სად მოვუსმინოთ ცოცხალ მუსიკას?

21 მაისი 2022

თუ ამ ბლოგის წასაკითხად გადმოინაცვლე, ესეიგი ნამდვილი მელომანი ყოფილხარ და რადგან კოვიდის ნიადაგზე დახურული ბარების ისტორია წარსულს ჩაბარდა, შეგიძლია მართლა კარგ მუსიკას უკვე ლაივშიც ეზიარო. ღმერთი, რჯული, მსგავსი ადგილების რაოდენობა თბილისში უფრო და უფრო იმატებს, ამიტომ ამ სიას თუ გულდასმით შეათვალიერებ, შენი გემოვნების შესაბამის ადგილს აუცილებლად იპოვი.
 



1984

მოდი, დავიწყოთ ჯაზით. 1984 ამ ამბავში ჩემი ფავორიტია, რადგან კვირის ნებისმიერ დღეს ისეთი ქართველი მუსიკოსების მოსმენა შეგიძლია, როგორებიც არიან: რეზო კიკნაძე, ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე და ა.შ. თუ ძალიან გაგიმართლა შეიძლება მაია ბარათაშვილის ან ნინო ქათამაძის შესრულებასაც დაესწრო. ლაივები საღამოს 7 საათისთვის იწყება, ბილეთების ფასი კი დაახლოებით 30-40 ლარია და კარზე იყიდება ხოლმე, მაგრამ ისიც იცოდე, რომ ბარი არცისე დიდია, შესაბამისად ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და თუ წასვლას გადაწყვეტ მაგიდის დაჯავშნა წინასწარ მოგიწევს.

 



შინ.აურა

თუ 1984-ში ადგილები დაჯავშნილი დაგხვდა, შემდეგი გაჩერება შინაურაა. ზემოთ რომ მუსიკოსები ჩამოგითვალე, ზოგიერთს აქაც შეხვდები. თან თუ ქართული რეტრო მუსიკა გიყვარს, ამ ბარში თამთა ცხვიტავასაც შეგიძლია მოუსმინო. რადგან ლაივებზე დასწრება უფასოა, შეგიძლია თანხა სხვადასხვა გემრიელი კერძების და სასმელების დაგემოვნებაში გაფლანგო.



 

Prinz Tbilisi

ბლოგი რომ სუბიექტური არ გამომივიდეს, ელექტრონულ მუსიკაზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა. თუ ეს ჟანრი გიყვარს და შუა კვირაში წაცეკვება მოგინდა, ეს მართლა იდეალური ადგილია. აქ შეგიძლია კვირის ნებისმიერ დღეს სხვადასხვა არტისტს მოუსმინო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მრავალფეროვან არტისტებთან ერთად კიდევ უფრო მრავალფეროვანი ვეგეტარიანული სამზარეულო დაგხვდებათ. თან ბარში შესვლა უფასოა.


 

MacLaren’s Irish Pub

და ბოლოს, თუ აქამდე “იმ ერთადერთს” კიდევ ვერ მიაგენი, მაშინ იქნებ პაბის იდეა უფრო გხიბლავს? როკის, ბლუზის და როკენროლის მოყვარულებისთვის, ჩემი აზრით, მაკლარენზე გემრიელად მოსაჯდომ ადგილს ვერ ნახავთ. ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი კლასიკური პაბი. ძალიან, ძალიან გემოვნებიანი მუსიკით, ბეეევრნაირი ლუდით და ხორცეულობით.