
ბავშვობიდან დაწყებული დღემდე, ჩვენთვის ბევრი ტყუილი უთქვამთ. მაგალითად, უთქვამთ, რომ ჩვენ წერომ მოგვიყვანა, ჩვენი ძმა კი კომბოსტოში იპოვეს. დაგვაჯერეს, რომ ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდანაც ჩანს და თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავდით, ჩვენი კუჭი 7 წელი იწვალებდა მის გადამუშავებაზე. გვეუბნებოდნენ იმასაც, რომ გარეგნობა არაფერს ნიშნავს და მთავარია, როგორი შინაგანი სამყარო გვაქვს. წესით, ბოლო დებულება ჭეშმარიტებაა, მაგრამ მთლად 100%-იანიც არა. ყოველ შემთხვევაში, როცა ხედავ, რომ “don’t judge a book by its cover”-ის მქადაგებლებსაც კი ლამაზი ყდისკენ გაურბით თვალი, მარტო კეთილი გული აღარ გყოფნის და შენც გინდა, რომ ლამაზი იყო. ამაში უცნაური არაფერია. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველას გვინდა სარკიდან ვიღაც ისეთი გვიყურებდეს, ვინც მოგვწონს და არც კამერას ვემალებოდეთ ინტერპოლით ძებნილი კრიმინალივით. შესაბამისად, ძალიან ძნელია, უარი ვთქვათ იმაზე, რაც სილამაზეს გვმატებს. მოდი, ვილაპარაკოთ.
თავი I
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს თითქმის ყველა ორი ცხოვრებით ვცხოვრობთ - ერთი ნამდვილია, მეორე არც ისე, ანუ ონლაინ. ნამდვილ ცხოვრებას მარტივად ვერ დაგეგმავ და, რომც დაგეგმო, გარანტია არ გაქვს, რომ მოვლენები შენს გეგმას დაემორჩილება. ონლაინ ცხოვრებაში რაღაცები ბევრად უფრო მარტივია. აი, მაგალითად, თუ დღეს ცუდად გამოიყურები, ნამდვილი ცხოვრება მოითხოვს, რომ სამსახურში მაინც წახვიდე და ყველამ ნახოს, რომ ცუდად გამოიყურები. ონლაინში ამას ვერავინ გაიგებს, სანამ შენ არ გადაწყვეტ. არ დადებ სელფის და მორჩა. თუ მაინცდამაინც გინდა, რომ ხალხს თავი შეახსენო, რამე ბრძნულ ფრაზას ან არტულ ფოტოს დასთორავ და ეგაა. პრინციპში ონლაინ ცხოვრებაში სელფის გადაღება არასდროსაა პრობლემა, ფილტრი წაგეშველება და თან შეიძლება ისე წაგეშველოს, რომ თავი ყველაზე ლამაზად გაგრძნობინოს.
Beauty filters - ასე ჰქვიათ. მოდი, ამ სტატიისთვის სილამაზის ფილტრები დავარქვათ. სილამაზის ფილტრი ბევრნაირია - ზოგი უბრალოდ სახის კანს ასუფთავებს, ზოგი ცხვირის ოპერაციას აკეთებს, ზოგი ტუჩებს ასუქებს, ზოგი ფილტრი წარბის მიკრობლეიდინგითაც კი გვასაჩუქრებს, ზოგიც თვალისა და თმის ფერს გვიცვლის და ასე შემდეგ. მოკლედ, ისეთი „ნაკლი“ არ არსებობს, ფილტრს რომ გამოსწორება არ შეეძლოს. წინაპრების დროს არ იყო, თორემ რა სამარე, კუზიანსაც ფილტრი ასწორებს.
ყველაზე მაგარი, იცით, რა არის? სილამაზის ფილტრი ალამაზებს ყველას განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა და ასე შემდეგ. სწორედ აქაა სილამაზის ფილტრის მთელი ცბიერებაც - ის ძალიან ლამაზებსაც ალამაზებს. ფილტრისთვის საკმარისად ლამაზი ადამიანები არ არსებობენ. წარმოიდგინეთ ყველაზე ლამაზი ადამიანი დედამიწაზე. ხომ ძალიან ლამაზია? თითქოს უფრო მეტად ვეღარაფერი გაალამაზებს, მაგრამ ცდებით, ფილტრი მასაც გაალამაზებს. აი, ეგრე. თურმე ეგეთი ლამაზიც არ ყოფილა, უფრო ლამაზიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
მოკლედ, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან მიეჩვია ფილტრების გამოყენებას. რეალურად არც აქვს მნიშვნელობა, თქვენ რომელ ნაწილს მიეკუთვნებით - სილამაზის ფილტრებმა მაინც შეიძლება თვითშეფასება შეგირყიოთ. მაგალითად, თუ სილამაზის ფილტრებს არ იყენებთ, სხვების ლამაზ, ერთი შეხედვით ბუნებრივ ფოტოებს ხომ მაინც ათვალიერებთ? ამ ფოტოების საკმაოდ დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ან სილამაზის ფილტრითაა გადაღებული, ან გადაღების შემდეგ არის დამუშავებული, თუმცა ამას არავინ გეტყვით. თქვენც, თუ თვალი გავარჯიშებული არ გაქვთ, ვერ მიხვდებით, რომ ფოტოები დამუშავებულია და უფილტრო ფოტოში სხვებივით ლამაზი რომ არ იქნებით, დიდი ალბათობით, ჩათვლით, რომ უშნო ხართ და მაგიტომ.
