OMG

უფსკრული თაობებს შორის

6 ივლისი 2023

ნეტა, პირველად როდის გადაწყვიტა თინეიჯერმა ადამიანმა სახლიდან გაქცევა?

გამოქვაბულებიდანაც გარბოდნენ თინეიჯერები?

საერთოდაც, თინეიჯერი რამდენი წლის ადამიანს ერქვა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25 წელი იყო?

წარმოიდგინეთ, 8 წლისას უკვე წვერები ჰქონდათ, პრიშიკებიც ამოსდიოდათ, სახლიდანაც გარბოდნენ და თან ინიციაციისთვის - ლომსაც კლავდნენ. 

ქალების შემთხვევაში კი თვლიდნენ, მენსტრუაცია საკმარისად სისხლიანი მომენტია ქალის ცხოვრებაში და ლომის მოკვლა რაიმეს დასმტკიცებლად საჭირო აღარააო. 




უფსკრული 

გინახავთ ვიდეოები, ერთი ან რამდენიმე პინგვინი ყინულზე რომ დგას, რომელიც შემთხვევით სხვა დიდი ყინულის მასას მოსწყდება და პინგვინების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფს სამუდამოდ აშორებს და უფსკრულიც, მათ შორის რომ გაჩნდა, საკმაოდ სამუდამოდ გამოიყურება ხოლმე ?

ტიკ-ტოკის ვიდეოებში ყოველ შემთხვევაში ასეთი ტრაგიკული დასასრულები ჩანს. 

ამხელა შესავალი მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ მეთქვა - ოდესღაც ილია ჭავჭავაძესაც რებელა თინეიჯერად აღიქვამდა წინა თაობა და რა გასაკვირია, დაპირისპირება ახლაც რომ არისთქო. 

ზუსტად ვერ ვიტყვი თაობებს შორის ბრძოლა მოდაში რატომაა. 
შეიძლება ევოლუციურად განპირობებული მექანიზმი უდევს საფუძვლად - იმისთვის, რომ კაცობრიობის განვითარება არ შეწყდეს, იმისთვის რომ მუდმივად ცვალებად გარემოს მუდმივად ადაპტირებული საზოგადოება დაუპირისპირდეს, შეიძლება საჭიროა მუდმივი დაძაბულობის გაჩენა, რომელსაც ძალაუნებურად ცვლილებები მოაქვს - ცვლილებები კი, ზოგჯერ შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ერთადერთი პოტენციური გზაა განვითარებისთვის. 


ზუსტად ვერც იმას ვიტყვი, ეპოქა ქმნის თაობას თუ თაობა ეპოქას. 
Ახლა, ვიღაც ჩაფიქრდება და იტყვის, ეგ ორი კაუზალობის ეფექტით არ მუშაობს - თაობაც ეპოქას ქმნის და ეპოქა კი თაობას და მერე უნდა აგტკივდეს თავი, ვერ გაარკვიო ვის რას აბრალი, რა პოზიცია გიჭირავს, რადგან ორივე პოზიციის საზრისები გესმის, ამიტომ სჯობს ყველაფერი ისევ D ვიტამინის ნაკლებობას დავაბრალოთ. 
თვითონაც არ ეწყინება, თან ბარემ ყველას გვაკლია.


 

 



Lost Cause 


შეიძლება ჩვენი - დღეს რომ ახალ თაობად ვითვლებით - ბედიც, წინა თაობის ბედივით იყოს.

შემოგვხედავენ მომავალი თაობები და იტყვიან - ესენი აზრზე არ არიან, ვერ გაგვიგებენო. ჩვენც შევხედავთ მომავალ თაობებს და ვიტყვით - ეგენი პატარები არიან, ვერ გაიგებენო. 

მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ნორმალურად იფუნქციონიროს, საჭირო არ არის ყველაფერი მიიღო ან გაიგო. ზოგჯერ საჭიროა, რომ უბრალოდ რაღაცებს შეეგუო და სევდით გააცნობიერო, რომ ცხოვრების მსვლელობა ასეთია - შენ, როგორც შენი წინა თაობა, ცას ვერ გამოეკიდები - მოგვიწევს სიკვდილისა და სიცოცხლის ციკლში ჩაბმა და თუ იმ თაობას, რომელიც შენი გაქრობის მერე გააგრძელებს ცხოვრებას, არ უნდა რუსულ ესტრადას უსმინოს ბათუმის სანაპიროს კაფე-ბარებში, უბრალოდ უნდა აცადო, შეეშვა და გაჩუმდე. 

