
26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაშინ დიდი ხნით კი მოგვიწია რუსეთთან ყოფნა… იქ პეტერბურგის უნივერსიტეტმა მოხიბლა ქართველი ახალგაზრდა, ინტელიგენცია ნათარგმნმა ლიტერატურამ და კულტურის გამტარმა ჩრდილოვანმა დამპყრობელმა, ზოგიც სარწმუნოებამ, ზოგიც კიდევ რუსი ხალხის გარეგნობამ ან მათზე უპირატესობის განცდამ. ისე, გადაჭარბებულად ამაყი ერი კი ვართ…
1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში მონარქია დაემხო. დამყარდა ორ-მმართველობა ამიერკავკასიაში და მათ შორის, საქართველოშიც. ამავე წელს საქართველოში პირველი ეროვნული ყრილობაც გაიხსნა, სადაც საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს, ნოე ჟორდანიას მეთაურობით. ეროვნულმა ყრილობამ საბჭოთა რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტა. მეტიც, თუ რუსეთში დემოკრატიული წყობის აღდგენის პროცესი არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა, საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. რუსეთი ყველა საუკუნეში რუსეთია, არ დააყოვნა და საქართველოს ოკუპაცია სცადა, ამ შემთხვევაში - უშედეგოდ. როგორც მაშინ მიხვდნენ, რუსეთთან არაფერს აზრი არ ჰქონდა, პროგერმანული საგარეო კურსი ავირჩიეთ და დარწმუნებული ვიყავით, რომ დამოუკიდებელ საქართველოს იმდროინდელი გერმანია დაიცავდა.
დამოუკიდებლობისათვის ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკიდან უნდა გამოვსულიყავით. 1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ ამ რესპუბლიკის დაშლა გამოაცხადა და 20 წუთში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. დამოუკიდებლობა რამდენად შესაფერის დროს გამოაცხადა საქართველომ, ეს ბევრს აწუხებდა პოლიტიკურ ელიტაში, პირველ ყოვლისა - ჟორდანიას. თუმცა, მონაპოვრით უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა. ხომ გახსოვს, ჩვენმა პრემიერმა, ირაკლიმ როგორ მოაწერა ხელი ევროკავშირის წევრობის განაცხადს, ეს გამომეტყველება ხომ არასდროს დაგავიწყდება? დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, ევროკავშირში გაწევრიანების ნაძალადევი განაცხადისთვის, მშვიდობისთვის და თქვენი გამდიდრებისთვის. მადლობა კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ, ნეტა როგორი გამომეტყველება ჰქონდა ნოე ჟორდანიას, როდესაც 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს აწერდა ხელს - კარგი იქნებოდა ისტორიას ის კადრი რომ შემოენახა ამის ნაცვლად...
იმდროინდელ გაზეთებში ხშირად იწერებოდა, რომ ამ სამეზობლოსათვის უცხო ვიყავით. ჯერ კიდევ ფეოდალური შესახედაობის რეჟიმებს შორის აშენებდე დემოკრატიას, რეგიონისთვის უცხო და წარმოუდგენელია. ახლაც ხომ ასეა, რუსეთის მეზობლობა ბევრ რაღაცაში გვიშლის ხელს. დამოუკიდებელ საქართველოს კი პირველად მოუწია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, თუმცა საკმარისი დრო არ მისცა რუსეთმა.
ალბათ, 1918 წელს პოლიტიკური პოლარიზაცია არ ერქვა პროცესს, თუმცა იდეოლოგიური ჯახი მაშინაც ჰქონდათ ქართველებს. “ევროპა თუ რუსეთი” დილემას ხომ ერთხელ და სამუდამუდ ვერა და ვერ ვუპასუხეთ… წარმოიდგინე, მაშინ ვისაც ევროპა უნდოდა, ახლა კაი ტიპები არიან, ვისაც რუსეთი, მათ სახელებსაც არ ვიცნობთ. ვიცნობთ ერთს - ორჯონიკიძეს, მაგრამ სად ორჯონიკიძე და მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე. შეიძლება, ისინი უმცირესობა იყვნენ, უნდა ვაღიარო, თუმცა უმცირესობის უპირატესობა, ბრძოლის უნარი და თავისუფლების სურვილი საშიში და რეალური იყო. დამოუკიდებლობის სამ წელში დემოკრატიული სახელმწიფოს ნიშნები გაჩნდა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უპირატესობის ჩვენებამ კი მალევე კარს მომდგარ წითელ არმიასთან აბრძოლა ჩვენი ჯარი - არავისთვის ემეტებოდათ თავიანთი მონაპოვარი და სისხლის ბოლო წვეთამდე იომეს მაშინ.
ქართველების თავისუფლების სიყვარულის ლეგენდის დასტურად 1991 წლის რეფერენდუმიც კი იკმარებს, როდესაც ქვეყნის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა აირჩია. ალბათ არა, მაგრამ მე თუ მკითხავ, სხვა პასუხი არც უნდა ყოფილიყო იმ ფურცელზე. ვის რა ჯანდაბა უნდა რუსეთში? რა დაჰკარგვია? რას ეძებენ? დამპყრობელია, იმპერიალისტიც, არც ერთი მმართველი უდანაშაულო ხალხის კვლას არ მორიდებია, მაგრამ თან რა ქრინჯები არიან…
100-ზე მეტი წლის წინ, მგონია, რომ გვინდოდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. არსებობს პერიოდი, როდესაც ერებს მოქმედება უჭირთ ან სამოქმედო პროცესში უმრავლესობა არ მონაწილეობს. ქუჩის პროტესტის დიდხნიანი ისტორია და გამოცდილება გვაქვს, ხალხის ძალით შეცვლილიც ბევრი რამ დაგვრჩა, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებთ. ზოგჯერ აღარც არაფრის იმედი გვაქვს, არც მოტივაცია, ცოტა დეპრესიას წავუღივართ და სულ ერთი ხდება ყველაფერი. ასეთ დროს კი საქმეს აქტიური უმცირესობა აკეთებს. ის, ვისაც იდეა და ენერგია ჯერ კიდევ შერჩენია. თვალსა და ხელს შუა ამოზრდილ ავტორიტარიზმს რომ ვუყურებ, ისევ აქტიური უმცირესობის იმედი მაქვს. კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ ამ საუკუნეშიც არ შეგვიერთებს რუსეთი და ჩვენი რეალური თავისუფლების ჯერიც მოვიდა.
