„ტიკტოკერები“- ისინი არ არიან, ვინც შენ გგონია

25 მარტი 2021

ეს ბლოგი მათთვისაა, ვინც არაა აქტიური ტიკტოკერი, არ მიჰყვება ტრენდებს და არ ქმნის კონტენტს საკუთარ გვერდზე. ეს იმ „ლუზერებისთვისაა“, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ „for you” ფეიჯის სქროლვით შემოიფარგლება და თვალს ადევნებს სრულიად უცხო, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მყოფი ადამიანის ტიკტოკ ტრენდებს. მათ შორის ვარ მეც. მეც თქვენნაირად ვაკვირდები, ხან და ხან ვვოცდები, მომწონს, ვაფასებ ან უბრალოდ ვერთობი ამა თუ იმ ადამიანის მიერ შექმნილი კონცეფციით. მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყე ამ აპლიკაციის გამოყენება. ხოდა ამ დროის განმავლობაში საინტერესო ნიუანსს წავაწყდი, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ. 

როგორც უკვე ვახსენე, ერთი წლის წინ გადმომიწერია ტიკტოკი და გავრკვეულვარ საერთოდ რა პლატფორმას წარმოადგენს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირველი შთაბეჭდილება მოულოდნელი იყო. მანამდე დავცინოდი მეგობრებს, ვინც ტიკტოკის აქტიური მომხმარებლები იყო. ალბათ იმიტომ რომ არ მომწონს სიახლის უცებ ატაცება და „მოდას აყოლა“. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს მეც მომწონდა. ჩემ თავთან გამოტყდომა მიჭირდა და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ „ეს რაარის“, „დროის კარგვაა და სხვა არაფერი“. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ასეც არაა და ბევრი ადამიანისთვის ეს ზოგჯერ კარიერის, ზოგჯერ სახელის დამკვიდრების ან უბრალოდ გართობის საშუალება იყო. რაღაცნაირად ის ადამიანები, რომლებიც კარგ კონტენტს ქმნიდნენ, ყურებადს და აშკარად ხალხისგან დიდ მოწონებას იმსახურებდნენ, ჩემ ცნობიერში „განსხვავებულებად“, ზოგიერთი „იდეალურად“ ჩაიბეჭედა. უნდა აღინიშონის, ამ ადამიანთა რიგებში უცხოელი ტიკტოკერები შედიოდნენ. ამით ქართველების დაკნინებას არ ვცდილობ ცხადია, მაგრამ რაღაცნაირად უცხოელი ტიკტოკერების ფერსონალითის ამოცნობა უფრო გამიჭირდა ვიდრე მათი. ხოდა უცხოელი ტიკტოკ მომხმარებლებით აღტაცება გაგრძელდა იქმადე, სანამ ერთ ვიდეოს არ წავაწყდი. ეს უკანაკსნელი იმ მომენტში „მეხის გავარდნასავით“ იყო ჩემთვის. მთლად ასეც არა, მაგრამ გარკვეული იმედგაცრუება ვიგრძენი. დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი გაიგებს ახლა რასაც ვიტყვი და ზუსტად გაიაზრებს, რომ ჩემნაირად მრავალჯერ ჩავარდნილა იმავე სიტუაციაში, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია. ჩვეულებრივი რიგითი შესვლა იყო ტიკტოკზე და „for you” ფეიჯის სქროლვა, როდესაც წავაწყდი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი უცხოელი ტიკტოკერის ვიდეოს, სადაც ყველანაირი ფილტრის, მუსიკის, ტრენდის გარეშე, უბრალოდ ზის და საკუთარ ფანებს მოუწოდებს, შეუერთდნენ გასულ წელს აშშ-ში წამოწყებულ მოძრაობას, „Black lives metter”. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ჩემი იმედგაცრუება, სულ სხვა ფერსონალითის ადამიანი შემრჩა. მორცხვი, მორიდებული, ისეთი ხმის ტემბრით, რომელსაც არ ველოდი. 360 გრადუსით შემოტრიალდა ამ ტიკტოკერის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. ვხედავდი წყნარ ადამიანს, მაშინ როცა მისი წინამორბედი ტიკტოკები გამოირჩეოდა სრული ესთეტიურობით, მიმზიდველობით, სილამაზით და გაბედულობით. ალბათ ისმება კითხვა, თუ რატომ შევიქმენი ჩემდაუნებურად სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე, მაშინ როცა ყველამ კარგად იცის, რომ  ვირტუალური სივრცე, სწორედ პიროვნულობისა და იდენტობის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა. მგონია, რომ ამის პასუხი შემდეგში მდგომარეობს, ჩვენ ტიკტოკზე ვხედვათ მოქმედებაში მყოფ ადამიანებს, არ ვხედავთ მხოლოდ გაშეშებულ, დაფოტოშოპებულ სურათებსა და გაყინულ სახეებს. გამოდის, რომ ჩვენ, პასიურ ტიკტოკერებს, ტრენდი, მუსიკა ან უბრალოდ უკვე ჩაწერილი ხმა, „გვატყუებს“, რომლის საშუალებითაც აქტიური ტიკტოკერები კონტენტს ქმნიან. ცხადია, ამის გადასამოწმებლად ექსპერიმენტია საჭირო. ხოდა ვისზე თუ არა საკუთარ თავზე გამოვცადე. შედეგი ზუსტად იდენტური გამოდგა. მე, ნაკლებად გახსნილი ადამიანი, უცებ ძალიან ღია და ჩემთვის უჩვეულო ვიყავი. ეს მოწონებას დაიმსახურებდა, მაგრამ იქნებოდა იდენტობის ცხადი შეფუთვა, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან.  ეს, ერთი მხრივ, იმედგაცრუება იქნებოდა სხვისთვის, ვინც ჩემზე გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნიდა, მეორე მხრივ, საკუთარი თავის მოტყუებაც. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასეა, ბევრია ისეთი ტიკტოკერი, რომელიც ზუსტად ახერხებს იყოს ნამდვილი და არ შექმნას საკუთარი თავისგან ფეიკ „მე“. ასეთებს მგონი განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. უნარი, რომელიც არღვევს ძალიან მძიმე, ვირტუალური საშუალებებით შექმნილ შესაფუთ ხერხებს და ღია, უშუალო, რაც მთავარია, ნამდვილ კავშირს ამყარებს მაყურებელთან.

ამრიგად, ცხადი გახდა ის, რომ ტიკტოკერები არ არიან ისინი, ვინც ჩვენ გვგონია. თუმცა ტიკტოკი, ტიკტოკი არ იქნება, თუ არ შეიცავს სწორედ მიმზიდველ, თვალწარმტაც, ზოგისთვის მიუწვდომელ, საოცნებო   ხასიათის ტრენდებს, იმიტომ რომ ეს მასებზე მომუშავე პლატფორმაა. გასართობი საშუალება, რომელიც იმას აწვდის მომხმარებელს, რაზეც მოთხოვნა დიდია ანუ რეალობას მოკლებულ კონცეფციებს.