უკრაინამ რა ჰქმნა? - 2008

25 თებერვალი 2022

ომი დაიწყო. რუსეთი უკრაინას ბომბავს, ხმაურია. ოფიციალურ თბილისში კი სიჩუმეა. ზუსტად ექვსი საათი დასჭირდა ქვეყნის ხელისუფლებას დაკვირვებოდა, რუსეთის გაღიზიანების რისკები აეწონა და გადაეწყვიტა, ღირს თუ არა tweet-ი? ხან ერთმა ევროპელმა გვითხრა შანსი გამოიყენეთ, მსოფლიოს საკუთარი თავი შეახსენოთო. ხან მეორე ევროპელმა გვითხრა, ხმა აიმაღლეთ და ყველას გაგვახსენეთ, რომ რუსეთმა სწორედ თქვენით დაიწყოო. ასე არ მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ თვითერზე მაინც ააფრიალა საქართველოსა და უკრაინის დროშები. 

 

სად ვართ ჩვენ პუტინის დასუსტების გზაზე? ნებისმიერი ჩვენგანის ფიქრში, სადღაც არსებობს სცენარი, თუ როგორ ნადგურდება პუტინი თავისსავე ბოროტებაში. თანაც ნადგურდება ისე, რომ მსოფლიოში ვეღარავინ ბედავს მის მიბაძვას. ყველაზე დიდი როლი და სიამოვნება კი ჩვენ უნდა მიგვეღო საკუთარი ქვეყნისა და უკრაინის რუსეთისგან გათავისუფლებაში. ისტორიულ წარსულს რომ არ გადავხედოთ, ბოლო 14 წელიც იკმარებს იმისათვის, რომ საქართველომ რუსეთს მტერი ეძახოს და მკაცრი პასუხი გასცეს აგრესიაზე, მეორე ლოყა არ მიუშვიროს და დასავლეთს დაუახლოვდეს. 

 

ცოტა ხანში ამ საუკუნის მესამე ევროპულ ომს რომ ასწავლიან ბავშვებს, წიგნში არსად იქნება ფოტო, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ზელენსკის ართმევს ხელს. მხოლოდ პოსკრიპტუმად შეიძლება მიაწერონ: საქართველოს ხელისუფლებამ დათვითა. რა აკლია ქვეყანას ამ ბრძლაში? იდეოლოგია და პრინციპები, მხარედ ყოფნა. ალბათ, უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერას ვერც გავწვდებოდით, მაგრამ ღია და ხისტი დიპლომატიური მხარდაჭერა საჭირო იყო. თუმცა, ევროპელი პოლიტიკოსების მითითებით, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა უკრაინისათვის გამოეყო თუნდაც მცირე სამხედრო რესურსი, თანაც ისე, რომ ეს რუსეთს ვერ გაეგო. 

 

2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი ჩვენ გვერდით იდგა, მართლაც პირდაპირი გაგებით. საუკუნის პირველი ევროპული ომისას უკრაინამ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. 

 


უკრაინამ რა ჰქმნა 2008-ში?

 


გამოგვიცხადა ღია დიპლომატიური მხარდაჭერა

 

2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო თბილისში ჩამოვიდა. დანარჩენი ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად ისიც მრავალჭირგამოვლილ პარლამენტის შენობის წინ იდგა. კი არ დათვითეს, ჩამოვიდნენ. მაშინ ევროპის ასეთი მობილიზება არ იყო, იუშენკო კი პირადად ამხნევებდა მოსახლეობას. პარლამენტის წინ მდგომი პრეზიდენტები ფარად იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. დაბომბილი ქვეყანა მათით თავს იწონებდა და დარწმუნებით ეუბნებოდა რუსეთს, რომ საქართველო ახლა უკვე ევროპა იყო. 

 


გამოგზავნა შეიარაღებული ძალები

 

Reuters-ის ცნობით, 2008 წელს საქართველოს მხარეს უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ და ამას დამატებული, უკრაინამ შეიარაღებული ძალებიც გამოგზავნა. 2014 წელს რუსეთი ამტკიცებდა, თითქოს სწორედ ეს იყო ნაბიჯი, რამაც უკრაინასთან ურთიერთობა საბოლოოდ დაუძაბა. რუსეთმა თუ ომი გადაწყვიტა, მისი თავიდან აცილების არ უნდა გვჯეროდეს. საბაბი და გაღიზიანება უკვე აღარ არსებობს. 

 


მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 

 

2008 წლის 12 მაისს უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომლითაც მოსკოვს მოუწოდეს, უარი ეთქვა სოხუმთან და ცხინვალთან ოფიციალურ ურთიერთობაზე. 

 

2008 წლის 7 მარტს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოთქვა. ამ ფაქტს წინ უძღვოდა რუსეთის განზრახვა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკისათვის სანქციები მოეხსნა.  

 

უკრაინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისო მასშტაბითაც აგრძელებდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე (2010) უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა კრიტერიუმების განსაზღვრა, რაც კონფლიქტის ტერიტორიის შესაბამისი სტატუსის მინიჭების საშუალებას მისცემდა ქვეყანას. ამავე სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობას არ აღიარებდა. 

 

როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო, საუკუნეც ახალი დაწყებული იყო. ტექნოლოგიების საუკუნეში თუ რომელიმე შეშლილს აზრად ომის დაწყება მოუვიდოდა, არ გვეგონა. სამაგიეროდ, მსოფლიოს ეგონა, რომ რუსეთს ასე მარტივად შეაჩერებდა. 2008 წელს რუსეთის საწინაღმდეგო ნებისმიერი ნაბიჯი დიდი გამბედაობა იყო, ახლა კი ყველა უპირისპირდება ცივილიზებული სამყაროს მთავარ მტერს. უკრაინას მეორე ომი აქვს და ჩვენც გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა კრემლმა საქართველოს შესახებაც გადააფასოს ინტერესები. ერთი კია, უკრაინას ბევრს ვთხოვთ, მაგრამ პუტინის რუსეთს ამ ბრძოლაში უნდა აჯობოს. 

 

ხელისუფლებამ დიდი მისია დააკისრა ხალხს: აჩვენე მსოფლიოს, რომ საქართველო მმართველი პარტია არაა. ჩვენ პროტესტს კი უცხოური მედია მართლაც განსაკუთრებით ადევნებს თვალს, უკრაინასაც გავაგებინეთ, რომ მხარს ვუჭერთ. ესე იგი, მისიას ჯერ კიდევ კარგად ვასრულებთ.