აი, თუ ფილტრს იყენებთ, უკვე ძალიან კარგად გეცოდინებათ, რომელი ნაკვთის როგორი მოდიფიკაციაა საჭირო თქვენი სახის იდეალურ ფორმაში მოსაყვანად. ალბათ, ყველანაირად ცდილობთ, თქვენს საყვარელ ფილტრებს დაემგვანოთ, მაგრამ ცუდი ამბავი მაქვს - რომც დაემგვანოთ, შემდეგ ჩახედვაზე მაინც შეგცვლით, მაინც გაგალამაზებთ.
კიდევ ვიცი რაღაც. რაც უფრო მეტად ხართ დამოკიდებული ფილტრზე, მით უფრო მეტად გეშინიათ უფილტრო კამერის. ვამპირებს რომ მზის სხივების ეშინიათ, აი, მასე.
ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი დაკვირვების შედეგი არაა. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის 2019 წლის ივნისის ნომერში დაიბეჭდა კვლევის შესახებ, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ნებისმიერი სილამაზის ფილტრის გამოყენება მკვეთრად ზრდის მოთხოვნას პლასტიკური ქირურგიაზე. დამატებითი კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ პლასტიკური ქირურგების 55%-ს გამუდმებით სტუმრობდნენ პაციენტები, რომლებსაც გალამაზება სპეციალურად სელფებისთვის სურდათ. იმავე წლის ოქტომბერში ინსტაგრამმა ის ფილტრები გააქრო, რომლებიც პლასტიკური ქირურგიის ეფექტს იძლეოდა. დასკვნა თქვენთვის მომინდია.
თავი ll
ცოტა ხნით, მაგრამ მეც ვიყავი ფილტრებზე დამოკიდებული. პირველად რომ ფილტრი გამოვიყენე, სრულწლოვანიც კი არ ვიყავი. ეს Snapchat-ში მოხდა. თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა და მეც შემიყვარდა. ბოლომდე მივენდე. მის გვერდით ყველაზე ლამაზი ვიყავი. თუმცა დრომ თავისი ქნა, დავიღალე, მივხვდი, რომ ურთიერთობა ტყუილზე ავაშენეთ, გრძნობებიც გაცივდა და წამოვედი.
მერე იყო Instagram. მეორედ დამეხვა თავბრუ. ისევ ვიწამე სილამაზის, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მალე ტოქსიკური გახდა. მივეჯაჭვე. ჩვეულებრივი კამერისკენ გახედვის საშუალებას აღარ მაძლევდა. მაჯერებდა, რომ მის გარდა ჩემს სილამაზეს ვერავინ დაინახავდა. მუდმივად ჩემს შეცვლას ცდილობდა. თურმე ჩემი კანი არასაკმარისად კრიალა იყო, ცხვირი არასაკმარისად პატარა, ზედა ტუჩი არასაკმარისად დიდი, ლოყები არასაკმარისად თხელი, თვალები არასაკმარისად აწეული. მოკლედ, საკმარისი არ ვიყავი. მეც ავდექი და ტონალური წავისვი, თვალის კუთხეები ლაინერით ზემოთ ავპრიხე, ზედა ტუჩი ტუჩის ფანქრით ავწიე, თმა გავიშალე, რომ უფრო თხელი სახე გამომჩენოდა და ფილტრთან პაემანზე გავემართე.
იცით, რა ქნა?
ტონალურით გაწმენდილი სახე გამიწმინდა, ლაინერით აწკეპილი თვალები კიდევ უფრო ამიწკიპა, ტუჩის ფანქრით აწეული ზედა ტუჩიც არ ეყო, სახეც ისევ ზედმეტად განიერი მოეჩვენა.
კოსმეტიკამ ვერ მიშველა, რაღაც სხვა უნდა მომეფიქრებინა და ზუსტად მაშინ გადავეყარე ზედა ტუჩის აწევის ოპერაციას (Bullhorn lip lift). სარკესთან დავდექი და საჩვენებელი თითებით ზედა ტუჩი ზემოთ ავწიე - მომიხდება, არ მომიხდება, მომიხდება, არ მომიხდება... ამ დროს, სულ შემთხვევით ჩემი ანარეკლის თვალებს შევეჩეხე და, არ ვიცი, რატომ, მაგრამ საჩვენებელი თითებით დაჭერილი ტუჩის შემრცხვა.
წარმოვიდგინე, როგორ ეუბნებოდა ჩემი ერთი მეგობარი მეორეს - ნატალიას ამბავი გაიგე? ფილტრზე შემჯდარა.
მერე ისევ ჩემს ანარეკლს შევხედე და თითები დავუშვი. ეს საერთოდ არ იყო ის, რაც მინდოდა ან მჭირდებოდა, ამიტომ იმ დღეს ვარდისფერი ფილტრიც ისე მოვიხსენი, როგორც ოდესღაც ვარდისფერი სათვალე.
მოკლედ, ფილტრები გადავაგდე. ხან ლომკა მაქვს. მაგრამ ჯამში ათასში ერთხელ თუ მოვიხმარ - სიტუაცია რომ ჩავარდება... ისე, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად... გასართობად, რა… ხო ხვდებით?
თავი lll
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვით - ფილტრებიც, პლასტიკური ქირურგიაც და საერთოდ ყველაფერი, რაც გვაბედნიერებს, მისასალმებელია, თუ ეს ჩვენი გულწრფელი სურვილია. უბრალოდ, სანამ საკუთარ სახეს განაჩენს წარმოსახვითი, ფილტრიანი სახის სასარგებლოდ გამოვუტანთ და ფილტრად გადაქცევას დავუპირებთ, დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რომ ფილტრს მაინც ვერასდროს ვაჯობებთ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ლამაზები არ ვართ.
