WTF

შეიძლება სიმართლეცაა

21 მაისი 2021

თავიდან იყო არარა, არც მარცხენა არსებობდა და არც მარჯვენა. იყო სიცარიელე და  გაუცნობიერებელი სუბიექტურობა, ანუ ის, რაც ყველაზე ახლოს არის ობიექტურობასთან. მერე,   სახელების დარქმევა დაიწყო. შეიქმნა მარცხენა და მარჯვენა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა. დავადექი ჩემს გზას.


გიფიქრიათ, ერთ  დღეს ყველა თქვენი რწმენა რომ მატერიალიზდეს? წარმოიდგინეთ, რამდენი გაურკვეველი რამ დაემატებოდა ყოფას, ისეთი საერთოდ ვერაფერს რომ ვერ უწოდებდით, არადა თქვენივე ჩამოყალიბებული ფიქრი იყო,  ერთი შეხედვით დალაგებული, თუმცა რეალობაში არაფერიც არ გამოდგა. ან ყველა თქვენი იდეოლოგიური  სურვილი რომ დაკმაყოფილდეს,  მერე რა იქნება?  გაიღვიძეთ და ძალაუფლება გაქვთ,  რას შვებით? ადგებით და გააკეთებთ იმას, რისიც გწაამთ?  რომ დაღუპოთ და გაანადგუროთ ყველა და  ყველაფერი?  ისეთი მოცემულობა რომ მიიღოთ, რაც ისტორიას ახსოვს ისე საშინლად, რომ გახსენებაც არ უნდათ და ახლა მიდის სიმბოლიკების გმობა და ძეგლების დემონტაჟი? ხომ დაღუპეთ ყველაფერი, ჰა? ასე ხდება, როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან მომავალთ შორის, თითქოს იდეოლიგაა ის საგზაო ნიშანი, რომელიც გადაადგილებას მხოლოდ ერთი მიმართულებით უშვებს.  


როდესაც პრინციპულად ერთ იდეოლოგიურ  გზას ირჩევ, ცალმხრივ მოძრაობიან გზატკეცილზე აღმოჩნდები, სადაც თუ ვინმე შემოგხვდება, ცდილობ შენი მიმართულებით ამოძრავო. თუ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი გამოჩნდება, გაბმული, საკმაოდ აგრესიული ხმოვანი სიგნალით ცდილობ გზიდან გადაიყვანო ან მოძრაობა შეაწყვეტინო. ზუსტად ისე ჩვენს ქალაქებში რომ ხდება. გეფიქრება ერთადერთ  ალტერნატივაზე, სადაც  გამარჯვება ყველას შენი თანამიმართულებით მოძრობაა, არ ფიქრობ თანაცხოვრებაზე და  არც მტრობაზე, თუმცა ვერც იმას იაზრებ, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ალტერნატიულ გამარჯვებას. იქნებ ნგრევა? 


ისიც არის, რომ ჩვენი ყოფითი პოლიტიკა იდეოლოგიურ დავებთან ჯერ ახლოსაც არ არის, მხოლოდ ადამიანთა მომცრო ჯგუფი ცდილობს საუბარს. დანარჩენი პოლიტიკას ისევ კაი კაცობით და კაი ადამიანობით უყურებს. „ნახე როგორი ადამიანია, ეს ტყუილს არ იტყვის“ ან „მე კაცის ცნობა არ მეშლება, ძმაო!“ რამდენჯერ გაგვიგია ასეთი ფრაზა ირგვლივ მყოფთაგან, არა ? ხომ ცუდი მიდგომაა? არანაკლებ უვარგისი მგონია იდეოლოგიური ცამხრივობაც, ისე შეიძლება ირაციონალურ რწმენებში გადავარდეთ, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, მერე ძალაუფლება, შემდეგ  ისევ ძეგლები და დემონტაჟი. ამასობაში ერთი მნიშვნელოვანი კითხვის დასმის დროც მოსულა. როგორ შეიძლება თავი დააღწიო ცალმხრივი მიმართულებით მოძრავ გზას?  მარტივად - გადაუხვიე ორმხრივ გზაზე!  გზა მრავალი მიმართულებით ერთგვარი მედიკამენტია ირაციონალური იდეოლოგიური რწმენების წინააღმდეგ, რომლითაც თუ ეფექტურად იმკურნალებთ დაინახავთ, რომ  ერთ და მეორე გზაზე მავალს თავიანთი სიმართლე აქვთ და ამ სიმართლეების უარყოფა არ არის მაინცდამაინც სწორი.


ამიტომაც, ცოტა ფრთხილად, მეგობრებო. არ შეუდგეთ მთლად ასე პრინციპულადაც  იმ ცალმხრივმოძრაობიანი გზის გავლას, ზემოთ რომ ვახსენე. გაიხედეთ, გამოიხედეთ და იქნებ თვალი მოჰკრათ  ორმხრივმოძრაობიან სავალ ნაწილებსაც, მოწესრიგებულად რომ გადაადგილდებიან სუბიექტები. პატივს სცემენ ერთმანეთს, სწამთ მთლიანობის და თუ მაინცდამაინც ამათ გაეღვიძათ ძალაუფლებით, იტყვიან - ასე და ასე, როგორც არის, ორმხრივობა სჯობს სხვა ვარიანტებს, ერთ მხარეს მავალს გზა დაუმოკლდება და სადმე გადავარდებაო. 

კი ჰგავს, ისე სიმართლეს არა? შეიძლება სიმართლეცაა.