OMG

შაშვი, შაშვი, მაყვალი

20 მაისი 2021

“შაშვი, შაშვი, მაყვალი“ თამთა მელაშვილის ჯერ-ჯერობით ბოლო რომანია, რომელიც 48  წლის ეთეროს შესახებ ყვება. მიუხედვად იმისა, რომ ქართული ლიტერატურა ქალი პერსონაჟების სიმწირეს შეილება არასდროს უჩიოდა, ლიტერტურის ის ფორმა, რომელსაც ფემინისტურს უწოდებენ, სულ რაღაც ბოლო წლებია ჩვენში კიდუროვნად, ორგანულად იბადება და თამთა მელაშვილი ნამდვილად მისი თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.  

სწორედ ქართული ფემინისტური ფრთის შებუმბვლის შედეგი შეილება იყოს ის, რომ ქართველ მკითხველს ეთერომ აღარ გაახსენა ოთარაანთ ქვრივი და დედის კულტის მორალური გილიოტინის გარეშე დაანახა შიშველი ქართველი ქალი გინდაც პირდაპირი და გინდაც ემოციური სიშიშვლის მნიშვნელობით. თვითონ ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგ რამეს ამბობს: ‘ამ წიგნის დაწერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება იყო, რომ სექსი 40 წლის მერეც მექნებაო“ - ამ შიშის არც საკუთარ თავთან და მით უფრო, არც საჯაროდ აღირება არაა მარტივი ამბავი, მაგრამ „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ უპირველესად ალბათ აღიარებების წიგნია, აღიარებების, რომლებიც ჯერ ისევ გვიჭირს,  გვეხამუშება და გვაშინებს.  

„აი, ხო ბებრობაში მიდგას ლამის ორივე ფეხი, ჩემი სისხლიც ხო გვალვაგამოვლილი წყაროსავით ნელ-ნელა ილევა, მარა საკვერცხეები მაინც ისე გამწიწკნის ხოლმე თვიურის მოსვლმდე, ადრე რო ვიცოდი, გოგოობაში“ - იწყებს ეთერო თხრობას და მკითხველსაც რაღა დარჩენია, კიდევ უფრო მეტი სითამამისთვის, მეტი გულახდილობისთვის მოემზადოს მისგან. გულწრფელი, შეულამაზებელი თხრობა, თხრობა, რომლის დროსაც ავტორი მკითხველს ენდობა და პერსონაჟსაც თავისი ავთენტური ბუნებით ანდობს, ქართულ ლიტერატურაში ხშირი სიამოვნება არაა. როგორც კი მკითხველი ტექსტის ასეთ ხასიათს გინდა გაცნობიერებულდ და გინდაც ემოციურად დაიჭერს, იგი მაშინვე დუნდება, ტექსტს ეჭვით აღარ უყურებს, აღარ დაეძებს მასში მინიშნებებსა და ძაფებს, რომლებსაც ავტორები ხშირად მიზანმიმრთულად გაბლანდავენ ხოლმე, რათა მკითხველმა თავადვე მიაგნოს პერსონაჟის ღრმა ემოციურ ინსტინქტებს, არაცნობიერ გამოქვაბულებს. პროზის ასეთ კალიბრში, „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ უკიდურესად სადა და მარტივ ნარატივში მკითხველი პერსონაჟთან ემოციურდ იმდენად ახლოვდება, იმდენად თანაზიარია მისი ყველა მარცხისა თუ გამარჯვების, რომ თითქოს ყველაზე კონსერვატული პერსპექტივიდანაც კი, რომელიც პატიოსნებასთან, ოჯახის სიწმინდესთან და ჭაღარის პატივისცემასთან დაკავშირებული მორალური კლიშეებით შეილება იყოს სავსე, პერსონაჟს გულშემტკივრობს, გულით უნდა, 

მეტი გაბედოს, მეტად შორს წავიდეს, მეტი ვნებით ეხვეოდეს კაცს, რომელიც თავდავიწყებით უყვარდება.  

თუმცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ 30-ინი წლების ინგლისზე, სადაც ვულფის მისის დოლოვეი გადაწყვეტს, რომ ყვავილები თავად იყიდოს,  ვლაპარაკობთ ქართველ ქალზე. საბჭოთა საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ,  იმერეთში მცხოვრებ ეთეროზე, რომელსაც ალბათ, მკითხველის მსგავსად მშობლები კაბის სწორებითა და პიჯვრის წერით უყვებოდნენ იმ ქალებზე, რომლებიც უქორწინებლად წვებოდნენ კაცებთან. ... და ეთეროც, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი გარემოს,  სოციალური წნეხის შიშის გამო არჩევს ე.წ. იზოლაციონისტურ, დამალულ, ჩაკეტილ თავისუფლებას, რომლის პირობითი ზღვარიც შესალოა, სწორედ იმ გასაყიდად გამოდებულ წითელ საცვლებზე გადის, რომელსაც ასეთი ვნებითა და წყურვილით უყურებს თუმცა საბოლოოდ ყიდულობს თუ არა, ეს ამ კონკრეტულ მომენტში საიდუმლოდ დასატოვებელი ამბავია.  

ფოლკნერი წერდა, არჩევანი რომ მოეცათ ტკივილს და არაფერს შორის, ტკივილს ავირჩევდიო. „შაშვი, შაშვი მაყვალი“ ფოლკნერისეული „არაფრიდან“ თავის დაღწევის ამბვია.  ინერტულობიდნ გამოღვიძების, ვნების, ფეთქვის, ტრიალის, თავის დაკარგვის, სისხლის დუღილის, ჭაღარობისას მოსული, იატაკებსა და მინდვრებში მოგორვე სიყვარულის ამბავი.  ამბავი, რომელზეც მარკესი, ალბათ, სიამოვნებით დაწერდა, მაგრამ არა, ეს ქალის მოსაყოლი ამბავია, გულწფელი ქალის, რომლის ხმაც დღეს ქართულ ლიტერტურაში ასე გვაკლია და ასე გვჭირდება. ამიტომ, იმერელი ფერმინა დასას, ეთეროს მოსასმენად შეემზადოს მკითხველი და დასასრულს კვერის დაკვრა არ დაავიწყდეს იმ ქალისთვის, რომელსაც არ ეშინია 40 წლის შემდგომ ქალობაზე ხმამაღლა ლაპარაკობდეს.