OMG

THE TRIAL OF THE CHICAGO 7

14 მაისი 2021

ერთხელ ერთმა დიდმა რეჟისორმა თქვა, რომ ერჩივნა მისი ფილმები ვერ გაეგოთ, მაგრამ ეგრძნოთ. მეც მგონია, რომ ფილმი სწორედ მაშინაა ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე ამაღელვებელი და ლამაზი, როცა მას ინსტიქტურად გრძნობ. იმ იმპულსებით, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გაგაჩნია, რომ ადამიანი ხარ, ყოველგვარი სოციალური თუ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, უბრალოდ ადამიანი. 

 

მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეგრძნების სიმძაფრე განუზომლად იზრდება მაშინ, როცა ასეთ ინსტიქტურ განცდას ემატება რაღაც ძალიან კონკრეტული ცოდნა, ან გამოცდილება, რომელსაც ცხვირით შეჯახებიხარ და რომელზე დაკვირვების შესაძლებლობაც ძალიან ახლოდან გქონია. 

 

„ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“ სწორედ ასეთი „ახლო“ ფილმია ყველასთვის, ვისაც ჩვენს ძვირფას ქვეყანაში უცხოვრია და მისთვის ერთხელ მაინც შეუხედავს კრიტიკული თვალით, ერთხელ მაინც უფიქრია მასზე. 

 

ფილმი მოგვითხრობს შვიდ ახალგაზრდაზე, რომლებიც ომის დასრულების მოთხოვნით ჩიკაგოში ჩავიდნენ და გამართეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელიც, მიუხედავად მათი მცდელობისა, თავიდან აერიდებინათ ეს შედეგი, მაინც სისხლისღვრითა და მსხვერპლით დამთავრდა. სიუჟეტი ამ დემონსტრაციიდან ხუთი წლის შემდეგ ვითარდება და გვიყვება სასამართლო პროცესზე, რომლის მიზანიც სულაც არ არის სიმართლის დადგენა. თითოეული პერსონაჟისთვის, ისევე, როგორც მაყურებლისთვის, განაჩენი თავიდანვე ცხადია. პროცესის პირველივე დღიდან ამ ამბავში ჩართულ თითოეულ ადამიანს ნელ–ნელა ახრჩობს უსამართლობის განცდა და ბრაზი იმის გამო, რომ ვიღაცას უბრალოდ შეიძლება ჰქონდეს ძალაუფლება და ამის გამო დაგცინოდეს შენ, დასცინოდეს შენს თავისუფლებას და შენს სიცოცხლეს.  

 

მთელი ფილმის განმავლობაში ვუყურებთ, ერთი შეხედვით, კომიკურობით სავსე ისტორიას, რომელიც სინამდვილეში არაფრითაა სასაცილო. რომელიც სინამდვილეში გვიყვება ადამიანებზე, რომლებსაც აჯერებენ, თითქოს მათ გარშემო არსებობს სამართლიანობა და სასამართლო. თითქოს ისინი წინასწარ არ არიან განწირულები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სჭირდება. 

 

შეუძლებელია უყურებდე ამ ფილმს და არ გახსენდებოდეს საქართველოს ყოველდღიური რეალობა. თითოეული მსჯავრდებული, რომელსაც ფილმში ვხედავთ, გვახსენებს იმ საშინელ ნიჰილიზმის განცდას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხშირად გვეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქოს იბრძვიან, თითქოს ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, თითოეულმა მათგანმა სასამართლო პროცესის პირველივე დღიდან (და ალბათ მანდამდეც) იცის, რომ ამ პროცესს მხოლოდ ერთი ბოლო აქვს. მხოლოდ ერთი დასასრული, რომელიც მოსამართლეს დიდი ხანია გადაწყვეტილი და მოფიქრებული აქვს. 

