სვანეთის დღიურები

7 სექტემბერი 2021

 

მე მარიამი ვარ, 16 წლის, წითური თმით და წითელი ჭორფლებით. მყავს 5 უმცროსი დაიკო და უმაგრესი მეგობრები. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა ჩემმა მშობლებმა სვანეთში გადაწყვიტეს სახლის შეძენა. ეს იყო 2019 წელს. მათი მიზანი მცირე ბიზნესის წამოწყება იყო. აქ ყველას საოჯახო სასტუმრო აქვს და იფიქრეს, რომ სეზონზე თან დაისვენებდნენ, თან იმუშავებდნენ, მაგრამ იმდენად მოეწონათ სვანეთში ცხოვრება, რომ გადაწყვიტეს შვილებითურთ გადმოსახლებულიყვნენ. 

 

უკვე 2020-ში აქ გადმოვედით; დედა, მამა და 5 ქალიშვილი. ამ პერიოდში კიდევ ერთ ლამაზმანს ველოდებოდით. 

  

ჩემთვის აქ გადმოსვლა რთული იყო. იმდენად, რომ რამდენიმე თვე მშობლებზე ძალიან გაბრაზებულიც კი ვიყავი. თან ამ ყველაფერს კოვიდი დაემთხვა, გზები ჩაიკეტა და თბილისში ვერ მივდიოდი. სამაგიეროდ ცოტა ხანში გავიცანი ჩემი თანატოლები სხვადასხვა სოფლებიდან და შევიძინე უმაგრესი მეგობრები მათი სახით. მართალია ზამთარში მხოლოდ ონლაინ კონტაქტზე ვართ, მაგრამ თოვლის დადნობა და ჩვენი სვანური არდადეგების დაწყება ერთია!

 

დიდთოვლობა იმ სირთულეებიდან ერთ-ერთია, რომელსაც სვანეთში გადმოსვლისას წავაწყდი. ამ დროს გარე სამყაროს ვემშვიდობებით ხოლმე - იხერგება გზები, ფუჭდება შუქი, ინტერნეტზე ხომ საუბარიც ზედმეტია. თუმცა, როგორც ზოგი სხვა ჭირი, ესეც მარგებელი აღმოჩნდა - შემიყვარდა წიგნები, ფიქრი, ძილი, სიმშვიდე, აზროვნება და მომავალი. დიდ სიამოვნებას ვიღებ.


წიგნები ბევრ რამეში მეხმარება, თავშიც ბევრი არგუმენტი მიტრიალებს, ფიქრით ყველა პრობლემის გადაჭრის გზას ვპოულობ, კარგად მძინავს და არაფერზე ვნერვიულობ, აზროვნება უფრო გახსნილ ადამიანად ჩამოყალიბებაში მეხმარება, ხოლო მომავალი კი, რომელიც ყოველი ხვალინდელი დღეა, მიყვარს იმიტომ, რომ ყოველ მომდევნო დღეს რაღაც ახალი და კარგი ხდება. შესაბამისად ყველა ეს დეტალი მაბედნიერებს. განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ჩემ მომავალ პროფესიაზე ფიქრი მანიჭებს, უკვე წარმომიდგენია როგორ ვუყურებ ჩემს თავს ტელევიზორში და აიიი რა მაგარი ჟურნალისტი ხარ მეთქი ვამბობ.

 

კიდევ იცით რაზე ვფიქრობ? ჩემს მეგობრებზე, რომლებიც თბილისში დავტოვე. თქვენ არ იცით რა მაგარი ადამიანები მყავს გვერდში. ხანდახან ჩემთან სვანეთშიც ამოდიან ხოლმე, ძალიან რომ მომენატრებიან და მოვენატრები მაშინ <3

 

ურთულესია მეგობრების დაკარგვა! როცა ადამიანი 5 სკოლას იცვლის, იძენს ახალ მეგობრებს, მაგრამ ძველებს ივიწყებს, თუ, რა თქმა უნდა, მათთან სერიოზული ურთიერთობა არ აკავშირებდა. ბევრი დავივიწყე, ბევრი კი დღემდე მომყვება და როგორც ამბობენ, რომ არა ის ადამიანები, ვინც "დღემდე გამომყვა", არ ვიქნებოდი მე მარიამ ხარძიანი. ვერ გადავიტანდი ამხელა ნახტომს თბილისიდან სვანეთამდე. ისინი მაძლიერებენ დღესაც და მჯერა, რომ გამაძლიერებენ მომავალშიც.  

 

როცა ყველაფერი "ცუდად" მიდის, მოტივაციას მაძლევენ, რომ არ დავნებდე და პრობლემის მოგვარებაშიც თვითონვე მეხმარებიან ხოლმე.

 

სვანეთში ცხოვრება სვანური ტრადიციებით ცხოვრებას ნიშნავს. 

 

არა, არაფერს გვიშლიან. პირიქით, ძალიან მაგარ რიტუალებს ატარებენ აქ და ვერთობით, უბრალოდ უფრო მეტი ხალხი რო ცხოვრობდეს, უკეთესი იქნებოდა.

 

სკოლაში მთელი ზამთარი დავდივართ. გათბობა შეშაზე გვაქვს და ძაან მაგარია შუა გაკვეთილზე რო წამოხტები და შეშას შეუნთებ, დრო გაგვყავს ხოლმე. 

 

მასწავლებლები ჯიგრები არიან, სულ ვგუნდაობთ ერთად. აქ სკოლა 9 საათის მაგივრად 10-ზე იწყება და ბედნიერი ვარ როცა გვიანობამდე მძინავს.

 

იცით რას შევეჩვიე? სოფლურ ცხოვრებას - ვისწავლე, რომ მუშაობის გარეშე ცხოვრება არაფერია. ამას მერეც ვისწავლიდი თბილისში რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ აქ ცოტათი ადრეულ ასაკში ვიგემე.

 

იცით რა მაგარია კარტოფილის დათესვა? ან თბილისში ზაფხულის მერე რო ჩადიხარ მაგარი ზაგრით და ყველას გონია ზღვაზე იყავი, არადა ამ დროს სვანეთში ფორცხავდი :დ

 

მოკლედ სვანეთში გადმოსვლა ჯერ დიდი სტრესი იყო, მაგრამ შემდეგ ბედნიერება. ჩემი აზრით, ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს როგორია სოფელში ცხოვრება. 

 

პატივისცემით მარიამი <3 :დ