულობ. ნწ, არავინ. რამდენჯერმე კაფეში ლეპტოპიც წინ დავიდგი, შემამჩნიეთ, ლინუქსის ოპერატიულზე ვმუშაობ მეთქი. მართალია უბუნტუზე, მაგრამ ვინ უღრმავდება. რამდენჯერმე რთულ ლაშქრობაშიც წავედი, სულ ბიჭები რომ დადიან ჯოხებითა და კარვებით. ეტიკეტიც ვიცი, რესტორანში ყველანაირ ჩანგალს ვასხვავებ და ელფურ ენებზეც დაგელაპარაკები გამართულად. არც ავტოსტოპით მგზავრობამ გაჭრა ფერადი სამოსით და საუბრებით თემაზე როგორ დავიკარგე სამაჩაბლოში და მესაზღვრეებს დავუსხლტი. ერთხელ ბასიანზე გეიმერული მაისურითაც ვცეკვავდი იმ ქვედა აზრით, რომ “ამირჩიე და მთელი ღამე ფლეისთეიშენი ვითამაშოთ თუ გინდა”. იმ ღამითაც ვიბრატორით დავიძინე. 

 

ჩემი ურთიერთობები დაწყებულა გარიგებით. მეგობრები მოდიან ხოლმე ფრაზით: “აი, ჩემი შეყვარებულის მეგობრის ძმის მამიდაშვილის თანამშრომელი კაი ტიპია, ჟენევაში კოლაიდერზე მუშაობს, მაგრამ ახლა თბილისშია, გინდა გაიცნო?” ერთხელ ჩემმა მეგობრის ცოლმა თავიანთი საქორწინო LOTR-ის ბეჭდები დაგვირიგა ორ უცნობს, ბეჭდის ძალამ გაპოვნინოთ ერთმანეთიო. ჩემნაირი ფლირტში ზარმაცი გოგოსთვის პარტნიორზე ძირითადი მასალის წინასწარ ცოდნა იდეალურია. მით უმეტეს მაშინ, როცა ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც დრო საკმაოდ სწრაფად გადის და თვითგადარჩენისთვის რამდენიმე სამსახური გვჭირდება. 

 

როცა გოგონები ვიკრიბებით ჩვენს შეყვარებულებთან ერთად ყოველთვის ვკითხულობ: “და თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი?” ისინი მპასუხობენ: “მე არც ვიყავი ურთიერთობისთვის მზად, რადგან ყოფილს წინა ღამით დავშორდი. უბრალოდ ნაგვის გადასაყრელად გავედი ორი დღის დაუბანელი თმით და ბებიის მოქსოვილი ხალათით. უცებ მას შევხვდი.” აი, რანაირად?

 

გადავწყვიტე ისევ მისიონერული გზისთვის მიმემართა და ტინდერი ჩამოვწერე. ზედმეტი hook up მოწერები რომ გამეფილტრა, ისეთი ფოტო დავაყენე, სადაც რამის კეთებაში ვჩანვარ. მაგალითად, მთაზე ვბობღავ, ბარის წვეულებაზე დიჯეის აპარატურაზე ვუკრავ ან სადმე კონფერენციაზე ლექციას ვუსმენ. კაცის ტვინი ხო ისეა მოწყობილი, ქალს რამე აქტივობისას თუ არ ხედავს და ფოტოზე მხოლოდ სხეული ჩანს, ისიც მხოლოდ სხეულს აღიქვამს და დამატებითი შეკითხვები არ უჩნდება. არც მე დავმაჩავდი მხოლოდ სელფიან ბიჭებს. 

 

საათნახევარი სქროლვის, რამდენიმე dick pic-ისა და “აჭარაზე ლარს ხომ არ ჩამირიცხავ”-ის მერე მიმოწერა იწყება. აქ მთავარია გოგოები არ დავიბნეთ: თუ ბიჭი პირველ შეხვედრებზე ან მიმოწერებში სულ თავის ყოფილზე გელაპარაკებათ, როგორ გაუტეხეს გული და როგორ მძიმედ გადააქვს დაშორება, - მანიპულაციაა და ითარგმნება, როგორც “რომანტიკოსი ვარ და ქალისთვის გული მე არ გამიტეხავს”. თუ კაცი ეგრევე თრისამს გთავაზობს, ცდილობს ras shvrb ტიპებზე არასტანდარტული იყოს და შეიძლება თრისამი სულაც არ უნდოდეს, უბრალოდ ყურადღების მიქცევის დეფიციტი აქვს. და რაც მთავარია, “ვორქოჰოლიკი ვარ, ორ სამსახურში ვმუშაობ და დრო თითქმის არ მაქვს” is the new “პრობლემა შენში არ არის, ჩემშია”. როგორც “ძალადობა ყველგან ხდება” is the new “მოკლე კაბა რომ ეცვა, აბა რა ეგონა?”

 

“ლანჩი?” - პირველმა მივწერე. უცნობს სულ მაკში, ანტრეში ან სადმე ეგეთ ადგილას ვხვდები, ყველა თავისთვის რომ იხდის და დეითს მალე ასრულებთ. რო რამე, დემონსტრაციულად, სუფთა სინდისით გავიქცე. მერე რომ არ იფიქროს, რომ ანგარიშის მოტანას სპეციალურად დავამთხვიე გაქცევა. დამთანხმდა, მაგრამ ამ დროს ვხედავ, რომ ჩემი სტუდენტობის დროინდელი ფოტოები და სტატიები ჩასქროლა და გულში კმაყოფილების ის ნაპერწკალი ვიგრძენი, ყველა გოგოს რომ აქვს, მაგრამ არ აღიარებს: ჩემს ბლოგსა და ინსტაგრამს ინგეიჯმენთები და გულები მოემატება, ცხოვრებაში ყურადღების დეფიციტი აღარ მექნება, ვიბრატორს ქვედა უჯრაში შევინახავ, მაგრამ ამას ვინ ჩივის, ინსტაგრამზე მეტი ლაიქი მაქვს, - და ვწერ: “ეგრევე ბათუმში ხომ არ წავიდეთ?” მპასუხობს: “წამო”. გაგრძელება იქნება.