შენს ნაცვლად ვერავინ დაინახავს

4 მაისი 2021

შესავალი
 

ერთი გარდასული ზამთარი ძლივს გადავაგორე. რეალობისგან გასაქცევი მხოლოდ სიზმრებში მქონდა, მაგრამ არც მაშინდელ სიზმრებში ვირწეოდი დამშვიდებული ზღვის ტალღებზე. საკუთარი თავის არარაობად აღქმამ და ფიქრმა იმაზე, რომ არავის ვჭირდებოდი საწოლს მამაჯაჭვა, მაგრამ მე თუ მჭირდებოდა საკუთარი თავი? სამწუხაროდ არა, მაგრამ წარსულში საკუთარი თავის სიძულვილმა ახლა ბევრი რამ განსხვავებულად დამანახა.

მთელი ჩემი ხანმოკლე ცხოვრება მეგონა, რომ ვინმეს  უნდა ჩამოვკიდებოდი მხრებზე, თავი მშვიდად რომ მეგრძნო და თუ ეს ასე არ მოხდებოდა, იკარგებოდა მთელი სამყარო და იმ დაკარგულ სამყაროში მეც ვიკარგებოდი. არ ვიცი, შენი დეპრესია საით გკარგავს, მაგრამ თუ ოდესმე საკუთარი თავი ჩემსავით ნაწილებად დაგეშალა და ეს დაშლილი ნაწილები უფსკრულში გადაგიცვივდა, მომყევი. ვიცი წარმოუდგენელი გგონია, მაგრამ საკუთარი თავის დასაბრუნებლად უფსკრულიდან ამოსასვლელი გზებიც არსებობს.


 

განცდები და მიზეზები


სევდა, უიმედობისა და უსუსურობის განცდა, მარტოობა, დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი თავის სიძულვილი და სუიციდური ფიქრები, დემოტივირებულობა და ინტერესის დაკარგვა, დეპრესიის თანმდევი ის თვისებებია, რომლებიც მის ზედაპირზე მოსჩანს, თუმცა მის სიღრმეში ის უსახელო ემოციები იმალება, რომლის სრულყოფილად შეცნობა მხოლოდ დეპრესიაში ჩაძირულ ადამიანებს შეუძლიათ.

დეპრესიაში მიძინებული ადამიანები საკუთარ თავს არაფრად აგდებენ, იმდენად არაფრად, რომ სარკეში საკუთარ ანარეკლსაც გაურბიან და მზერას არიდებენ თვალებს, რომლებიც ყველაზე ახლობელია მათთვის. თითქოს იმდენად უჭირთ მკვდარი სულის ნაწილების მხრებით ტარება, რომ სიბნელეში, ემბრიონის პოზაში საბანგადაფარებულს ურჩევნიათ წოლა, მაგრამ იმაზე თუ უფიქრით, რომ შეიძლება მათი უნიკალურობისგან მხოლოდ ჰაერისგან ოდნავ ამობერული საბანიღა დარჩეს? ხშირად დეპრესია გაურკვევლობის მომტანია, თითქოს ნაპირზე დეპრესიისგან  გამორიყულ განცდებს არ აქვთ მიზეზები და საწყისები, რთულია დადგენა, რატომ გაუფერულდა ირგვლივ სამყარო, მაგრამ სადღაც ფსკერზე უმიზეზობის მიზეზიც არსებობს.  

დეპრესიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ: ბიოლოგიურს, რომელიც თავის ტვინში ქიმიკატების დისბალანსით შეიძლება იყოს გამოწვეული. ფსიქოლოგიურს, როდესაც ადამიანს გარკვეული ცხოვრებსიეული გამოცდილებების გამო შეიძლება დაეწყოს დეპრესია და სოციალურს, როდესაც გარემო ფაქტორები უარყოფით გავლენას ახდენენ  ადამიანზე. დღევანდელი ცხოვრების სტილის და სტრესული გარემოს გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანს,  ცხოვრების რაღაც ეტაპზე,  დეპრესია დაეწყოს და ეს სულაც არ წარმოადგენს ტრაგედიას. მიზეზი შეიძლება უამრავი  იყოს: ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნა, რეალობის მიუღებლობა, გარემოს რადიკალურად შეცვლა, სამსახურის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და ა. შ. 

 

დეპრესიის გადაგდება


დეპრესიის გადაგდებსთვის აუცილებელია მისი არსებობის შემჩნევა და აღიარება, რომ რაღაც ისე აღარ არის, როგორც უწინ იყო. აღიარებისა და შემჩნევის შემდეგ კი, საკუთარ თავში მისგან დაღწევის სურვილი უნდა იპოვო. ხშირად დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ჰგონიათ, რომ არსებული მდგომარეობა სამუდამოდ გაგრძელდება. ვიცი სისულელედ მოგეჩვენება, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ძალა  ყველაფრის შეცვლისა და გამოსწორების მხოლოდ შენშია.


რა დაგეხმარება დეპრესიასთან გამკლავებაში?


 

​ფსიქოლოგთან თერაპია - ცხოვრებისეული გამოცდილებების გადააზრება და  ფიქრი.

საკუთარ დეპრესიაზე საუბარი.

რეალობის მიღება.

საკუთარი თავის სიყვარულისა და უნიკალურობის განცდა.

პატარ-პატარა დეტალების დაფასება.

ადამიანებთან ურთიერთობა.

ძილის რეჟიმის მოწესრიგება.

ახალი ჰობის აღმოჩენა.

თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენება და ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს.

შეიძლება ფიქრობ, რომ სხვა მხარე აღარ არსებობს და  ყველაფერი დასრულებულია. მეც მიფიქრია, მაგრამ ერთ დღესაც საკუთარი თავისგან უკიდურესად დაღლილმა გავიღვიძე და გადავწყვიტე ჩემი თავი არჩევანის წინაშე დამეყენებინა. ერთ მხარეს ჩემი ჩაბნელებული ოთახი და ჩემს საწოლში ჩაბუდებული ცხოვრების უაზრობა მეგულებოდა, მეორე მხარეს კი ჩემი ოთახის კარი, რომლის ვიწრო ჭრილიდანაც მბჟუტავი სინათლე აღწევდა.

შენთანაც იქნება კარი მბჟუტავი სინათლით.

მას შენს ნაცვლად ვერავინ დაინახავს.