OMG

საკუთარი თავის სიყვარული, ანუ მასტურბაცია

8 ივნისი 2021

 

შესავალი

ჩვენ ვცხოვრობთ მასტურბაციის ოქროს ხანაში, ხანაში, სადაც საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭება მაინცდამაინც სოდომთან და გომორთან აღარაა იდენტიფიცირებული, შესაბამისად ადამიანების და არამარტო ადამიანების ინტიმურ ცხოვებაში საკმაოდ დიდ როლსაც თამაშობს. მიუხედავად ამისა, მასტურბაცია გარკვეულ შემთხვევებში ადამიანებს მაინც ლუზერების იარლიყს აწებებს და სოციუმი მათ აღიქვამს ადამიანებად, რომლებიც უბრალოდ უუნარონი აღმოჩნდნენ ეპოვათ პარტნიორი და საკუთარი მარჯვენა ხელის (გარკვეულ შემთხვევებში მარცხენის) განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ბევრი მითი უკავშირდება მასტურბაციას, როგორებიცაა თმიანობის მატება, გენიტალიების ზომის რამდენამდე შემცირება და სხვა. ჩემი მიზანია ამ გარკვეულწილად ტაბუდადებული თემის ბიოლოგიური ასპექტების მიმოხილვა, მასტურბაციის დადებითი და უარყოფითი ეფექტებისა და შესაძლო შედეგების წარმოჩენა და უბრალოდ იმის ჩვენება, რომ  საზოგადოებაში სტერეოტიპულად დამკვიდრებული, ამ “სამარცხვინო” პროცესის და პერსონის წყალწაღებულობასთან გაიდენტიფიცირებული „მექანიზმის“ ბიოლოგიური პერსპექტივა რადიკალურად განსხვავებულია.

მასტურბაციის ბენეფიტები კაცებში

მართლაც, რა არის მასტურბაცია, თუ არა ბუნებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი? მასტურბაციას ხანგრძლივი ბიოლოგიური ისტორია აქვს. დაწყებული ადამიანის უახლოესი წინაპრებიდან არაერთი ცოცხალი ორგანიზმი მასტურბირებდა და მასტურბირებს, მათ შორის ძაღლები, დელფინები, ცხენები, ციყვები და  სელაპებიც კი. ისინი მასტურბირებენ იმიტომ, რომ მათში მოხდა მასტურბაციის მოთხოვნილების პროგრამირება, რაც განაპირობა მამრებში სპერმის განახლების საჭიროებამ და ზოგადად იმანაც, რომ ცხოველებსაც გააჩნიათ უნარი უყვარდეთ საკუთარი თავი იმ დოზით რა დოზითაც ადამიანებს უყვართ, ანუ სიამოვნების მიღების სურვილი ცხოველებშიც არსებობს და თანაც არსებობს იმ დონეზე, რომ მათაც ისწავლეს საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭების გზა.

ადამიანებიც ზუსტად ასევე არიან პროგრამირებულნი, მაგრამ ადამიანის მასტურბაციას თან ახლავს ყველასგან განსხვავებული უნიკალური რეპროდუქციული ბენეფიტი. კერძოდ, 1992 წელს ბრიტანელმა რობინ ბეიკერმა და მარკ ბელისმა შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის, თუ რატომ შეიძლება იყოს მასტურბაცია მამაკაცისითვის სასარგებლო პროცესი. მათი თეზისი ერთ მარტივ ბიოლოგიურ ფაქტს ემყარება, კერძოდ იმას, რომ სპერმა დროთა განმავლობაში „ძველდება“. მასტურბაციის პროცესს კი თან ახლავს დაძველებული სპერმის უჯრედების გამოყოფა.

