"სამართალი" - კვადრატული 100 დოლარად

27 აპრილი 2022

გუშინ ჩემს თეთრ კედებში პრაიდის ცისარტყელას თასმები გავუყარე და ის ამბავი გამახსენდა 5 ივლისს მაკდონალდიდან გამოსულ გოგოს დედამისთან ერთად, ჩანთაზე დამაგრებული პრაიდის პინის გამო რომ სცემეს.  მაშინ პოლიცია სად იყო არ ვიცი, ეგენი ჰო მარტო ანტიბიძინურ პოსტერებზე იგეშებიან.

 

ჩემი აჭრელებული კედების შემყურეს გამიელვა მეც ვინმე ორკი არ წამოვიკიდო მეთქი, თან არც ახლა ვიცი სად არის პოლიცია და რამდენად უნდა მქონდეს მისი დახმარების იმედი, პირველ რიგში როგორც ქალს, მეორე რიგში კი როგორც საქართველოს მოქალაქეს.


მე თუ ვინმე მკითხავს 1-დან 10-მდე რამდენად კმაყოფილი ხარ პოლიციის მუშაობითო, ვეტყვი, რომ კმაყოფილების არც ერთი მილიმეტრი არ მოიძებნება ჩემი შეფასების შკალაზე. ჩემგან განსხვავებით პოლიციისადმი კმაყოფილება 1500 გამოკითხულიდან 975-მა დაადასტურა. ალბათ არც აქციებზე მდგარან, არც საპროტესტო ბანერი სჭერიათ ხელში და დიდი ალბათობით არც ქეჩოთი ჩაუტენიათ რომელიმე მანქანაში. ყურებითაც ალბათ მარტო “იმედს” უყურებენ.


ცოტა ხნის წინ პრემიერმა გვახარა ჯიქიაზე პოლიციელების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, სადაც კვადრატულ მეტრს 100 დოლარად შეიძენენ, დანარჩენს სახელმწიფო დაფარავსო.


 

სახელმწიფო ანუ ჩვენ.
 


ქვეყანაში სადაც  ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბეს ებრძვის, 300 ათასზე მეტი ადამიანი კი უმუშევარია, 350 მილიონი უნდა დაიხარჯოს პოლიციელების საცხოვრებელი კომპლექსისთვის. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი რეალობა იმ ჰოლივუდურ დრამას საერთოდ არ ჰგავს, სადაც პოლიციელები კეთილი ბიძიები არიან და სამართლიანობისა და ხალხის უსაფრთხოებისთვის სახეს იძრობენ, ჩნდება კითხვა: რით დაიმსახურეს ჩვენმა “სამართალდამცავებმა” 350 მილიონი იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან, გაძვირებული გადასახადებით ვავსებთ?


იქნებ იმით, რომ სამტრედიელ ახალგაზრდას მოსაწევის გამო თავი მოაკვლევინეს.

იქნებ იმით, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს ჩოლოიანი მიუქსიეს და იმასაც თავი მოაკვლევინეს.

იქნებ იმით, რომ გავრილოვს დამცავი ალყა შემოარტყეს.

იქნებ იმით, რომ 5 ივლისს ჟურნალისტები ორკებს აცემინეს.

იქნებ იმით, რომ რამდენიმე დღის წინ ნარკოფაშიზმით ადამიანი მოკლეს.

 


ან იქნებ იმით, რომ ცხოვრებაში არც ერთხელ არ დაფიქრებულან რა არის სამართლიანობა, რისთვის დგანან ქვეყნის სამსახურში, ხალხისთვის თუ იმ ხელისუფლებისთვის ახლა რომ 100 დოლარად გადაუგდებს ბინებს, ისევ წარბშეუხრელად, მოყვარის მიმართ მტრულად, მონურად და ლაჩრულად რომ გვცემონ, დაგვარბიონ, დაგვაშინონ, თავი მოგვაკვლევინონ ან შემთხვევით შემოვაკვდეთ.