WTF

თსსუ-ს მტკივნეული პერიპეტიები

23 ივნისი 2022

 

“ვინ უნდა გამოხვიდე?”
 

 

ბავშვობის მოგონებები გოგონების უმრავლესობისთვის, ძირითადად,  ბარბებთან ან პლასტმასის ფონენდოსკოპთან ასოცირდება, ჩემი საყვარელი სათამაშო სამ ფერში გადაწყვეტილი ფონენდოსკოპი იყო, რომლითაც მამისთვის არაერთხელ დამისვამს “აჩქარებული გულის” დიაგნოზი. 


უკვე მერვე-მეცხრე კლასში ყოველგვარი ალბათობის თეორიის გარეშე ვპასუხობდი კითხვას “ვინ უნდა გამოხვიდე?”. 


უნივერსიტეტის არჩევისას დიდ ხანს კი არა, საერთოდ არ მიფიქრია. მედიკოსობა მინდოდა და, რა თქმა უნდა, ჩემი არც ისე დანაოჭებული ტვინით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მივანიჭე უპირატესობა. ღია კარის დღესაც წინა რიგებში გამოვიჭიმე და სასმენი ორგანო მაქსიმალურად დავძაბე, ვითომ ძალიან მაგარი რამეების გასაგებად. არა, სიმართლე რომ ვთქვათ, სიტყვებით მართლა ყველაფერი გვიმტკიცეს.. ხოდა მეც ძალიან ბედნიერი, განახლებული ენთუზიაზმით შეპყრობილი წამოვედი სახლში, იმ ფიქრით, თუ რა ძალიან მაგარ ადგილას უნდა მესწავლა. 


2017 წლის სექტემბერში, ძლივს არჩეული, თეთრი, გატკიცინებული ხალათით, მეტროდან სულ რაღაც 7 წუთში აღმოვჩნდი უნივერსიტეტის ეზოში, მაგრამ როგორ გითხრა, “ასე აგიხდა ყველაფერი”-თქო?! ვერ გეტყვი, ეგრეც არ გავბოროტებულვარ.. ჰოდა იქ ვიყავი, “საბჭოეთში” რომ აღმოვჩნდი.
 

ჩემს საოცნებო უნივერსიტეტში, სადაც დიდი მოტივაციით ბედნიერმა ჩავაბარე უამრავი ფაქტორი საშინლად სტრესული და ჩემს მოლოდინებთან სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდა.


პირველი : დრომოჭმული სწავლის მეთოდები
 

 

პირველ კურსზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი “ადამინის ნორმალური ანატომიაა”, თუმცა ფურცელზე დახატული ორი რგოლი, თირკმელთან კავშირში დღემდე ვერ მომყავს და დიდად არც ის შავ-თეთრი ნახატები დამხმარებია არტერიების ტოტების დამახსოვრებაში.

პაჭა-პუჭა საგნები ხომ ოხრად გაგვატარეს, თავისი ფრთიანი შეგონებებითურთ - აბა მედიკმა თუ არ იცი, ძვ.წ.აღ. მესამე საუკუნეში ნადირობისას დაჭრილი მონადირე რომელ ბალახს იდებდა ღია ჭრილობაზე, სამომავლოდ ქირურგიაზე როგორ უნდა იფიქრო?! ან თუ შემთხვევით ვადაჭკორია ვადაჩკორიაში აგერევა, იქვე გაირკვევა, რომ შენგან ექიმი არ დადგება, არც იოცნებო. პირდაპირ შეეშვი რობინსს, ნეტერს, ჰარისონს, თუ ექიმისთვის მთავარი ვერ აითვისე.

 

“ლიტერატურა კი არის ქართული, მაგრამ მიდით წაიკითხეთ ინგლისურად მაინც”

 

“კი, ძველია, დედი, ვფიქრობთ განახლებას დიდი ხანია და იმედია, თქვენს მერე თაობებს მოესწრებათ”

 

“ასე წერია თქვენს წიგნში, მაგრამ 2004 წლიდან შეიცვალა ეგ მიდგომა” 

 

“გვაქვს ეს აპარატი, მაგრამ გაფუჭებულია და ვერ განახებთ” 

 

ამ და სხვა განსაკუთრებული დეტალებით აღარ შეგაწყენთ თავს, ყველაფერს ხომ ვერ მოგიყვებით, თსსუ-ს ტესტური გამოცდა კი არ არის, ცოტა სიურპრიზადაც დავტოვოთ.
 

