WTF

შეიძლება კი ჩვენ და რუსეთს ერთი რამის გვწამდეს?

8 აგვისტო 2021

9 წლის ვიყავი.

ამბავი მოგვივიდა ბიძაჩემზე. თბილისის რომელიღაცა საავადმყოფოშია დაშავებულიო.


მამა სადღაც იყო გარჩენილი.

მარტო ვიყავით.

დედაჩემმა მე და ჩემს 5 წლით უმცროს ძმას ხელი მოგვკიდა და ბიძაჩემის მოსაძებნად წაგვიყვანა.

ჩემი მთავარი დავალება ის იყო, რომ საავადმყოფოს კედლებზე გამოკრულ სიებში ბიძაჩემი მეპოვა. თითქოს ჩემი თვალებით მისი სახელის პოვნაზე იყო დამოკიდებული მისი სიცოცხლე.

საკაცეზე დაწოლილი სისხლიანი ჯარისკაცები. თეთრხალათიანთა ქაოსური მოძრაობა. კედელზე გაკრული თაბახის ფურცლები და სახელები, რომლებშიც ჩემთვის ნაცნობი უნდა მეპოვა ფილმის კადრად, სამუდამოდ ჩამრჩა  ბავშურ გონებაში.

ბიძაჩემი ვიპოვეთ. კარგად იყო.

მაგრამ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეიწირა საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის წუმპეში ჩარჩენილმა, ისტორიულად ფარისეველმა, “ერთმორწმუნე” რუსეთმა.


შეიძლება კი ჩვენ და რუსეთს ერთი რამის გვწამდეს?

რუსეთს, რომელმაც აბსურდული ბრალდებებით ქართველი ინტელიგენცია დაგვიხვრიტა.

რუსეთს, რომელმაც ჭუბერის უღელტეხილზე გაყინული ახალშობილების სიცოცხლე არაფრად მიიჩნია.

რუსეთს, რომელმაც ანწუხელიძე აწამა.

რუსეთს, რომელმაც 150 000-ზე მეტი ადამიანი სახლიდან გამოყარა და სახლები დაუწვა.

რუსეთს, რომელმაც სოფლები დაგვიბომბა და  მავთულხლართებით გადაგვიღობა.

რუსეთს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20% მიიტაცა.

რუსეთს, რომელიც დღემდე აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას.


შეიძლება კი ერთი რამის გვწამდეს?


არსებობს ისტორიები, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
ისტორიები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ღირებულებებს.


2008 წლის ომიდან 13 წელი გავიდა.

ომი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა კვლავ გრძელდება.

მტერთან დაზავება მოჩვენებითი კეთილმეზობლობისთვის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე უარის თქმას ნიშნავს, რომლის შენარჩუნებისთვის დღემდე ვიბრძვით.

“მე ვარ ქართველი, მასაშადამე, ვარ ევროპელი” - თქვა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას.

ჰოდა, აქ გუბერნიის ადგილი არ არის.