 

რაც შეეხება მოსამართლის პერსონაჟს, ის, ისევე, როგორც თავად ფილმი, ერთდროულად იძენს კომიკურობასა და ტრაგიზმს. მისი პერსონაჟის მოსმენისა და ყურებისას, აუცილებლად გაგახსენდება ირაკლი კობახიძე, რომელიც თითოეულ თავის კომენტარსა თუ გამოსვლაში, მინიმუმ ათჯერ მაინც ახსენებს სიტყვა „რადიკალს“, ან „დესტრუქციულს“, რადგან ყველაფერი, რაც მის ინტერესებს საფრთხეს უქმნის, რადიკალიზმი და დესტრუქციაა. 

 

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი, რომელსაც ამ ფილმში ვაწყდებით, არის საქმის მთავარი პროკურორი. ფილმის დასაწყისში ვხედავთ, რომ მას ამ საქმის აღება არ უნდა, რადგან ვერ ხედავს დანაშაულს, რისთვისაც შეიძლება, რომ ადამიანი გაასამართლო, მაგრამ პროცესის დასრულებამდე იმდენად შედის ხიბლსა და აზარტში, იმდენად ერევა საკუთარი ეგო, რომ ღალატობს ყველა პრინციპს, რაც თავიდან თითქოს მრავლად გააჩნდა. ეგოსთან დამარცხებული, სახე დაკარგული ადამიანები ჩვენს რეალობაშიც მრავლად არიან. მრავლად კი არა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთელი ჩვენი ბედი სწორედ ასეთი ადამიანების ხელშია. 


 

და ბოლოს, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, რომელიც ფილმში გვხვდება, არის ერთ–ერთი მსჯავრდებულის პატარა შვილი. მხოლოდ ამ ბიჭის ტრანსფორმაციაც აღწერს ყველაფერს, რის აღწერასაც ეს ფილმი ცდილობს. ფილმის დასაწყისში, სანამ მამა დემონსტრაციაზე წავა, შვილი ახსენებს მას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იყოს მშვიდი და ზრდილობიანი. ამ სცენაში მას ჯერ კიდევ სჯერა საზოგადოებაში არსებული მორალის, სამართლიანობისა და კანონის. ფილმის ბოლოს კი ვხედავთ, როგორ ენგრევა თითოეულ ამ ცნებაზე წარმოდგენა. როგორ აცნობიერებს, რომ არ არსებობს არაფერი მორალურობის, სანამრთლიანობისა და კანონის მსგავსი. რომ არსებობს მხოლოდ ძალაუფლება, მხოლოდ პირადი ინტერესები და თამაშის არასამართლიანი წესები. ეს ბავშვში არის თითოეული იმ ადამიანის ანარეკლი, რომელიც უყურებს მის გარშემო არსებულ გაუგებარ სამყაროს, სადაც ვერასდროს შეძლებს საკუთარი სიმართლის, სიტყვისა და თავისუფლების დაცვას და ეგუება მას.

 

ფილმის ბოლოს, როცა ერთ–ერთი მსჯავრდებული ემოციური სიტყვით გამოდის, დარბაზის დიდი ნაწილი პატივისცემის ნიშნად ფეხზე დგება. მათ შორისაა მთავარი პროკურორიც. და მაყურებელს ეძლევა იმედი, რომ მის გარშემო არსებულ სისტემაშიც იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ფეხზე ადგებიან და დაუპირისპირდებიან უსამართლობას. რომლებიც ამერიკაში გაიპარებიან და შემდეგ იქ დარჩებიან, რადგან გული ერევათ საკუთარ საქმეზე და იმაზე, რაც ადამიანებისთვის გაუკეთებიათ. 

 

მოკლედ, „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“, ყველასთვის, ვინც ჩემ გვერდით ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ჯერ კიდევ აქვს ძალა, რომ თვალგახელილმა უყუროს მის გარშემო არსებულ რეალობას, არის ფილმი, რომელსაც ძალიან ზუსტად გაგებასთან ერთად, აუცილებლად იგრძნობს.