OMG

თუ სეკრეტ სანტა და გრინჩი ერთდროულად ხარ...

14 დეკემბერი 2022

oh no oh no oh no

Ho Ho Ho
და აი დადგა წლის ბოლო და ჩვენს სიზმრებში, უწინ რომ ყოფითი ტრავმებით იყო სავსე, ახლა მერაია ქერის ‘შობისთვის ბევრს არ ვითხოვ’, შენც საკმარისი იქნებიო- ჩაინტეგრირდა. 

უდაბურ, ნახევრად დანგრეულ ბნელ შენობაში ვიღაცას გაურბიხარ, ვის- არ ჩანს, რატომ გარბიხარ- არ იცი და ფონად ‘მე შო ბის თვის ბეევრს არ ვითხოოვ’ ისმის. 

კოშმარიდან გეღვიძება და უარეს რეალობაში ამოყოფ თავს- სადაც ახალი წლების სამზადისების გამო ონლაინ გამოწერებში ვარაზისხევზე უფრო დიდი საცობია შექმნილი, თავისუფლების მეტროს წინ ლეზგინკებს ასმაგი გაშმაგებით ცეკვავენ და მშვიდობის ქალაქში აბრდღვიალებული ნაძვისხის გარშემო, 1 კვადრატულ მეტრზე 99 კაცი მოდის.
ერთი რაც ცხოვრებას შეიძლება გიხარებდეს - ან ზოგ შემთხვევაში გირთულებდეს კიდეც - მოულოდნელად დახვედრებული საჩუქრებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისში ან სამეგობროში სეკრეტული თოვლის პაპას ფერხულში ჩაგრთეს.
თუ გაგიმართლა და ისეთ ხალხთან თამაშობ კაი მიმს და ბნელზე ბნელ შავ იუმორს რომ აფასებენ, მაშინ გილოცავ, დიდი შანსია დოფამინის გამომუშავება ერთი-ორად გაიზარდოს!
ხოდა, დატრავმული ხარ თუ დაუტრავმავი, ვეცდები საახალწლო საჩუქრების სტრესი თუ ბედნიერება - მარტივად გადაგატანინო და იდეები შემოგაშველო.

 

მაშ ასე, საჩუქრები

ანუ, როგორ მოიტანა გრინჩმა შობა


1. არავის უთქვამს დებილობა საჩუქრის მოფიქრება მარტივი იქნებაო
თუ გაგიმართლა და შენს სასეკრეტთოვლისპაპეს კარგად იცნობ და მისი ფსიქოლოგიური პროფილიც უკვე შედგენილი გაქვს, ინსაიტები ნაპოვნი, მისი ტრავმები დაჭერილი და მისი ნიჭები აღმოჩენილი - მაშინ დროა არსებული ინფორმაცია ერთად შეკრა და ატომური ბომბი ააწყო. თუ არადა - დატას მოგროვებაზე იჩალიჩო.
მოკლედ, ხედავ შენს მეგობარს სიმღერა არ გამოსდის? გაიარე კურა-კურაში, კარფურში ან სულაც ლარიან მაღაზიაში, დაითრიე ერთი პლასტმასის მიკროფონი, ბრჭყვიალები, არტისტი ადამიანის დიდი ეგო, დაუწყვე ეს ყველაფერი ნაძვისხესთან, ჩაურთე i will always love you და ‘ააწევინე’. ყველა გახალისდება, კომფორტის ზონაში მყოფებს დისკომფორტში გაიყვან, დისკომფორტისაში მყოფებს კი - იქვე დატოვებ!
მორალი: არ არის აუცილებელი ბევრი ფული ხარჯო, მთავარია საჩუქარს ეტყობოდეს, არასამუშაო საათებში ცოტა რომ იფიქრე! and if you do that on corporate’s time, even better!


ლექსები, შაირები, ცუდი სიმღერები! 


ყველას უყვარს სპოტლაითი! თუ, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურებში არ მუშაობს ფრილანსზე.
ხოდა წარმოიდგინე, როგორი ჟესტია როცა ადამიანში იმდენ რესურსს დებ, რომ ცუდ ლექსს ანდა ხალხში არგამოსაჩენ შაირს მიუძღვნი!


მიმები!


ისევ ნარცისული კმაყოფილების ფარგლებში ვიტრიალოთ! გადაქექე ჩატი, დაადექი უხერხულ მომენტში ადამიანს თავზე და გადაუღე ფოტო, მოკლედ კარგი ვიზუალური მასალა შეაგროვე და გზა ხსნილია! რაც შეიძლება ურცხვი, ბნელი, ზოგჯერ ნათელი (იუ) სათურები მოიფიქრე. ამობეჭდე და მოსდე ოფისს, თბილისს, ზიმბამბვეს! რასაც გინდა! იქნებ ამით შენი სასეკრეტსანტეს ინფლუენსერული ცხოვრებაც დალონჩო და გავაირალდეს, ვინ იცის! ( წინასწარ წილი მოითხოვე, გამოცდილებით გეუბნები! )

 

მისალოცი ბარათები


ძალიან მიმძიმს ის ფაქტი, რომ მისალოცი ბარათები, რომლის უკან გაგრა, სოჭი, ძველი თბილისი, ტახტზე თოვლის პაპას ქუდით შვერულად წამოგორებული შენი მეგობარი ეხატა- მოდაში აღარაა, მიუხედავად იმისა, რომ მოდა ბრუნავს.
ამიტომ დროა მოკრიბო შენი სასეკრეტსანტეს სკანდალური ან სხვანაირი ფოტოები და მისალოცი ბარათები დაამზადო. აქ ამოპრინტერება ვეღარ გიშველის, ცოტა მეტი თანხის გასროლა მოგიწევს! ერთი გასროლით ორ კურდღელსა და რამდენიმე მცირე მწერს დაიჭერ - წერილების წერის რომანტიზმს დააბრუნებ და დანარჩენებსაც ამავე მისალოცი ბარათებით მიულოცავ ნებისმიერ დღესასწაულს!


თუ ტექნოლოგიებში კარგად ერკვევი…


და დიფფეიქ ვიდეოების დამზადება შეგიძლია… მაშინ ნებისმიერი შენთვის სასურველი სელებრითი აიღე, იქნება ეს კიანუ რივზი, საშა გრეი თუ მარტინ ლუთერ კინგი და ათქმევინე რაც გინდა! ახალი წლისა და ზრდილობის ფარგლებში, რა თქმა უნდა!
თუ ამდენი ტექნოლოგიური ჩალიჩი არ შეგიძლია, მაშინ უბრალოდ: cameo.com გადასქროლე და რამდენიმე დოლარი წინასწარ მოამზადე!