
გავიხსენოთ Netflix-ის ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული ანიმაციური სიტკომი „ცხენი ბოჯეკი“, რომელიც ახერხებს და დიდ საფიქრალს გვიტოვებს თითოეული ეპიზოდის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი ბოჯეკი ანთროპომორფული არსებაა, ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხენი, რომელსაც ავტორები გვაცნობენ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ის ეგზისტენციალურ კითხვებს აჟღერებს. სიტკომის შემქმნელები ახერხებენ, რომ ჯანსაღი იუმორით წარმოაჩინონ ცხოვრების აბსურდულობისგან თავდასაღწევ გზაზე არსებული დაბრკოლებები. მაგალითად, ფილმის მთავარი გმირი ბოჯეკი ცხენია, რომელსაც სირბილი არ შეუძლია. ის ვერ მთლიანდება ვერც ადამიანურ და ვერც ცხოველურ ნაწილში. გაჭედილია სივრცეში, რომელიც ამოვსებულია წარსულის ტრავმებისგან გამოწვეული ტკივილით, შესაბამისად, ადგილი არათუ მომავალზე ფიქრს, არამედ, აწმყოსაც კი ვერ ეთმობა.
ფილმებისა და სერიალების მოყვარულებს კარგად გვახსოვს ფაქტი, როცა ისტორიები პოსტმოდერნისტული კუთხით დაგვანახეს დიდმა და წარმატებულმა კინოსტუდიებმა. მაგალითად, „შრეკი“, ასე ვთქვათ, ანადგურებს ყველა მითს, რომელიც პრინცესას, მის გადამრჩენელ პრინცს თუ სხვა მსგავს თემას უკავშირდება. ცხენი ბოჯეკი კი უფრო დიდ ნაბიჯს დგამს და, გარდა იმისა, რომ პოსტმოდერნისტული ნამუშევარია, თავად პოსტმოდერნიზმსაც აკრიტიკებს. ბოჯეკი მსახიობია, შესაბამისად, რაც უფრო მეტად აკვირდება ჰოლივუდის ყალბ გამოვლინენებს, მით უფრო მეტად წყდება გული დაკარგულ დროზე. უფრო მკვეთრი ხდება აბსურდული რეალობიდან გასაღწევი გზა, რომელიც აქამდე საერთოდ არ ჩანდა.
მარტივი იქნებოდა გვეთქვა, რომ ბოჯეკი თავის თავში არსებულ ინსა და იანს, როგორც ნათელსა და ბნელს ებრძვის. თუმცა, ბოჯეკში არსებული სინათლე იმდენად უსუსური, იმდენად პატარაა, რომ ამას მაყურებელიც გრძნობს და, თითქოს, ამ მცირედ იმედზე ჩაჭიდების მონაწილე ხდება. ბოჯეკს აქვს მთავარი - მას გააჩნია ბრძოლის სურვილი, მაგრამ, არ შესწევს ამის უნარი, მისი სისუსტე ძალის არქონაა.
როგორ ადამიანადაც ვიქეცით და ვინც ახლა, ამ წამს ვართ მეტწილად ჩვენი მშობლების, მათი მშობლების და, ზოგადად, წინაპრების დამსახურებაცაა. ზურგზე გვაწევს სიმძიმე, რომელიც თვალისთვის უხილავია, თუმცა, იმდენად მძიმეა, რომ ახერხებს წაგვაქციოს და, მეტიც, დაგვიკარგოს ფეხზე წამოდგომის სურვილი. ბოჯეკის მშობლები მუდმივად ჩხუბობდნენ და ორივეს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. ამის შემხედვარე ბოჯეკი გარშემო სიძულვილისა და აგრესიის გარდა ვერაფერს ხედავდა. სიტკომის შემქმნელმა ჯგუფმა იზრუნა იმაზე, რომ უფრო დიდი კადრიც დაგვენახა და ბებია და ბაბუის ისტორიაც გვაჩვენა, რის შემდეგაც მოსალოდნელიც იყო ბოჯეკის მშობლების ცხოვრების სტილი. ერთი შეხედვით ამ ოჯახის ყველა წევრი უარყოფითი პერსონაჟია, თუმცა, ჩანაფიქრიც ისაა, რომ ღირებულებათა სისტემის გადახედვისკენ, ზოგადად, ცხოვრების წესისა და სტილის შეცვლისკენ მოგვიწოდონ.
