OMG

სექსუალური რევოლუცია საქართველოში

26 აპრილი 2021

საბჭოეთში  სექსი არ არსებობდაო,  კი გვიმტკიცებდნენ, თუმცა,  სადაც აქამდე მოვედით, ალბათ მთლად კარგად ვერ უმუშავია “აზრის პოლიციას”. ისე,  გამრავლებისთვის  მოსული იყო, მთავარია, ემანდ სადმე სიამოვნებაც არ მიგეღო შთამომავლობის გასაგრძელებელი აქტისგან.  ჯორჯ ორუელის “1984” კი კარგად იკითხება და მძაფრადაც გვაგრძნობინებს ტოტალიტარული რეჟიმის  “ამბრის” სურნელებას, მაგრამ მწუხარების განცდასაც მძაფრად მიტოვებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიამ შეყვარებული უინსტონი და ჯულია ერთმანეთის მიმართ მკვდარ, უემოციო არსებებად აქცია, უფრო იმიტომ, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინ ორუელის მიერ დანახული კულტურისა და სოციუმის ფსკერი აგერ 21-ე საუკუნის საქართველოშიც მოჩანს. 

 

  მაშინ, როცა 1960 - იან წლებში დასავლურმა სამყარომ მკაფიოდ გააჟღერა საკუთარი ხმა ტაბუდადებული სექსის წინააღმდეგ და  ხმამაღლა მოითხოვა აბორტისა და კონტრაცეფტივების ლეგალიზება, ქართველები ისევ კოლმეურნეობის ძროხას ვწველიდით და საერთოდ არ გვესექსრევოლუციებოდა,  რადგან ისედაც მთელი რიგი რევოლუციები გვქონდა წინ. ჩვენს თავზე გადაიარა  ჩექმამ, ომმა, ტანკმა, შიმშილმა, შემდეგ შუქი მოვიდა და ნავთის “კერესინკა” ელექტრო ენერგიამ ჩაანაცვლა, თუმცა საბჭოთა ნარჩენები მაინც დარჩა და არც ნავთის სუნი გამქრალა ყველასთან.


საბედნიეროდ, “სიყვარულის სამინისტრო” ჩვენთანაც აღმოჩნდა, რომელიც ნამდვილი ქართველი ოჯახისშვილების მეოხებით გულმოდგინედ იცავს “სექსი მხოლოდ გამრავლებიზა” იდეას და მყარ არგუმენტსაც წარმოგვიდგენს, როცა გვეუბნება, რომ სექსი გარყვნილებაა თუ ჯერ დედობისთვის არ მხარ მზად. ნუ, თუ კაცი ხარ, გაგიმართლა. შენ სხვა მოთხოვნილებები გაქვს და კი, უნდა გაიგულავო ხოლმე, მაგრამ ცოლს რომ მოიყვან მისი მთავარი ღირებულება ვაგინის შესასველში არსებული მემბრანული წარმონაქმნი უნდა იყოს. შენ წარმონაქმნი ეძახე და ქართველი მანდილოსნის პატიოსნების საზომი კია.


მახსოვს, მე-8 თუ მე-9 კლასისში ვიყავი, როცა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი რეპროდუქციული სისტემის გაკვეთილებს ‘’გადაახტა” და თან  დაამატა, თუ გაინტერესებთ სახლში წაიკითხეთო. მართალია ეს ფაქტი 6-7 წლის წინ მოხდა, მაგრამ სასაცილო/სატირალი ისაა, რომ სექსუალური განათლების არსებობას დღემდე ‘’ახტებიან”. არგუმენტი აქაც მყარია - არ ყოფილა სექსუალური განათლება, მაგრამ კი გავმრავლდით. 

ვერ შეეწინააღმდეგები !

და საერთოდაც რა სექსუალურ განათლებაზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ კულტურისა და მენატლობის მიერ ამოჭედილი კარის იქიდან იყურება და ვერ იაზრებს თავისუფალი ადამიანის ცნებას, თან იმდენად ვერ იაზრებს, რომ ეს უკანასკნელი ქართული ტრადიციების  გამანადგურებელ იარაღდ ესახება. თუმცა, ტრადიციების განადგურების შიშს, 35 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ნოსტალგია რატომღაც ვერ გაუქრია.
იმ საბჭოური ნაგავის სურნელი, რომელიც ჩვენი მშობლების თაობამ ქართველობის დაკარგვის შიშით ურნაში არ მოისროლა ჩემი თაობის ახალგაზრდებსაც მოგვწვდა და ზოგს თავისუფლად ცხოვრებისა და ფიქრის შიში გაუჩინა, ზოგს  კი დანაშაულის შეგრძნება აჰკიდა, ქალწულობა იუსტიციის სახლში სიყვარულის დაკანონების შემდეგ რომ არ დაკარგა.


ჰოდა, ეს გაურკვევლობაში მყოფი ახალგაზრობა, რომლის მასწავლებლებიც ისევე გადაახტენენ იმ უხსენებელ გაკვეთილებს, როგორც ჩემი მასწავლებელი, ვირტუალურ სამყაროში გაერთიანდა და ანონიმურად დაიწყო საკუთარი გამოცდილებისა თუ გამოუცდელობის გაზიარება. ვირტუალური სივრცეები დიდად არ მხიბლავს, თუმცა როცა არც განათლების სისტემას ადარდებს საკუთარ სხეულს შეიცნობ თუ არა და  შენი და შენი ოჯახის წვერების სასაუბრო თემებიც სექსის გარდა ყველაფერზეა, რაღაც ალტერნატივა ხო უნდა იპოვო. 

 

ალბათ დამეთანხმები, რომ იმან, რაც დასავლურ სამყაროში წინა საუკუნეში დაიწყო და საზოგადოებისთვის დადებითი შედეგების მომტანიც აღმჩნდა, საქართველოში მხოლოდ ვირტუალრი იატაკქვეშეთის სამყაროში ჰპოვა გზა.
არაუშავს, იყოს დასაწყისი. მთავარია, ბოლოს უინსტონივით “დიდი ძმის” სიყვარულში  არ გამოვუტყდეთ საკუთარ თავებს.