სექსუალური განათლების ქართული რესურსები

8 ივლისი 2022

სკოლა 5 წლის წინ დავამთავრე, მაგრამ დღემდე მახსოვს როგორ “გადაახტა” ჩემი ბიოლოგიის მასწვლებელი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციის გაკვეთილებს და გვითხრა სახლში გადახედეთო.

არა მგონია ეს თემა გადასახედ-გადასახტომი ყოფილიყო, მაგრამ არც არავის გადაგვიხედავს და მშვიდად გავაგრძელეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ერითროციტებისა და თრომბოციტების პასუხისმგებლობების დაზეპირება.

არარსებული სექსუალური განათლების ფონზე, თითზე ჩამოსათვლელი სექსუალური განათლების ქართული რესურსი, გვირაბის ბოლოს სინათლესავით გვევლინება.

ჰოდა, თუ შენთანაც გადაახტნენ, მე გეტყვი სად მოძებნო ინფორმაცია ამ მიმართულებით. 

 

Imitom.ge - ს ჩატბოტი

 

Imitom.ge - ს ჩატბოტის გასააქტიურებლად დაგჭირდება კოდური სიტყვა “მაზლი” და შეძლებ გაიგო პასუხები ყველა იმ კითხვაზე სკოლაში, ოჯახში და საერთოდ ყველგან რომ დაგიმალეს.

ჩატბოტში დაგხვდება ისეთი თემები როგორიცაა: რეპროდუქციული ასაკი, სექსუალური გზით გადამდები დაავადებები (სსგი), უსაფრთხო სექსი, კონტრაცეპციის მეთოდები, ინტიმური ჰიგიენა, ქალების უფლებები, ძალადობის ფორმები და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უსიკვდილოდ უნდა იცოდე.

 

ყველაფერი შენს შესახებ / All about you

 

ყველაფერი შენს შესახებ ვებსაიტია, რომელზეც რამდენიმე მთავარი თემაა გამოყოფილი. თითოეული თემის ირგვლივ არსებული საკითხები სხვადასხვა სტატიაში დაგხვდება და შეიძლება იმ კითხვაზე პასუხსაც გადააწყდე, ათასჯერ რომ გაგივლია გონებაში, მაგრამ ხმამაღლა არასდროს დაგისვამს.

All about you-ზე წაიკითხავ უსაფრთხო სექსზე, გაეცნობი უსაფრთხო სექსტინგის რჩევებს, დაამსხვრევ მითებს სექსუალური ძალადობის შესახებ და ერთიათად აიმაღლებ ცოდნებს, რომლებიც ამ ცხოვრებაში აი, ორი აზრი რომ არ არსებობს, ისე გჭირდება.

 

ქალთა მზერა / Women’s Gaze

 

ფემინისტური ორგანიზაცია ქალთა მზერა არა მხოლოდ გენდერული ნიშნით ქალების შევიწროვებაზე და სოციალურ საკითხებზე იმაღლებს ხმას, არამედ სექსუალური განათლების აუცილებლობაზეც გვიყვება და ეხმაურება ისეთ თემებს როგორიცაა: გარდატეხის ასაკი, ქალიშვილობა, ვულვისა და პენისის მრავალფეროვნება, სექსუალური შევიწროვება და სხვა.

Women’s Gaze შეგიძლია ფეისბუქზეც ჩასქროლო და შემეცნებით ვიდეოებსაც გადაავლო თვალი.

 

ჩემი კალენდარი - ბონუსად

 

“ჩემი კალენდარი” ქართული აპლიკაციაა, რომელიც ქალებს ეხმარება თვალი ადევნონ თავიანთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Play Store-დან. 

აპლიკაცია ჩამოტვირთვისთანავე გისვამს რამდენიმე კითხვას მენსტრუაციასთან დაკავშირებით და გაწვდის დამატებით ინფორმაციას მენსტრუალური გამონადენის, პრემესნტრუალური სინდრომისა და ციკლის ხანგრძლივობის შესახებ. 

კითხვებზე პასუხის შემდეგ კი შეგიძლია აკონტროლო ციკლის რეჟმი და ინფორმაციის ველში არა მხოლოდ მენსტრუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ სხვა რეპროდუქციულ თემებსაც გაეცნო.