ზოგადად სპერმული უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს შექმნიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, შესაბამისად მასტურბაციის პროცესი სპერმის განახლებისა და რეპროდუქციული უნარების შენარჩუნების საკმაოდ კარგი გარანტორი გახლავთ, ვინაიდან იგი ასე ვთქვათ, ადგილს ათავისუფლებს ახალი სპერმის უჯრედების წარმოქმნისათვის. საინტერესოა ბეიკერისა და ბელისის თეორიის ექსპერიმენტული დადასტურება. დაკვირვევები მიმდინარეობდა 30 ჰეტეროსექსუალ წყვილზე, სექსუალური კავშირის შემდეგ აგროვებდნენ ქალის ორგანიზმიდან გამოყოფილ სპერმას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იმ წყვილების შემთხვევებში, როდესაც მამაკაცი მასტურბირებდა სექსუალური კავშირის დამყარებამდე თავის პარტნიორთან, კავშირის შემდეგ გამოყოფილი სპერმა ნაკლები იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ სპერმის სიჯანსაღე აშკარად იზრდებოდა და ძლიერდებოდა. ამგვარად, „სპერმის შეჯიბრებითობის“ თეორია ერთ-ერთი ყველაზე მყარი არგუნეტია მამრებში მასტურბაციის ევოლუციური მიდგომის დასასაბუთებლად.

აქვე საგულისხმოა კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი. მკვლევარები აკვირდებოდნენ მამაკაცის სისხლს, რომელიც მასტურბირებდა და ორგაზმს განიცდიდა და ადარებდნენ იმ მამაკაცის სისხლის მდგომარეობასთან, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში ორგაზმი არ ჰქონდა განცდილი. კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცების, რომლებიც მასტურბირებდნენ, ჰქონდათ უფრო მეტად ძლიერი და ჯანსაღი იმუნური სისტემა, ვინაიდან მათ სისხლში ლეიკოციტების და უჯრედების ბუნებრივი „მკვლელების“ რაოდენობა იზრდებოდა. ასევე კვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ იმ მამაკაცებში, რომლებიც აქტიურად განიცდიდნენ ორგაზმს სიკვდილიანობის რისკი სხვებთან შედარებით 50%-ით ნაკლები იყო. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ რეგულარული ორგაზმი გულის გამართულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ხოლო მასტურბაცია კი რეგულარული ორგაზმის მიღწევის საკმაოდ კარგი საშუალებაა. მასტურბაციას კიდევ ერთი სამსახურის გაწევა შეუძლია მამაკაცებისათვის. კვლევები მოწმობს, რომ რეგულარული ევაკულაცია ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს, მაგრამ ჯერჯერობით ნათელი წარმოდგენა არ არსებობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ასე.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროსტატის კიბოს რისკი შემცირდა დაახლოებით 20%-ით იმ მამაკაცებში, რომლებიც ევაკულაციას განიცდიდნენ თვეში დაახლოვებით 21-ჯერ. ასევე, ავსტალიაში ჩატარებულმა კვლევამაც იპოვა კავშირი რეგულარულ ევაკულაციასა და პროსტატის რისკის შემცირებას შორის 2003 წელს. მაგრამ ჩვენ სექსისტები ვერ ვიქნებით, და მასტურბირების აუცილებლობას მხოლოდ მამაკაცების ფიზიოლოგიით ვერ გავამართლებთ, ამიტომ საინტერესოა თუ ქალების მასტურბაციას ცალკე ასპექტად განვიხილავთ და ერთგვარ გენდერულ ბალანსს შევინარჩუნებთ ქალისა და მამაკაცის მასტურბაციის შედეგად მიღებულ ბენეფიტებს შორის.


მასტურბაციის ბენეფიტები ქალებში

შეიძლება ბევრს გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდეს და ამ ინფორმაციამ ბევრის სათუთი ეგოც შეურაცყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მამაკაცების მსგავსად ქალების საკმაოდ აქტიურად მასტურბირებენ. ამერიკული კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა 2010 წელს, ამბობს, რომ კაცების 95% და ქალების 85% მასტურბირებს. და რას უწყობს ხელს ქალების მასტურბაციის პროცესი? მასტურბაციის დროს, ქალის ორგანიზმიდან გამოიდევნება უამრავი ბაქტერია, ინფექციის გამომწვევი და ორსულობის დამაბრკოლებელი სუბსტანცია. მასტურბაცია ქალებს მენსტრუალური ტკივილების დაძლევაში ეხმარება.