 

ბიბლიოთეკა, როგორც ასეთი, გიყვართ ხომ?! მეც ვგიჟდები, ოღონდ ჩვენი უნის დარბაზზე არა - ყავის დალევაც რომ არ შეგვიძლია და ხმის ამოღებაზეც რომ გვაძევებენ, როცა უბრალოდ მასალას ვიმეორებთ წინა საგამოცდოდ.

 

სექსიზმი + სტერეოტიპები = თსსუ <3
 


მეორე ყველაზე საოცრება კი მაინც ის იყო, ყოველ სემინარზე სრულ სიჩუმეში,  სემინორი ყოველი წინადადების ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას კონკრეტულად ბიჭებს რომ სთხოვდა, იმიტომ, რომ ბიჭები არიან - სხვანაირი ტვინი აქვთ და არც ბავშვის გაჩენა მოუწევთ, არც ახლო და არც შორეულ მომავალში. მოკლედ სამედიცინოში ქალისა და კაცის გონებრივი შესაძლებლობები მეტობით არის გამოყოფილი ერთმანეთისგან - კაცების სასარგებლოდ.

ცხვირის ან წარბის პირსინგი თუ გაქვს, ამასთან გაგიმართლა და საბჭოეთის გადმონაშთთან მოხვდი აი, მანდ დაიწყება შენი ნამდვილი ზღაპარი - შე, უწმინდურო, ქულა როგორ უნდა გაღირსონ?! ან საერთოდ, ღირსი ხარ კი, დაგიშვან სემინარზე??! ან რანაირი ექიმი გამოხვალ წარბს თუ იხვრეტ? კი, პირსინგი და ექიმობა ნამდვილად ძლიერ ბმაშია ერთმანეთთან.

 

ქულებისთვის შუშანიკობა in action
 


პირველ სემესტრში სტიპენდია თუ ვერ მოხოდე, მერე თუ გინდა მედიცინის აინშტაინი გახდი, ჩემს ფეხებს დაგიწერენ ქულას. აა, რატომ?? საგნის დასაწყისში გკითხავენ „სტიპენდიანტი ხართ ვინმე?” თუ არა, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა შენ მოუმატე სწავლას, თავს აკლავ საგანს, თუ ღამეს ათენებ მთელს ალგორითმებზე ფიქრში… რამე ქულას მოგიგდებენ ძაღლივით და ეგაა. მთავარია, არ ჩაგჭრიან, აბა მეტი რა გინდა?!
 

გამოცდის საკითხებს თუ არ გეუბნებიან ეგეც არაუშავს. მთავარია გამოცდაზე ჰო გადიხარ? ან რამდენიმე დღით ადრე თუ იგებ, ეგეც მოსულია. ჰოო და მთავარი მთავართა შორის - თუ ბიჭი ხარ, გამოცდაზე შეიძლება ორ კითხვაში უმაღლესი შეფასება დაგიწერონ, მაგრამ თუ გოგო ხარ და 20 კითხვის შემდეგ მაინც გაღირსეს წესიერი ქულა, უნდა გიხაროდეს. მოკლედ, კაცობა უპირატესად ითვლება სამედიცინოში. 

 

ყველასათვის საოცნებო გაცვლითი პროგრამები? ეჰ… ეგ ნამდვილი ზღაპარია პატრონი თუ არ გყავს, აბა მარტო შენი უცხო ენის  B2- C1 დონე და მაღალი GPA ვის რად უნდა?! მაგრამ რომ არ ჩაიჭრან, 14 რიცხვის გასაუბრებას, 13-ში საღამოს დებენ, თან ყველაფერი მზად უნდა გქონდეს მაგ დროისთვის, ნუთუ შეუძლებელია?
 

 

მოკლედ სამედიცინოს სტერეოტიპებიდან დაწყებული სტუდენტებისადმი დრომოჭმული დამოკიდებულებით დამთავრებული ყველაფერი გამოცდილი და ათვისებული მაქვს, მაგრამ შენ თუ სამედიცინოში აპირებ ფეხის შემოდგმს, ის გაგონილი ამბები ლეგენდები არ გეგონოს. ჰოდა, ექიმობა თუ გინდა ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ბევრი რამეც უნდა აიტანო.


თუ წელიწადში 8000 ლარის გადახდა შეგიძლია დავით ტვილდიანის უნივერსიტეტისკენ აიღე გეზი ან ძააან მოინდომე და ევროპის რომელიმე უნისთვის დაიწყე ბრძოლა.