შობა კიევში

23 დეკემბერი 2022

აქ, კიევში, ცივი და თოვლიანი ზამთარია. ჩემს ბნელ ოთახში ვზივარ და კიდევ ერთ ჯანჯაფილის სურნელოვან სანთელს ვანთებ, ფანჯრიდან თოვლით დაფარულ ხეებს ვუყურებ და თავში ბევრი მოგონება მიტრიალებს. ეს გასული წლის დეკემბრის ბედნიერი მოგონებებია - იმ პერიოდის, როდესაც უკრაინაში ადამიანების უმეტესობა სასიამოვნო წინასაახალწლო სამზადისით იყო დაკავებული - წერდნენ საშობაო ბარათებს, გეგმავდნენ ოჯახურ შეკრებებს, ყიდულობდნენ საჩუქრებს, რთავდნენ ნაძვის ხეებსა და სახლებს. ვერც კი წარმოედგინათ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო სულ რაღაც 2 თვის შემდეგ. მშვიდობიანი ცხოვრების ეს მხიარული მომენტები 24 თებერვალს ემსხვერპლა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მოგონებები შარშანდელი შობისა და ახალი წლის ღამიდან სიურეალისტურად გამოიყურება - თითქოს ეს ყველაფერი სხვა ცხოვრებაში, პარალელურ რეალობაში ხდებოდა. წელს ყველაფერი ძალიან განსხვავებულია. ამ მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა და ხალხი მთლიანად შეიცვალა.

 

უკრაინაში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანი შობის დღესასწაულს განსხვავებულ პირობებში გაატარებს - ჯარში მომსახურე უკრაინის მცველები ფრონტის წინა ხაზზე იქნებიან მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად; ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდება; ლტოლვილები და დევნილები კი ვერ შეძლებენ ოჯახებისა და ახლობლების მონახულებას საახალწლო ვახშამზე.

 

თუ კიევის ცენტრში გაისეირნებთ, ვერც ტრადიციულ ნაძვის ხეს ნახავთ, ვერც სადღესასწაულო დეკორაციებს და ვერც განათებულ ქუჩებს. პირიქით - მზის ჩასვლისას მთელი ქალაქი სიბნელეში იძირება. რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბითაა დაზიანებული. ამრიგად, დაწესდა შეზღუდვები ენერგიის დასაზოგად. მაგალითად, ქუჩებში არაა განათება და მოქალაქეების გზის დასანახად ფანრებით უწევთ სიარული. ვინაიდან, ყოველ წამს შეიძლება რუსეთმა კვლავ მიიტანოს იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მუდმივ შიშში ყოფნა ახალი ყოველდღიურობის ჩვეულებრივ ნაწილადაა ქცეული.

 

ასე რომ, ზოგადი განწყობა არ არის სადღესასწაულო. უკრაინელებს არა მხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ მენტალური ენერგიის დაზოგვაც ესაჭიროებათ - რადგან მთელი ძალისხმევა მიმართულია ომის შედეგად დაზარალებული ხალხისა და ჯარის მხარდასაჭერად, ტრადიციული საშობაო და საახალწლო განწყობისთვის დიდი რესურსი აღარ რჩება.

 

მაგრამ სადღესასწაულო განწყობის ნაკლებობა დაღლილობას, აპათიას ან სასოწარკვეთას სულაც არ ნიშნავს. იგრძნობა, რომ ამ ბნელ და ცივ ქალაქს იმედის განცდა თავს დასტრიალებს. ადამიანები ცვლიან თავიანთ ცხოვრებას და ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ სირთულეების გადალახვაში. ასეთ ვითარებაში, ცხოვრების ჩვეულებრივი პატარა სიხარული, როგორიცაა პატარა მყუდრო შეკრება მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, კიდევ უფრო ძვირფასია. ბედნიერებისა და მადლიერების განცდისთვის საჩუქრების ჩუქებისა თუ პომპეზური ზეიმების საჭიროება სრულადაა გამქრალი.

 

საახალწლო და საშობაო აღნიშვნების სამზადისის ნაცვლად, უკრაინელები (იმედია) უახლოეს მომავალში სხვა დიდ დღესასწაულს ელოდებიან და მზადებითაც სწორედ ამისთვის ემზადებიან. ეს უკრაინის გამარჯვების ზეიმია - როდესაც ომი დასრულდება და უკანასკნელი რუსი დამპყრობელი განიდევნება უკრაინის ტერიტორიიდან. და ეს კიევში ახლა ისეთივე გარდაუვალი ჩანს, როგორც სეზონების ცვლილება და ახალი წლის მოსვლაა.

 

 

სოლომია კუბრიში (27 წლის) კიევში მცხოვრები უკრაინელია. ამჟამად მუშაობს პროექტის კოორდინატორად პოლიტიკური განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სფეროში.