საინტერესო ფენომენია - რაც მეტი გიცხოვრია, მით უფრო თვლი, რომ გაქვს უფლება საზოგადოებრივი არსებობის სხვადასხვა ასპექტი შენი და შენი მსგავსების გემოზე მოაწყო. თითქოს მეტს იმსახურებ, მეტად უნდა მოგისმინონ, რატომღაც გგონია რომ მეტი იცი - მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს დიპლომი დედაშენმა გიყიდა და ალბათ,  თერგდალეულებს ჲ - ის მოშორებაშიც შეეწინააღმდეგებოდი. 

ხოდა შენც ვეღარ არკვევ - საიდან მოდის შენი დამოკიდებულებები, მსოფლმხედველობა და იდეოლოგიები. საზოგადოებისთვის კარგი გინდა? ერისთვის კარგი გინდა - უფრო მეტს მოიგებს ერი, თუ შენს გზას გაჰყვებიან? თუ უბრალოდ მეტი არ იცი? არ იცი რა ხდება მსოფლიოში, სამყაროში, შენი უბნის გარეთ, შენი შვილიშვილების გარემოცვაში? შენივე კულტურის ბორკილებს ვერ გაქცევიხარ და ახლა ვიწრო პერსპექტივით, დასწავლილი და დაშენებული სოციალური კონსტრუქტებით ცდილობ მუდმივად სწრაფმავალ დროსა და განვითარებას ლაგამი ამოსდო რომ შემთხვევით კომფორტის ზონიდან, შენთვის უცნობ და ვერშეგუებად რეალობაში არ ამოგაყოფინოს თავი. 

მთავარი სევდა, მაინც იმ პროდუქტად ყოფნაა, რომელიც ეპოქამ შექმნა. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ რთულია გარემოსგან ყალიბში ჩამოსხმულ ადამიანს ძალიან ბევრი მოსთხოვო. მითუმეტეს იმ ადამიანს, რომელიც საბჭოთა პროდუქტია - სადაც ხელოვნებას პარტიის ხოტბის სასხმელად იყენებდნენ, სადაც ჯინსებს ვერ იცვამდი, სადაც მუსიკაზე ხელი ვერ მიგიწვდებოდა, სადაც პროტესტი არ შეგეძლო, სადაც უკვე პროტესტის გრძნობაც არ გიჩნდებოდა, სადაც ატომური ბომბებით აშინებდა 3 კაცი მთელ მსოფლიოს ( oh wait a minute … they still do ). 

თაობების განწყობებს შორის მსგავსი დაძაბულობა, პირად ურთიერთობებში დაძაბულობაშიც იზრდება ხოლმე. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები - სადაც დედაშენი უფრო გემეგობრება, სადაც მამაშენს უფრო ესმის შენი. თუმცა, ღირებულებებს შორის აცდენები - ერთმანეთის გაგებისა და მიღების სურვილს დასაწყისშივე კლავს. წარმოიდგინე, რა რეაქცია ექნება ემოციურ დედას, როცა გაიგებს - შვილი თერაპიაზე იმ ტრავმების გასაანალიზებლად მიდის, რომელიც ბავშვობის რაღაც ეტაპზე გაუჩნდა და რომლის მთავარი პერსონაჟი დედამისია. ან წარმოიდგინე, ამ დედას უთხრა, დედაშენთან ურთიერთობის დინამიკამ, შენი ცხოვრებისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების ბევრი ასპექტი განსაზღვრაო. თაობა ჩაკეტილია - სიმართლის მოსმენას მიჩვეული არ ჰყავთ გონება. 

ჩვენც, იმ თაობის ნაწილები, რომლებიც თანამედროვე სამყაროსა და აწ უკვე წარმავალი თაობის გზაგასაყარზე ვდგავართ და სიბნელეში ხელის ცეცებით ვორიენტირდებით - ვხედავთ, რომ ჩვენს მშობლებსა და ჩვენს შორის უფსკრულია, რომლის ამოვსების დროც აღარ არის. და უფრო სამწუხაროდ - რომლის ამოვსების სურვილიც ასევე ჩვენს მშობლებს, ვერ და აღარ აქვთ. 

ადამიანად ყოფნის სევდა ისაა, რომ დრო მიდის და შენ უკან გიტოვებს.