ტვინიც კუნთია

8 ივლისი 2021

“აი ამ ხეს ხო ხედავ? მივა, ამოთხრის, მაგრამ რად გინდა? სად წაიღოს არ იცის…”
ხალხური

წარმოიდგინეთ ჭკვიანი ადამიანი

წარმოიდგინეთ?

კოსწიუმში გამოწყობილი და ცოტა მობერებული ხომ არ არის? სათვალით, თეთრი თმა-წვერით და მომცრო (ან არც ისე მომცრო) ღიპით?

ეს საშუალოსტატისტიკური განათლებული ადამიანის ხატია, რომელსაც საშუალოსტატისტიკური ადამიანი წარმოიდგენს, როცა ეკითხებიან ჭკვიანი ადამიანი წარმოიდგინეო… თქვენ? თქვენ არა, საშუალოსტატისტიკურებზე ვამბობ და ვიცი, რომ არ განსჯით ადამიანს გარეგნობით, მაგრამ აი დაკუნთულ ხალხს როცა ხედავთ, ვინც სპორტდარბაზში ატარებს ბევრ დროს, უფრო ნაკლები გონებრივი შესაძლებლობების მქონედ არ გესახებათ, ვიდრე მაგალითად კოსწიუმში გამოწყობილი, სათვალიანი ნერდი?

არ არის ამაში დიდი პრობლემა, ჩვენი ტვინი თავად აგენერირებს ამგვარ ფიქრებს, ვიცით, გვგონია, რომ ძირითადად სპორტსმენები არ გამოირჩევიან ბრწყინვალე გონებით (ჭადრაკს არ ეხება, რა თქმა უნდა), რადგან ისინი თავიანთი დროისა და ენერგიის დიდ ნაწილს ფიზიკური განვითარებისკენ მიმართავენ, რაც გონების წვრთნის საპირისპირო რამედ აღიქმება. მართლა ასეა? გონება და სხეული განცალკევებული რაღაცებია?

კლასიკური ხანის ბერძენმა ფილოსოფოსმა, სოკრატემ, თავის მოსწავლეს პლატონი დაარქვა, რაც ფართო მხრებიანს ნიშნავს, პლატონის მხრების კუნთები მართლაც, რომ დიდი იყო და პატრონს განიერს აჩენდა. პლატონი, რომლის სახელიც ყველა თქვენგანისთვის ცნობილია, რომელსაც ფილოსოფიასთან და განათლებასთან აკავშირებენ, საკმაოდ დაკუნთული მებრძოლი გახლდათ, ორჯერ მოიპოვა ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, არც მეტი არც ნაკლები პანკრატიონში. პანკრატიონი დღევანდელი შერეული საბრძოლო ხელოვნების შორეული წინაპარია, სადაც ათლეტები კრივითა და ჭიდაობით ცდილობდნენ მოწინააღმდეგეების დაჯაბნას.

როცა ჰიპოტენუზის ან კათეტის ზომის გამოთვლას დააპირებთ და პითაგორას თეორემას გამოიყენებთ, გახსოვდეთ, რომ პითაგორამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 588 წელს ოლიმპიური ოქრო მოიპოვა კრივში (იგულისხმება ძველი ბერძული სპორტი). პითაგორას მოსწავლეები იმდენად კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ, რომ მათ სკოლაზე თავდასხმა ჯარისკაცებსაც კი ეშინოდათ.

იტალიელ ბიოგრაფ ჯორჯო ვარასარის თუ ვენდობით, პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, ლეონარდო და ვინჩიც საკმაოდ ათლეტური იყო და სულ უთმობდა დროს ფიზიკურ აქტივობას.

ამერიკის 26-ე პრეზიდენტი, თეოდორ რუზველტი, ადამიანი, რომელიც სადილამდე 1 წიგნს მაინც კითხულობდა და საღამოს კიდევ 2-3-ს დესერტად დაყოლება შეეძლო, სულ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო. სახლში სავარჯიშო ინვენტარი ჰქონდა, გატაცებული გახლდათ მთებზე ცოცვითა და ჰარვარდში სწავლისას კრივის ტურნირზე მეორე ადგილსაც კი გამოჰკრა ხელი.

მოკლედ, უსასრულოდ შემიძლია კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფ და ამავდროულად გონებრივი შესაძლებლობებით გამორჩეულ ხალხზე ვწერო. მათ შორის მისტერ ოლიმპიას გამარჯვებულებზე, მოყვარულ ათლეტებსა, თუ ყველასთვის საყვარელ მსახიობებზე. ვიცი თქვენც ბევრი ისეთის ჩამოთვლას შეძლებთ, ვისაც ტვინის გარდა ყველა კუნთი განვითარებული აქვს. საბოლოო ჯამში მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ყველანაირი ადამიანები არსებობენ და დიდი კუნთებით ან სპორტით გატაცება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გონებრივ განვითარებას ცოტა დროს უთმობს.