საღეჭი განთიადები უშაქროდ

19 მაისი 2021

 

გეტოების მოგუგუნე კორპუსებს რომ დაუკვირდე, შეუძლებელია ფიქრი აკრძალულ ზონაში არ გაგექცეს და სირენების მიერ მონიშნული საზღვრები თავხედურად არ გადაკვეთოს. მერე რა, რომ უკვე დიდი ხანია შენი ცხოვრებიდან გააქრე ნაცრისფერი, ანდაც შენს უღრუბლო ცას უყოყმანოდ მოკვეთე თავი. შენ მაინც გისრუტავს ქარის ნაზი რხევა, რომელიც არა თმას, არამედ ისედაც ქარიშხლიან ფიქრებს ოქროს კომპასივით ატრიალებს და თავბრუდახვეულ ესკიმოსს იძულებულს ხდის მიატოვოს მისი დიდი ოჯახი და დროებით მარსზე ეძებოს ბინა ხელსაყრელ ფასად. უკვე მერამდენედ თენდება ყოველდღიურობის რუტინულ რეჟიმში, ფერიც კი არ მოდის ახალი. არადა, რა უცნაურია დამტვრეული „ვაიბებით“ თბილისის ქუჩებში ბოდიალი და გაიძვერა ფოთლებთან ფეხით თამაში.

შენ უბრუნდები ბავშვობის სანატრელ სურათს და ხვდები, რომ ვერც ერთი პიროვნება ვერ შეგიცვლის ბასას, რომელიც იყო ქროლვა შენი სულისა და მოულოდნელი ექსტრემის ლურჯი გამოძახილი. ნათება ისრუტავს შენს ჭიანჭველასავით მსუბუქ და ერთგულ სხეულს და უკვე მერამდენედ, მეოთხე განზომილებაში ხვდები. საგულისხმოა, რომ ავეჯის ადგილმდეობარეობა არასდროს იცვლება, მაგრამ სტუმართმოყვარე და უჩინარი მასპინძელი ყოველთვის გახვედრებს შეცვლილ ფერებს, რომლებიც შენი არაბიოლოგიური ცვლილებების მიზეზები ხდებიან. გერღვევა ორიენტაცია და თავს იმ პეპლებით ინუგეშებ, რომლებიც შენი ცხოვრების ლაქად ქცეულან. ლაქები ტივტივებენ უსაზღვრო ოკეანის ზედაპირზე და მათი კივილი სირინოზების სიმღერას გაგონებს. გემები კი, ადგებიან საზღვრებს და თითქოს ძალდატანებით ისეთი ძალით ეხეთქებიან ნაპირებს, რომ მაშინვე უკან ისვრიან საკუთარ დაჟანგულ სხეულებს. ფოტოსინთეზის პროცესი უკვე აუტანელიც კი ხდება და შენი ნებართვის გარეშე, დაორთქლილ ფანჯრის მინებს მეგაპოლისებში მიყავხარ. აი, უკვე ხედავ იაპონურ თოჯინებს და მალე საკურაც აყვავებას იწყებს!

ზურა ჯიშკარიანის რომანი „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ავიცენასა და აქვინელის იდუმალ მეგობრებს გულგრილს არ დატოვებს, რადგან წიგნის გემოდ უცვლელად რჩება მენთოლიანი საღეჭი რეზინა უცნაურ ჩაისთან და სადღაც ნაპოვნ სიგარეტის უკანასკნელ ღერთან ერთად, რომლის ფონად მეცხრე სიმფონია გაისმის და უკიდეგანობის დირიჟორად მაჰათმა განდი გვევლინება. საერთოდ, რა საჭიროა იყო ნეონის ნათურათა მადევარი, მანამ სანამ „ფილოსოფოსები არ გახდებიან მეფეები“. გასაკვირი არცაა, რომ პლატონიც ღიმილიანი სახით დაგვცქერის და ჩვენთან ერთად გადააქვს დაუსრულებელი განთიადები, რომლის საუნტრეკი დროებით ბახმა შეცვალა. არაფერია, ნუ შეგეშინდებათ! ვაგნერი და შუბერტი ფლეილისთის არევით ერთობიან და იქნებ, ჩვენც გადაგვიყვანონ ახალ, კუბურ დიზაინში.

ციფრულ ტექნოლოგიებს თან ახლავს ეგოსეული მოძღვრების შემსუბუქება, რომელზედაც ზურა ირიბად გვესაუბრება. წიგნში თითოეული მკითხველი იპოვის საკუთარს და განსხვავებულს, ინდივიდუალურს როგორც თითის ანაბეჭდს.. თქვენი განთიადები განსხვავებულია ყველასგან, მაგრამ ყოველივე მათგანს გააჩნია ერთი საერთო წერტილი, როგორც სამკუთხედში მედიანათა კვეთა. იქნებ, შეფარდებები განსხვავებულია, მაგრამ ღმერთმა უწყის წინ კიდევ რაოდენი სიამოვნება ელის ახლადაღორძინებულ გონებებსა და დაბინდულ აზროვნებას.

ზურა ტრადიციულად არღვევს სტანდარტებს და თითქოს საკუთარ წიგნს ორ ისტორიად წარმოგვიდგენს, რომელთა გადაბმაც იმ სანუკვარი მატარებლის რელსებივით ხდება, შიგადაშიგ წყვდიადში რომ იკარგებოდა. ვინ იცის რატომ გაჩერდა მატარებელი, მაგრამ იმის დადგენა კი ნამდვილად შეგვიძლია თუ რაზე გვესაუბრებიან ღამეული თოჯინები- ვარსკვლავები.

აი, ასე კლასიკურად გადავდივართ თბილისის გარეუბნული ქუჩებიდან მეტად სანუკვარ გეტოთა მექაში, რომლის საოცარი ქვეწყობა იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ გვტოვებს, რომ ჩვენც გვიჩნდება სურვილი ვიყოთ ერთ-ერთი კიბორგთაგანი. ამ ყოვლისმომცველ რომანში მომავლის წითელ უბანსაც ვიპოვით და ბაირამობაზეც გაცილებით მეტს გავიგებთ, ვიდრე აქამდე გვსმენია. ნაწარმოებში ერთმანეთს ერწყმის მეორედ მოსვლის, კიბერნეტიკული სფეისის, სიმამაცისა და დაუსრულებელი სიყვარულის ციკლები, რომლებიც მართლაც „ბნელი ოდისევსის“ გვირაბებს მოგვაგონებს. ნამდვილი მეომრის რჩევა კი იქნება, რომ მოიმარჯვოთ კატანები; ნეონის ფანრები და საღეჭი განთიადებით ხელში შეუდგეთ ზურას არაორდინალურ შედევრს, რომლის ფონსაც „kaya mango” დაგიმშვენებთ. დასასრულის საწყისით მოგვრილი სიამოვნება კი თქვენსა და თქვენი უსაზღვრო ცნობიერების ხელთაა...