OMG

სიცოცხლით პროტესტი - შიმშილობა

11 ნოემბერი 2021

სახელმწიფო ადამიანებზე დგას, მაგრამ ხანდახან რეალობა იცვლება და ეს სიტყვები გადატანითი მნიშვნელობის ფუნქციას კარგავს. მსოფლიო  ისტორიას ან სულაც ჩვენს ყოველდღიურობას ოდნავ უფრო დაკვირვებით რომ მივაშტერდეთ ბევრს თუ ვერა, ერთ მაგალითს მაინც აღმოვაჩენთ იმაზე თუ როგორ არაფრად ჩააგდეს ხელისუფლებებმა ადამიანთა ძალისხმევა, ეცხოვრათ უკეთეს სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო მათზე იდგებოდა და არა მათ სიცოცხლეზე.

ჰოდა, არაფრადჩაგდებულმა ადამიანებმა ყველაზე მთავარი - თავიანთი სიცოხლე დადეს სასწორზე. ასე გაჩნდა შიმშილობა, როგორც პროტესტი.

პოლიტიკური მიზეზების გამო საკვებზე უარის თქმას დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ციხეში შიმშილობა მე-19 საუკუნეში დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.
ჯერ  კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, პროტესტის ამ ფორმას პეტერბურგში, პეტრესა და პავლეს ციხესიმაგრის პოლიტპატიმრებმა მიმართეს და ციხეში არსებული არაჰუმანური პირობები გააპროტესტეს.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ემელინ პერჰერსტის ხელმძღვანელობით შიმშილობდნენ ბრიტანელი სუფრაჟისტი ქალები, რათა მათთვის არჩევნებში  ხმის მიცემის უფლება მიეცათ. წლების პროტესტის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ მათ ხმის მიცემის უფლება მისცა.
დამოუკიდებლობისთვის შიმშილობდნენ ირლანდიასა და ინდოეთში, ანტი აპარტეიდის ლიდერები სამხრეთ აფრიკაში.
საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრების შიმშილობა ჩვეულებრივი ამბავი იყო. 1980-იანი წლების ბოლოს პოლიტპატიმარი, უკრაინელი პოეტი ვასილ სტუსი და რუსი მწერალი ანატოლი მარჩენკო შიმშილობისას გარდაიცვალნენ. როგორც ამბობენ ამ ტრაგიკულმა მოვლენამ გზა გაუხსნა საბჭოთა პოლიტპატიმრების ამნისტიას.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ პროტესტის ეს ფორმა ფაქტობრივად გაქრა, თუმცა ვლადიმერ პუტინის მმართველობისას შიმშილობის პრაქტიკა კვლავ დაბრუნდა.
2018 წლიდან უკრაინელმა რეჟისორმა ოლჰენ სენცოვმა, უკრაინელი პოლიტპატიმრების გასათვისუფლებლად 145 დღე იშიმშილა.
2021 წლის 31 მარტს შიმშილობა დაიწყო რუსმა ოპოზიციურმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. იგი "კანონის აღსრულებას" და ექიმთან კონსულტაციას მოითხოვდა. ნავალნიმ 24 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ განაცხადა, რომ პროტესტს კვლავ გააგრძელებდა.


პროტესტის ამ ფორმას იყენებდნენ ქართველებიც. საქართველოში შიმშილობდნენ დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანი არჩევნებისთის, ხელფასის მომატებისთვის, ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. თუმცა, პროტესტის ეს ფორმა არც საქართველოს მოუტოვებია წარსულში.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის კონსულთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ის უკვე 44 დღეა შიმშილობს.

3 ნოემბერს  შიმშილობა დაიწყო  “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც და  მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. ელენე ხოშტარია უკვე 11 დღეა შიმშილობს.
სხვადასხვა პროტესტის შემდეგ, დღეს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა იმედა კლდიაშვილმა
შიმშილობა დაიწყო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.


როგორ რეაგირებს სხეული შიმშილობაზე?

პირველი სამი დღის განმავლობაში სხეულს შეუძლია გამოიყენოს დაგროვილი გლუკოზის ენერგია, თანდათანობით ქვეითდება იმუნური სისტემა. ორგანიზმი  კარგავს კუნთოვან მასას და ცხიმებს. მათი შემცირების ხარჯზე იწყება წონის კლება. მთლიანი სხეული გადადის შინაგანი რესურსების გამოყენებაზე.  3-4 დღიანი შიმშილის შემდეგ კი ქრება შიმშილის გრძნობა. მთელი ეს  პროცესები მიმდინარეობს საშინელი დაღლილობისა და თავის ტკივილის ფონზე.  ხშირ შემთხვევაში მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩნდება ფიზიკური დაზიანების ნიშნები, რადგან ორგანიზმს აღარ აქვს რესურსი აღიდგინოს უჯრედები.
შიმშილობის ორი კვირის შემდეგ მოშიმშილეს უჭირს გადაადგილება, განიცდის აპათიას, ძილიანობას, მეხსიეერების პრობლემებს, სუნთქვის გაიშვიათებას, საერთო სისუსტესა და თავბრუსხვევას. შესაძლებელია დაკარგოს მხედველობა ან სმენა.
6 კვირიან შიმშილობის შემდეგ სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალია.

პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს პროტესტის საგანზე, მაგრამ გავლენას ახდენს საზოგადოების აზრზე და პრობლემის წინაშე მათ ყურადღებას იპყრობს, რაც აწმყოში თუ არა შორეულ პერსპექტივაში მაინც იძლევა ცვლილებას. სახელმწიფოში, სადაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, შიმშილობამ  შეიძლება ნამდვილად გამოიღოს შედეგი და მოშიმშილეც გადაარჩინოს, მაგრამ არის კი საქართველო სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე ფასეულია?