ამ კონკრეტულ ხაზს რომ ჩავუღრმავდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ავტორებს აქვთ გათვლა, მიგვანიშნონ სიზიფეზე, როგორც პერსონაჟზე, რომელსაც აღმართზე მძიმე ლოდის განუსაზღვრელი ვადით ტარება დაევალა სასჯელის სახით. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს კადრი, სადაც ვხედავთ, რომ ბოჯეკი გადაწყვეტს აღმართის არბენას, თუმცა, მალევე იღლება და სასოწარკვეთილი იქვე მინდორზე ეცემა. ამ დროს, მის სახეზე ჩნდება ჩრდილი და ბოჯეკის წინ ვხედავთ მაიმუნს, რომელიც ამბობს სიტყვებს: „გამარტივდება... დროდარდო ყველაფერი გამარტივდება, უბრალოდ, ყველაზე რთული ნაწილი ისაა, რომ ეს ყოველდღე უნდა აკეთო“. ეს ფრაზა არამხოლოდ ბოჯეკის შინაგანი ხმა, არამედ მაყურებლის, თითოეული ჩვენგანის მიერ გაჟღერებული კითხვაა - როგორ გაგრძელდება? რა უნდა შევცვალოთ? როგორ მოვიქცეთ?
ალბერ კამიუს მსგავსად რომ ვთქვათ, ადამიანის გასაბედნიერებლად ისიც საკმარისია, თუ სიზიფეს ბედნიერ პერსონაჟად წარმოვიდგენთ მხოლოდ იმ ერთი წამითაც კი, როცა ის უკვე მწვერვალზეა. მიუხედავად იმისა, რომ ლოდი მაინც დაგორდება და გზა ხელახლა გასავლელია, შევაჩეროთ ის ერთი წამი, სადაც ბედნიერებაა. ბოჯეკის ცხოვრებაც ამ წამიდან გრძელდება. მის ცხოვრებაში სევდა უფრო მეტია ვიდრე სიხარული, თუმცა, მაყურებელთან ერთად მიდის გადაწყვეტილებამდე, რომ ეს პატარა სიხარული დაუპირისპიროს დეპრესიას და ცხოვრებისეულ აბსურდს.
ზემოთ ვახსენეთ, რომ მას სურვილი აქვს, მაგრამ, ძალა არ შესწევს. საბოლოოდ კი ხვდება, რომ თუ სურვილი ჭეშმარიტია, ძალა გზადაგზა მიეცემა. დეპრესიას, სევდას და წარსულ ტრავმებს კი არ უნდა დაუპირისპირდე, არამედ, ისინი შენი ცხოვრების ნაწილად მიიღო, თვალებში ჩახედო, თითქოს, ადამიანის სახით გიდგას წინ, შემდეგ კი მიხვდები, რომ ამ ისტორიით აწყობილი ადამიანიც შენ ხარ და, საბოლოოდ, ბოჯეკიც გამთლიანდება.
ცოტა სხვა პერსონაჟებსაც რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ მაყურებელი მათ ბოჯეკის თვალით ხედავს. ისინი არიან ისეთები, როგორებადაც მათ მთავარი გმირი აღიქვამს. როგორც კი ანიმაციური სიტკომი მიაღწევს იმ ნიშნულამდე, სადაც ბოჯეკი ღირებულებათა გადააზრებას გადაწყვეტს, გმირებიც იცვლებიან, თითქოს, მათი ისტორიაც უფრო ნათელი ხდება. ჩვენ ვაკვირდებით არამხოლოდ ბოჯეკს, როგორც გმირს, არამედ სამყაროს ფორმირებას ამ გმირის ირგვლივ.
ცხენი ბოჯეკი არის შოუ, რომლის ყველა გმირიც თითოეული მაყურებლის ანარეკლია. ის არამხოლოდ გვახსენებს, რომ დეპრესიას არ უნდა მისცე შენზე ზემოქმედების საშუალება, არამედ, გვთავაზობს კიდეც გზებს, როგორ ვიბრძოლოთ და გავხდეთ უკეთესი, ბევრად ლაღი ადამიანები.