ქალების მასტურბაციაზე საუბრისას კიდევ ერთი ასპექტი გამოიყოფა და ეს გახლავთ ორსულობა. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი განუწყვეტლივ იცვლება, ამ დროს ხშირად სექსუალური ლტოლვა იზრდება, შესაბამისად, ფეხმძიმობის დროს მასტურბაცია არის უსაფრთხო გზა სექსუალური წნეხისგან განსათავისუფლებლად. შეიძლება, ერთი შეხედვით, მასტურბაციის ფიზიოლოგიური ბენეფიტები ქალებისთვის მამაკეცებთან შედარებით ნაკლებად სპეციფიკურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ევოლუციურ კონტექსტში ქალის მასტურბაცია კაცის მასტურბაციის მნიშვნელობის ექვივალენტურია, ვინაიდან მასტურბაცია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და დაფეხმძიმების შემთხვევაში ეხმარება ქალს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


მასტურბაციის უარყოფითი ასპექტები

მთელი ამ დროის განმავლობაში, მე საკუთრივ მასტურბაციის უპირატესობებსა და ღირსებებს განვიხილავდი, მაგრამ ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ შესაძლო უარყოფით მხარეებსაც შევეხები, რომ ჩემი მსჯელობა მედალიონის მხოლოდ ერთი მხარის გამოაშკარავებას და მეორე მხარის მიჩქმალვას არ დაესმგავსოს. როგორც უკვე აღვნიშნე, მასტურბაცია მამაკაცებში სპერმის განახლების გარანტორია, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ამას უყურებს, როგორც ბიოლოგიური პოტენციალის ფლანგვას. ამ აზრის განვითარება შემდეგნაირია: ის ნივთიერებები, რომელთაც ჩვენი სხეული აწარმოებს, მაღალი ბიოლოგიური პოტენციის მატარებელია. სპერმის კონსისტენციის მისაღებად ორგანიზმს დიდი რესურსების მობილიზება უწევს. სპერმა შეიცავს ისეთ ჰორმონებს, რომელთაც სასიცოცხლო ადგილი უჭირავთ ადამიანის ორგანიზმში. ეს რეპროდუქციული მატერია ბიოლოგიური განვითარების პროცესის მამოძრავებელი ძალაა. გენეტიკურად, სწორედ ეს მატერია ანიჭებს ემბრიონს სქესს.

ათლეტებმა იციან ჰორმონების „ღირებულება“ და როგორც წესი, სექსისგან და მასტურბაციისგან თავს იკავებენ, ვინაიდან საკუთარ პოტენციალს ასპარეზობას ახმარენ. სწორედ ამგვარი მიდგომაა მიზეზი ვეტერიანარიაში ცხოველების კასტრაციისა, ვინაიდან ამგვარი ქმედებით ცხოველები უფრო მორჩილები ხდებიან. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მასტურბაციის სიხშირე იწვევს ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული ნივთიერებების კარგვას ორგანიზმიდან, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს აქვს უნარი აღადგინოს ეს ნივთიერებები, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ აღდგენაზე დიდი რესურსი და ძალისხმევა იხარჯება. გარდა ამისა, აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ მასტურბაციის პროცესი საგრძნობლად ღლის ორგანიზმს, ისევე როგორც სხვა ფიზიკური დატვირთვა, შესაბამისად მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ მასტურბაციის შედეგად ბიოლოგიური პოტენციალის კარგვის ნაცვლად, უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ ის სხვა უფრო პროდუქტიულ აქტივობებს მოხმარდება.

მიუხედავად მასტურბაციის ამ უარყოფითი ასპექტებისა, რომელთა უარყოფითობა ალბათ უფრო განსჯის საგანია, ვიდრე ჭეშმარიტი მოცემულობა, მაინც უნდა ითქვას, რომ მასტურბაციისა და ევაკულაციის შედეგად ჰორმონების ერთგვარი „კოქტეილი“ გამოიყოფა ორგანიზმში, რომელთაგან აღსანიშნავია დოფამინი და ოქსიტოცინი, სწორედ ამ ჰორმონების დამსახურებაა სიამოვნების შეგრძნება და ასევე ეს ჰორმონები ხელს უწყობს ტკივილის ბლოკირებასაც. ასევე, მასტურბაციის დროს განცდილი ორგაზმი ამცირებს სტრესს, სისხლის წნევას და ტკივილს, ხელს უწყობს ძილის პროცესს, ხსნის კუნთების დაჭიმულობას, ასევე ზრდის თვითდაჯერებულობასაც.


