
დღეს რთულია ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ერთი ანიმე მაინც არ აქვს ნანახი. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ანიმეური ჩაცმის სტილით მოსიარულეთა რაოდენობა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობასავით იმატებს და პიკს აღწევს. თუმცა საკითხავი სწორედ ის არის, რამდენად დავკვირვებივართ იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც ჟანრს გამორჩეულად და პოპულარულად აქცევს
1. ხატვის განსხვავებული სტილი
ის, რაც ანიმეს განსაკუთრებულს ხდის მისი ხატვის სტილია. ის შეიძლება იყოს დახატული როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. მისი ხატვის სტილზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიდი თვალები, რომელიც ანიმეს პერსონაჟებისთვის დამახასიათებელია. ასევე აღსანიშნავია უჩვეულო ფერის თმა და ვარცხნილობაც, რომლებიც გვეხმარება ერთმანეთისგან გავარჩიოთ პერსონაჟები, თუმცა ეს ფერები ხშირად კონკრეტული პერსონაჟის ხასიათის ამსახველია. მაგალითად, პერსონაჟები, რომელთა თმის შეფერილობაც წითელია, ძირითადად ტემპერამენტულები არიან, ხოლო ლურჯთმიანები - პირიქით.
2. თემების ფართო არჩევანი
სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისთვის გააჩნია. ანიმე XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და მასში განხილული პრობლემები გართულდა და გაღრმავდა. დღეს იმ ნამუშევართა რაოდენობა უფრო დიდია, რომლებიც პოპულარობით მოზრდილებში სარგებლობს.
ანიმე ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის ან იაპონური კომიქსის - მანგას სიუჟეტზე. სხვა ქვეყნების ანიმაციისგან სიუჟეტის სიღრმითაც გამოირჩევა. ანიმეს ჟანრი გავლენას შესრულების სტილზეც ახდენს.
3. "Soundtrack - ები"
ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე. ანიმეს თანმდევი მელოდიები განსაკუთრებითაა აღნიშვნის ღირსი. ისინი ხშირად პოპულარობით სარგებლობს. ანიმეს საუნდტრეკები „თემატურ მუსიკას“ მიეკუთვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ რაიმე მოვლენის ან პერსონაჟის მოქმედებისას შესაბამისი მუსიკა გვესმის. მართალია, ანიმე-ექსპერტად არ გამოვდგები, თუმცა ამ მხრივ ყველასათვის საყვარელ “death note“-ს გამოვყოფდი.
