WTF

უცხო ენად ქცეული ქართული

15 ოქტომბერი 2021

აფხაზეთი ეტაპობრივად ინფორმაციული ვაკუუმით შემოსაზღვრულ პატარა კუნძულად იქცა.

გარესამყაროს მოწყვეტილ, ჩაკეტილ ტერიტორიაზე მოსახლეობას ნაკლებად მიეწოდება როგორც მნიშვნელოვანი სიახლეები, ასევე წართმეული აქვთ მშობლიური ენაზე საუბარი, წერა და ზოგადად, ყველანაირი თემა, რაც კი საქართველოს და ქართველებთან მეგობრულ ურთიერთობას ეხება.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს ამბავი ნორმალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გალის რაიონის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, ეს ასე არ არის.

გალის რაიონი ერთადერთი ადგილი იყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ქართულენოვანი სწავლება ზოგიერთ სოფელში დღემდე შენარჩუნებული იყო. მაგრამ რუსულენოვანი სწავლება ეტაპობრივად, იქაც დაინერგა.

თავდაპირველად, ყველა კლასი რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა, ხოლო დამამთავრებელი მე-11 კლასის მოსწავლეები ერთადერთნი იყვნენ, ვისაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა. 2021 წლის 12 სექტემბერს კი დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დღეიდან დამამთავრებელი კლასიც, სხვა კლასების ბედს გაიზიარებდა, ხოლო გალის რაიონის აწ უკვე ყოფილ ქართულენოვან სკოლებში, ქართული ენა უცხო ენად იქნებოდა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი სწავლება ქალაქ გალში და ზოგიერთ სოფელში, 2008 წლის ომამდეც მიმდინარეობდა, ხოლო ქართული ენა ქალაქში უცხო ენის სახით ისწავლებოდა, ეს ფაქტი მაინც რთულად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ.

გალის რაიონს იქეთ, უკვე იშვიათად თუ ვნახავთ ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანს - სწორედ ეს უნდა კეთილისიმყოფელის ნიღბის უკან ამოფარულ მტერს, რომ სამუდამოდ გაიწყვიტოს ძაფები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან.

სკოლის მოსწავლეები გადაწყვეტილებას დიდად არ გაუკვირვებია, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი, სიახლეს უარყოფითად აღიქვამს. „დროის მცირე მონაკვეთში, სასწაულის მოხდენას ელიან - ჩვენგან შეუძლებელს ითხოვენ“ - მითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

შეუძლებელის მოთხოვნა აქ ყოველთვის ყველაზე კარგად გამოსდიოდათ, ხოლო გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველებს, ამით მუდამ ავიწროვებდნენ. ახლა კი, ყველაფერთან ერთად, მცირე ნაწილაკის ჩაკვლასაც ცდილობენ, რომელიც მათ საქართველოსთან აკავშირებს.

წინააღმდეგობის გაწევას უმეტესწილად შედეგად მეტი აგრესია მოყვება, აქ კი, სადაც კანონი არ არსებობს, არაფრისგან ვართ დაზღვეულნი.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები, როგორც ჩემი თაობის, ასევე ბევრად პატარებიც, აქტიურად ერთვებიან ქართული ენის, საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციაში. ეს ადამიანები წარმოადგენენ ძალას, იმ უშიშარ ერთობას, რომელსაც შეუძლია ეს განუკითხაობა სამუდამოდ შეცვალოს. სწორედ ეს ადამიანები არ დაუშვებენ იმას, რომ საკუთარ თავზე გადატანილი უსამართლობა, სხვებმაც განიცადონ.

ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს - უიმედობის პატარა სამეფოში, იმედი მცირედი სხივი მაინც გაჩნდა.