შემდეგი სადგური - ახმეტელის თეატრი

28 ივნისი 2021

სანდრო ახმეტელის გვარი ხშირად ესმით თბილისის მოქალაქეებს, ძირითადად წინადადებაში: “შემდეგი სადგური ახმეტელის თეატრი” და კაციშვილმა არ იცის, ვინ არის ახმეტელი. ცნობილი გლდანელი მსახიობი იყოო, ფიქრობენ ალბათ.

2021 წლის 19 მაისს 84 წელი შესრულდება, რაც ალექსანდრე ახმეტელი საბჭოთა ჯალათებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ბრალდება აბსურდული იყო, როგორც ყოველთვის, თუმცა ახმეტელისნაირი ადამიანები საბჭოეთში ვერ იცხოვრებდნენ. ამიტომაც ბერიას დამქაშები ახმეტელს გამგზავრებაში დაეხმარნენ, საბჭოეთიდან ძალიან შორს, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. 

სანდრო ახმეტელი თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. პირველად პიესა 1910 წელს დადგა ქვემო მაჩხაანში, 1919 წელს იყო მეორე პიესა, 1923 წელს კი მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში მიიწვია რეჟისორად, შემდეგ გახდა მთავარი რეჟისორი. 1926-35 წლებში კი იყო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 

ალექსანდრე ახმეტელი რომ ქართული თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა, ამაზე არავინ დაობს და ამის მტკიცებითაც არ მოგაწყენთ თავს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ საქმეს მავანი ჩემზე უკეთ გაართმევს თავს. მე მინდა ყურადღება ბატონი ახმეტელის ქცევაზე, კონკრეტულად კი იმაზე გავამახვილო, რაც ესოდენ შეუფერებელი იყო საბჭოთა მოქალაქისათვის.

ბერია ცდილობდა ხელოვანებთან დაახლოვებას, ქართულ, ჯიგრულ პონტში, კარგი ტაქტიკა იყო ამ ხალხის საკონტროლებლად, მათი ფიქრების, ნააზრევისა და გეგმების უკეთ გასაშიფრად. თუმცა, ახმეტელთან ეს არ გამოუვიდა. ამბობენ, სახლში დაბრუნებული ბერია მოპირდაპირე აივნიდან წვეულებაზე მიიწვიეს, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი იყო შეკრებილიო, ბერიამ არ მცალია მალევე უნდა წავიდეო, ამაზე სანდრომ კარგი გინება მიუძღვნა, რაც მართალია ბერიას არ გაუგია, თუმცა ამბავი, რა თქმა უნდა, მიუტანეს.

ბერიას შეგზავნილი აგენტი კინწისკვრით გაუგდია ახმეტელს თეატრიდან -  უცხოების ადგილი აქ არ არისო და მანქანით წაყვანის შემოთავაზებაზეც ხელი უკრა “დიდ” კომუნისტს დიდმა რეჟისორმა.

არ იყო ბერია ის, ვინც ამას დაივიწყებდა, მაგრამ არც ახმეტელი იყო ის, ვინც მხოლოდ ამას დასჯერდებოდა. როცა სიმთვრალის გამო, 1935 წელს, სანდრომ აკაკი ხორავა გაუშვა თეატრიდან, მის კაბინეტთან რიგი დადგა. ვინ აღარ თხოვდა ბატონი აკაკის აღდგენას, თუმცა ახმეტელის სიჯიუტე და დისციპლინის სიყვარული ამ რიგზე ბევრად გრძელი იყო. ბოლოს ბერია ჩაერთო მოლაპარაკებებში, მაგრამ არც ამან გაჭრა და სანდრო ახმეტელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, აკაკი ხორავა კი აღადგინეს.

მერე სტალინთან წავიდა სიმართლის საძებნელადო, მაგრამ ვინ მიუშვებდა სტალინთან, ან რომც მისულიყო განა სიმართლე დახვდებოდა იქ?

1936 წლის 19 ნოემბერს სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს, დასწამეს, ფაშისტია და ჰიტლერს თანაუგრძნობს, ნაციონალისტია და ანტისაბჭოთა სპექტაკლებს დგამსო, სტალინის და ბერიას მოკვლა უნდაო…

საქმეში უამრავი აბსურდული მტკიცებულება იყო - წლების წინ უთქვამს დიდ რეჟისორს გერმანელების სახელმწიფო სისტემა უფრო დისციპლინურიაო; მაგათთან ომი გარდაუვალიაო და რა იცის ახლა ამან, ეს თუ აგენტი არ არისო? მოკლედ ბრალდებები კომიკურობის ხარისხით კომუნიზმთან იყო ახლოს.

222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, სასტიკად ნაცემი ციხის საკნიდანაც აგინებდა ბერიას, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა „ხალხის მტერსა და მავნებელს“.

1937 წლის 28 ივნისს სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს (მის მეუღლეს) — ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.

1937 წლის 29 ივნისს სანდრო ახმეტელი დახვრიტეს.

სანდრო ახმეტელი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო.