უფლება, როგორც ადამიანი

25 მარტი 2021

ის უფლება, რომლის განსხეულებასაც ვეცდები, არის სრულიად ახალი. მსგავსი ინოვაციები ლეგიტიმაციას სხვა, „ძველი“ უფლებებისგან იღებენ, თუმცა ამით ისინი თავისთავად ეფექტიანები ვერ ხდებიან. ამ შემთხვევაში ვისაუბრებ უფლებაზე, რომ იყო დავიწყებული და ვეცდები სტატიის ბოლოს ის ადამიანად ვაქციო. ის არის ევროპული საბჭოს გაიდლაინის ნაწილი, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ  მოითხოვოს ორგანიზაციებისგან გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის განადგურება. ამის მამოძრავებელი გახდა ის, რომ ადამიანის წარსულში არსებული შეცდომები არ უნდა გახდეს მისი დღევანდელობის განმსაზღვრელი. განსახილველ უფლებას პირობითად ურიდა დავარქვათ. 

ურიდა დაახლოებით მეცხრე კლასშია, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, ის უფლებათა ახალი წყებიდანაა და ტექნოლოგიების განვითარების შედეგია. მის საფუძველს სხვადასხვა უფლება წარმოადგენს, თუმცა არც ერთი სრულად, პირიქით, რამდენიმე მათგანის არსს ეწინააღმდეგება კიდეც. 

ის საკმაოდ რთულადგასაძლებია, რადგან ითხოვს იმას, რაც შეუძლებელია. მას უნდა, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრ  ინფორმაციაზე სრული გავლენა ჰქონდეს და აკონტროლებდეს  იმას, თუ რომელ მონაცემზე წვდომა იარსებებს, ხოლო რომელზე არა.  ამასთან, მას უნდა, რომ თავად წყვეტდეს ადამიანებს ერთმანეთზე რა ინფორმაცია ეცოდინებათ, რას გაავრცელებ, შეინახავენ, გადაამუშავებენ, გამოიყენებენ და ა.შ

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს შეუძლებელია. ამის არც არანაირი საჭიროება არსებობს და ეფექტიანობაც ძალიან საეჭვოა. 

საკუთარი სირთულის ფონზე ურიდას გავლენიანი მშობლები ჰყავს. დედაც და მამაც (ევროკავშირი) მას ყოველთვის იცავს და ცდილობს, რომ მისი ასეთი ხასიათი სხვა რაღაცებით გაამართლოს. მაგალითისთვის ისინი ამბობენ, რომ თუ ურიდას ეცოდინება სრული ინფორმაცია ყველაზე და თავად შეძლებს იმის გადაწყვეტას თუ რომელი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს და რომელი დარჩეს უშუალოდ ინფორმაციის აქტორთან- ყველაფერი სამართლიანად იქნება და არავინ დაზარალდება მაგალითისთვის დეზინფორმაციით.  მიუხედავად ამისა, ერთი რაღაც ნათელია: ურიდას მხოლოდ და მხოლოდ იმის განსაზღვრა შეუძლია, თუ რა შ ე ი ძ ლ ე ბ ა იყოს დამაზიანებელი, არარელევანტური და ზედმეტი. შესაბამისად- არსებობს უდიდესი შესაძლებლობა იმისა, რომ ის უბრალოდ შეცდეს და უაზროდ დააყენოს მოთხოვნა იმაზე, რომ კონკრეტულ ინფორმაციაზე გასასვლელი გზა განადგურდეს. აქვე აღსანიშნია ისიც, რომ გზაზე გვაქვს საუბარი და არა თავად ინფორმაციაზე. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში რაიმე მექანიზმმა ინფორმაცია სრულად გაანადგუროს. თუ ასეთი რამე მოხდება და კონკრეტული ფაქტები სამუდამოდ აღმოიფხვრება ისეთი ადგილიდან, როგორიც ინტერნეტია- ის მაინც შეუძლებელია რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიიღეს, დაავიწყო ამის შესახებ. 

რთული ხასიათის ნაწილია ისიც, რომ ურიდას მოთხოვნებს შესრულების ვადა 1 თვემდე აქვს. მშობლებმა კარგად იციან, რომ ეს ვადა დაცული უნდა იყოს. 

როგორც ვახსენე, მშობლებისგან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მას უარს ეუბნებიან. ასეთია მაგალითისთვის ისეთი ინფორმაცია, რომელიც  გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილებაში, საჯარო ინტერესისთვის, ოკუპაციურ თერაპიაში, მეცნიერულ კვლევაში და სხვა. შესაბამისად, თუ ურიდას რომელიმე ბავშვი ეტყვის, რომ სხვაზე ინფორმაცია ზემოჩამოთვლილი მიზეზით სჭირდება, მშობლები შვილის დაშოშმინებას მარტივად მოახერხებენ. 

რომ შევაჯამოთ თუ ვინ გამოვიდა ეს უფლება, როგორც ადამიანი: მეცხრეკლასელი, რომელიც მშობლების გამოყენებით და მათთან დაბეზღებით იღებს კონკრეტულ ინფორმაციას და მასთან წვდომას შეუძლებელს ხდის. მას შეუძლია გაანადგუროს გზა, თუმცა არა საკუთრივ ინფორმაცია. თუ საძიებო ველში ჩაწერ „მარიამ ჩალათაშვილი ყადაღა“ არ ამოაგდებს იმ ლინკს, რომელიც ამ ადამიანის ანგარიშზე ყადაღის დაკისრების ინფორმაციაზე გადაგამისამართებს, თუმცა, თავისუფლად შეგიძლია მაისურზე დაიბეჭდო: „მარიამ ჩალათაშვილს ყადაღა დაადეს 2020 წლის 5 აპრილს“. აქედან გამომდინარე, ეს ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც საკუთარი ახირებები და დიადი მიზნები აქვს, თუმცა,  შედეგი არანაირი. მშობლები ცდილობენ დაიცვან შვილი, მაგრამ მიუხედავად ამისა,  დიადი მიზნები განუხორციელებელი რჩება. საზოგადოება არ საჭიროებს ურიდეს დახმარებას იმაში, რომ მან ინფორმაცია აკონტროლოს იმ ხანაში, რომელშიც ინფორმაცია უკონტროლოა.