OMG

შემოდგომის წიგნები

13 სექტემბერი 2021

“მერე ზაფხული მიიწურა, მერე შემოდგომა დადგა…”, - ეს ფრაზა ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის “ვინ მოკლა ჩაიკა?-ს” ბოლო გვერდებზე გვხვდება და არის გამოთხოვება ცხელ, ძალიან ცხელ ზაფხულთან. მოგეხსენებათ, შემოდგომა ადამიანებისთვის დასვენებიდან ჩვეულ რუტინაში დაბრუნების სეზონია და ამ პერიოდში ყველა გაასმაგებული ძალით დაეძებს დასვენების დღეებს. წიგნების კითხვით დასვენება კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მძიმე, სტრესული გარემოდან მრავალფეროვან სამყაროში გადასფრენად.


ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მკითხველს დავეხმაროთ სეზონის შესაბამისი წიგნების არჩევასა და ბევრი “საოცარი ახალი სამყაროს” მონახულებასა თუ აღმოჩენაში.


ახლა წარმოდგიდგენთ ხუთ ნაწარმოებს, რომელიც, ვფიქრობ, შემოდგომის სეზონის ბრწყინვალედ გატარებასა და ცხოვრების გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ.


"პატრიარქის შემოდგომა" - გაბრიელ გარსია მარკესი

“პატრიარქის შემოდგომა”, - ეს არც თუ დიდი ზომის რომანი კოლუმბიელი მწერლის ერთ-ერთი შედევრია. ავტორი კვლავ უბრუნდება მაგიური რეალიზმისთვის მახასიათებელ პრინციპებს და საოცარი მხატვრული ხერხებით ერთ პერსონაჟში აერთიანებს მეოცე საუკუნის ყველა დიქტატორს. გარსია მარკესი ტირანის ცხოვრების ტრაგიზმს აღწერს და მკითხველს დიქტატორული მმართველობის სისასტიკეს საშინელი სიცხადით წარმოუდგენს.


"ვინ მოკლა ჩაიკა?" -  ანა-კორძაია სამადაშვილი 

თუ მცირე ზომის რომანს ეძებთ, გაინტერესებთ განსხვავებული თვალით დანახული თბილისი და სრულიად სხვადასხვა ხასიათის ადამიანებისგან შემდგარი სამეგობრო, მაშინ ძალიან გაგიმართლათ. ანას რომანი დეტექტიურ ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ კლასიკური გაგებით დეტექტივი არ გახლავთ. დახვეწილი იუმორი, ცოცხალი მხატვრული სახეები, მხატვრული ხერხები,  - ეს ყველაფერი რომანს ერთი ამოსუნთქვით გვაკითხებს.. მკითხველს თითქოს მწერლის ხმა ესმის.


"მოთხრობები მამა ბრაუნზე" -  გ.კ. ჩესტერტონი

თუ ჩახლართული, სასაცილო და ამავდროულად დაძაბული სიუჟეტების გაცნობა გსურთ და დიდი წიგნების საკითხავად დრო არ გრჩებათ, მაშინ ჩესტერტონის მოთხრობათა სერია თქვენთვისაა. ინგლისელი კლასიკოსი კრებულში თხრობის საოცარ ხერხებს მიმართავს და ნაწარმოებს მკითხველისთვის დაუვიწყარს ხდის. თითოეულ მოთხრობაში კათოლიკე მღვდელი დამნაშავის მხილებას ცდილობს. წიგნში იმდენად ცხადადაა აღწერილი თითოეული ისტორია, რომ მკითხველს რჩება განცდა, - თითქოს ის დეტექტიური ჟანრის ფილმს ან სერიალს უყურებს. პოპულარობისა და მოწონების თვალსაზრისით, მოთხრობების კრებულმა კონკურენცია შერლოკ ჰოლმსსაც გაუწია. ამდენად, კარგი ლიტერატურის მოყვარულებს ეს ნაწარმოები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეთ.


"საუკუნის სკანდალი" - გაბრიელ გარსია მარკესი

ქართველი მკითხველი გაბრიელ გარსია მარკესს ძირითადად მაინც რომანებისა და მოთხრობების ავტორად იცნობს, მაგრამ კოლუმბიელი კლასიკოსი ჟურნალისტიც გახლდათ და მას არაერთი საოცარი რეპორტაჟიც დაუწერია. კრებულში შეხვდებით ესსეებს, მცირე ზომის ჩანაწერებსა და რეპორტაჟებს. “საუკუნის სკანდალი” გარსია მარკესის ერთ-ერთი ვრცელი რეპორტაჟის სათაურია. ავტორი გასაოცარი თხრობის სტილით ახერხებს, ბოლომდე ჩაითრიოს მკითხველი და საკუთარ ლაბირინთებში, როგორც ჟურნალისტმა, ამჯერად, ისე ამოგზაუროს. აქ შევხვდებით გაბოს თვალით დანახულ ჰემინგუეის, ბუენდიების ოჯახის შესახებ არსებულ ჩანაწერებს, მარკესის დამოკიდებულებას მხატვრული ლიტერატურისადმი და მრავალ ისეთ დეტალს, რომელიც მისი ცხოვრებისა და ნაწარმოებების უკეთ აღქმაში დაგვეხმარება.


"მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ" -  ბოჰუმილ ჰრაბალი

ჩეხი მწერალი ბოჰუმილ ჰრაბალი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია რომანებით “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” და “მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა”, კიდევ ერთხელ გვახსენებს თავს. პროტაგონისტი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგეა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. ამ მცირე ზომის რომანში ავტორი შესანიშნავად აღწერს ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქის სულიერ ტრაგიზმს და ყოფითი პრობლემების ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მთავარ გმირს. ნაწარმოებში ორი ძირითადი ხაზია. ერთი მხრივ, მკითხველს ახალგაზრდა მორიგის ისტორია გაიტაცებს, ხოლო, მეორე მხრივ, გულგრილად ვერ ჩაუვლის ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოჰუმილ ჰრაბალი გვიჩვენებს, თუ რაოდენ მტკიცედაა გადაჯაჭვული სამშობლოს ბედი თითოეული მოქალაქის ცხოვრებასთან. 


ჯერომ სელინჯერი ამბობდა, რომ “ადამიანს ვინმე უნდა ჰყავდეს გვერდით, გამომლაპარაკებელი.” დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს ნაწარმოები სტრესული და დამღლელი გარემოდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ და იმედს ვიტოვებ, “გამომლაპარაკებლის” ფუნქციასაც შეასრულებს.