დამოკიდებულების გაჩენის რისკი

ორიოდ სიტყვა უნდა ითქვას მასტურბაციისადმი დამოკიდებულების გაჩენის რისკფაქტორზეც. ნებისმიერ სახის სიამოვნების მომგვრელი სტიმულაცია შესაძლებელია დამოკიდებულების გაჩენის რისკის მატარებელი იყოს, და ამ მხრივ არც მასტურბაცია გახლავთ გამონაკლისი. რეგულარულმა მასტურბაციამ შეიძლება ისეთივე დამოკიდებულება გამოიწვიოს, როგორსაც ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მოწევა და აზარტული თამაშები იწვევს. მართლაც, რა ჯობია როდესაც სიამოვნებას იღებ მაშინ როდესაც გინდა და ამისათვის სხვა ადამიანთან ურთიერთობა სულაც არ არის აუცილებელი წინაპირობა. სოციოპათი ადამიანებისათვის იდიალური გამოსავალი უნდა იყოს, ვგონებ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მასტურბაცია, ისევე როგორც სხვა სტიმულაციები ბიოქიმიური პროდუქტის დისბალანსს იწვევს ტვინში, საქმე იქამდეც მიდის, რომ სხეულს უყალიბდება ბიოლოგიური დამოკიდებულება მასტურბაციის შედეგად ორგანიზმში გამოყოფილ ნივთიერებებზე, ამიტომაც ჩნდება მასტურბაციის რეგულარული სურვილი.

ცხოველების მასტურბაცია

ბოლო თემა, რომელსაც მინდა რომ შევეხო, ეს გახლავთ მასტურბაციის პროცესი ცხოველებში. პრობლემა ისაა, რომ მე არ გახლავართ შარლ ბონესეული იდეების მატარებელი, რომ ადამიანი ყველაზე აღმატებულ არსებად მიმაჩნდეს, თანაც ვფიქრობ, ცხოველებში არსებული მასტურბაციის პროცესი ერთგვარი დემონსტრირება იქნება იმისა, რომ მასტურბაცია ნამდვილადაა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი და არა ადამიანების მიერ გამოგონილი სიამოვნების მიღების მარტივი საშუალება. ყველა ცხოველის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ, რომლებიც მასტურბირებენ, ვინაიდან მათი სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ძალზედ საგულისხმოა მასტურბაცია წყლის იგუანებში, რომელიც შესაძლოა ხსნიდეს კიდეც მასტურბაციის ევოლუციური დანიშნულების ჰიპოთეზას. საინტერესოა როგორია გამრავლების პერიოდი წყლის იგუანებში.

მასტურბაცია, როგორც "ბიოლოგიური კოდი"

მარტივად აგიხსნით. წარმოიდგინეთ თურქეთის ძლევამოსილი სულთანი, რომლის სექსუალური ფეტიში არის პლანეტის ყველა ლამაზი მდედრების შეგროვება, სწორედ ამიტომ იგი უზარმაზარ ჰარემს განაგებს. სწორედ ასეთია წყლის იგუანების გამრავლების პერიოდის ვიზუალიზაცია. ყველაზე ძლევამოსილ მამრ ინდივიდებს ჰყავთ მდედრი იგუანების უზარმაზარი ჰარემი. პრობლემა ისაა, რომ შედარებით სუსტი მამრი ინდივიდები იჩაგრებიან, ვინაიდან ეზღუდებათ საკუთარი გამრავლების უნარის გამოყენების პროცესი. თუმცაღა, ზოგიერთი ასეთი სუსტი, მაგრამ გაიძვერა მამრი მაინც ახერხებს მდედრთან სექსუალური კავშირის დამყარებას, ოღონდ იგი დროშია შეზღუდული, ვინაიდან თუ ჩემ მიერ ხსენებულმა „დიდმა სულთანმა“ იგუანმა მოუსწრო, მაშინ იგი ვეღარ შეძლებს ამ პროცესის დასრულებას. მაგრამ ეს, ერთი შეხედვით სუსტი მამრი იგუანები იმაზე უფრო ცბიერები არიან, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თან დიდ შოთას უთქვამს, სიყვარულო ძალსა შენსაო, შესაბამისად მათზე დაკვირვების პროცესში აღმოჩნდა, რომ ისინი წინასწარ „ემზადებოდნენ“ მდედრთან შესაჯვარებლად, ანუ მასტურბირებდნენ და მასტურბაციის შემდგომ ამყარებდნენ მდედრთან სქესობრივ კავშირს, შედეგად გამრავლების პროცესი წარმატებითაც სრულდებოდა და ამ ყველაფერს გაცილებით ნაკლები დროც სჭირდებოდა.