WTF

შენი ცხოვრება მხოლოდ შენია?

24 სექტემბერი 2021

იღვიძებ.

თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც გუშინ იყო.

კბილებიც ისევე დაკრიჭე გახეხვისას, როგორც გუშინ.

ყავაც თითქმის იმავე განწყობით დალიე, როგორც გუშინ.

პერანგის ღილებიც იმავე სიმშვიდით შეიკარი, როგორც გუშინ.

ტელეფონიც ისეთივე თვალების ფშვნეტით ჩამოსქროლე, როგორც გუშინ.

გუშინ, როცა იოტისოდენა რწმენა გქონდა, რომ სადღაც ამ სამყაროს ერთ კვადრატულ მონაკვეთზე მაინც მოიძებნებოდა შენი წილი ადგილი ხელშეუხებლობისა, თურმე არც არსებულა.

შენ არ ხარ ტოტალიტარულ რეჟიმებზე დაწერილი წიგნის პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ ოთახში  დაუცველობის განცდით შეპყრობილს, შიშნარევი გამბედაობით მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ საკუთარი აზრები ისევ თავის თავს გაუზიაროს. შენ არ ხარ პერსონაჟი, რომლის ცხოვრებაც მწერლის წარმოსახვაზეა დაფუძნებული.

შენ ხარ რეალურ სამყაროში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც თავსმოხვეული ყალბი იდეით ცხოვრობს და ჰგონია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუდია ბინა. სახელმწიფოში, რომელშიც მკაფიოდ დაწერილა პირადი ცხოვრების ხელშუხებლობის უფლების შესახებ, მაგრამ ეს ნაწერიც ფასადური და ძალადაკარგული აღმოჩენილა.

მაინც რა განსხვავებაა შენსა და წიგნის პერსონაჟს შორის, რომლის ბედსაც მწერალი განსაზღვრავს? ნუთუ, სადღაც გულის სიღრმეში ისევ გჯერა, რომ შენი ცხოვრება მხოლოდ შენია და შენ ხარ მისი ერთადერთი წარმმართველი?

იღვიძებ და სინამდვილეში აღარაფერია ისე, როგორც გუშინ.

 

თითქოს გადაშლილ ხელებშივე დაგეშალა საკუთარი თავი.
 

სამყაროს მდუმარება კი გამაყრუებელმა წუილმა ჩაანაცვლა.

პერანგის ღილების შეკვრისას არსებული სიმშვიდეც სადღაც გაქრა.

შენი ცხოვრება, რომელიც მხოლოდ შენი გეგონა ადამიანებმა დაინაწილეს და ფეხქვეშ გათელეს.

თითქოს საკუთარ თავთანაც ვეღარ დარჩენილხარ მარტო.

სხვების ცხოვრებაში ქექვით ცხვირგატყავებულ სისტემას, რომელიც შენი ცხოვრების ძარცვაში გამობრძმედილა შენთვის უსაფრთხო ადგილი არ მოეძებნება.
და მაშინ სადღაა შენი წილი ადგილი, სადაც უშიშრად იტყვი, იგრძნობ და იფიქრებ ?
იქნებ, არც არსად?